საჭადრაკო ოლიმპიადა: ქალთა გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა, ჯობავამ ტოპალოვს აჯობა

AutoSharing Option
5 სექტემბერს, ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.

წინა სამ ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ორი შეხვედრა მოიგო და ერთიც ფრედ დაამთავრა. გუშინ ჩვენებს მეტოქედ ერგო ბულგარეთის ძლიერი ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ელიტის წევრი ვესელინ ტოპალოვი (2768) უდგას სათავეში.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ბულგარელი დიდოსტატი ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც ოთხი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული, 2002 წელს იგი პრეტენდენტთა მატჩის ფინალში გავიდა და იქ უნგრელ პეტერ ლეკოსთან დამარცხდა. სამი წლის შემდეგ არგენტინის ქალაქ სან ლუისში ვესელინმა მატჩტურნირი მოიგო და ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი
გახდა. 2009 წელს პრეტენდენტთა მატჩში სძლია ამერიკელ გატა კამსკის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ინდოელ ვიშვანათან ანანდის შეხვდა, მაგრამ მე-12 რაუნდის ორთაბრძოლა დათმო, მატჩი წააგო 5.5:6.5 და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

აი, ასეთი მეტოქე ჰყავდა ბაადურ ჯობავას გუშინ პირველ დაფაზე. ქართველმა დიდოსტატმა თეთრი ფიგურებით 30-ე სვლისთვის აშკარა უპირატესობას მიაღწია, მაგრამ რვა სვლის შემდეგ მეტოქეს პოზიციის გათანაბრების შანსი მისცა. ბულგარელმა ეს ვერ გამოიყენა - მე-40 და 41-ე სვლებში შეცდომები დაუშვა, 42-ე სვლაზე კი საათი გააჩერა და ჯობავას გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს მეორე ქულა შავი ფიგურებით მოთამაშე მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა - მეორე დაფაზე მომჩილ ნიკოლოვს სძლია.

ლევან ფანცულაია და თორნიკე სანიკიძე, შესაბამისად, ვალენტინ ლოტოვსა და კრასიმირ რუსევს დაუზავდნენ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო და გათამაშების ცხრილში მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

IV ტური
უკრაინა-რუსეთი 2.5:1.5
ინდოეთი-კუბა 2.5:1.5
აშშ-ჩეხეთი 2:2
რუმინეთი-აზერბაიჯანი (1) 1:3
ჩინეთი-იტალია 3:1
ინგლისი-ჰოლანდია 0.5:3.5
ბელორუსი-ლატვია 2.5:1.5

ოთხი ტურის შემდეგ: ჩინეთი, აზერბაიჯანი (1), ჰოლანდია, ინდოეთი, ბელორუსი, უკრაინა - 8-8, აშშ, ჩეხეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, საქართველო, მონღოლეთი - 7-7 ქულა.

V ტური
უკრაინა-ჩინეთი
ჰოლანდია-ბელორუსი
სერბეთი-აშშ
აზერბაიჯანი (1)-ინდოეთი
სლოვენია-ჩეხეთი
ესპანეთი-საქართველო

ჩვენი ქალთა ნაკრები მე-4 ტურში დაბალი რეიტინგის მქონე ეგვიპტის გუნდს დაუპირისპირდა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ იოლად აჯობა ეგვიპტელთა ლიდერ ხალედ მონას. მეორე ქულა გუნდს ლელა ჯავახიშვილმა მოუტანა, რომელმაც შავებით შჩუკ ვაფას მოუგო. ბელა ხოტენაშვილმა თეთრებით ამინა შერიფი დაჯაბნა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა ემან ელანსარი დაამარცხა.

ამ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა უნგრეთისა და წინა სამი ოლიმპიადის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა. მატჩის ბედი პირველ დაფაზე თეთრებით მოთამაშე ჰოანგ თან თრანგისა და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის ორთაბრძოლას უნდა გადაეწყვიტა.

ჰოანგმა აშკარად უკეთეს პოზიციაში 69-ე სვლაზე უხეში შეცდომა დაუშვა და რუს დიდოსტატს პარტიის გადარჩენის შანსი მისცა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა 2.5:1.5 გაიმარჯვეს.

IV ტური
უკრაინა-საფრანგეთი 3.5:0.5
ინდოეთი-ისრაელი 2:2
აზერბაიჯანი (1)-რუმინეთი 2:2
ლიტვა-ყაზახეთი 1.5:2.5
ლატვია-ჩინეთი 1.5:2.5
ვიეტნამი-ესპანეთი 2.5:1.5
ბოსნია-აშშ 1.5:2.5

ოთხი ტურის შემდეგ: უკრაინა, სერბეთი, რუსეთი, ყაზახეთი - 8-8 ქულა, 8 ქვეყანას 7-7 ქულა აქვს. საქართველო 6 ქულით 21-ე ადგილზეა.

V ტური
სერბეთი-უკრაინა
რუსეთი-ყაზახეთი
ისრაელი-რუმინეთი
აზერბაიჯანი (1)-გერმანია
ვიეტნამი-ინდოეთი
ჩინეთი-იტალია
პერუ-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული