საჭადრაკო ოლიმპიადა: ვაჟთა ნაკრებმა მეოთხეზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
ბაქოში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მე-6 ტურში აზერბაიჯანის ქალთა საშუალო დონის გუნდთან ფრე არ გვქონდა მონელებული, მეშვიდე ტურში ტიტების ქვეყანაში გათხოვილმა თეა ლანჩავამ (რეიტინგი 2258) ცეცხლზე ნავთი წაგვიმატა - მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილი (2463) დაამარცხა და ჰოლანდიის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

დანარჩენი შეხვედრები ყაიმით დასრულდა - დაზავდნენ ჟაოფინ პენგი (2368)-ნანა ძაგნიძე (2522), ანე ჰაასტი (2306)-ლელა ჯავახიშვილი (2486), ანა-მაია კაზარიანი (2231)-სალომე მელია (2419).

ამავე ტურში რუსეთი და პოლონეთი მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს, ჩინეთმა ქულით აჯობა უკრაინას, ამერიკამ - რუმინეთს, აზერბაიჯანის პირველმა გუნდმა ინდოეთს სძლია.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა სატურნირო მდგომარეობა მე-8 ტურში გამოასწორა - არგენტინელებს აჯობა: პირველ-მეორე დაფებზე ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი, შესაბამისად, კაროლინა ლიხანსა და მარისა ზურელს შეუთანხმდნენ ყაიმზე, ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა კი მარია ფერნანდესი და აილენ მარტინესი დაამარცხეს.

მე-8 ტურში ამერიკელებმა რუსებს მოუგეს - 2.5:1.5, ასეთივე ანგარიშით პოლონელებმა ჰოლანდიელებს სძლიეს, ჩინელებმა მასპინძელთა პირველი ნაკრები დაჯაბნეს - 3.5:0.5, ხოლო უნგრელები და უკრაინელები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

გუშინ, 11 სექტემბერს, მე-9 ტურში ჩვენმა ქალთა ნაკრებმა კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა - თურქმენეთი დაამარცხა, 3:1 (ნანა ძაგნიძე-მაჰრი გელდიევა 0.5:0.5, ჯამალ ოვეზდურდიევა-ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი-გოზალ ატაბაიევა 1:0, ბაჰარ ჰალაევა-ნინო ბაციაშვილი 0:1)

IX ტური
აშშ-ჩინეთი 1.5:2.5
ისრაელი-პოლონეთი 0.5:3.5
ვიეტნამი-რუსეთი 1.5:2.5
უკრაინა-აზერბაიჯანი (1) 3.5:0.5
ინდოეთი-ჰოლანდია 3:1
უნგრეთი-ბულგარეთი 2:2

ცხრა ტურის შემდეგ: ჩინეთი-16 (26), პოლონეთი-15 (28), უკრაინა-14 (25.5), რუსეთი-14 (25), ინდოეთი-14 (24), აშშ-14 (23). შვიდ გუნდს, მათ შორის - საქართველოს (26), 13-13 ქულა აქვს.

X ტური
პოლონეთი-ჩინეთი
ინდოეთი-უკრაინა
რუსეთი-საქართველო
აზერბაიჯანი (1)-კოლუმბია
საფრანგეთი-უნგრეთი

წლეულს მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავამ მე-3 ადგილი დაიკავა და მსგავს შეჯიბრებებში მოპოვებულ ვერცხლსა და ბრინჯაოს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა. მერე ყაზახეთში, ევრაზიის პირველობაზე ბლიცში იყო მესამე. იმ შეჯიბრებების შემდეგ ინტერვიუსთვის ვერ მოვიხელთე. ბაქოში გამგზავრების წინ ვუსაყვედურე - რა ძნელი სანახავი გახდი-მეთქი. გაეცინა. ევროპის ბრინჯაო რა სახსენებელია, წარმატება ბაქოში ნახე. ახლა შეგვიძლია და უნდა შევძლოთო, მითხრა.

აშკარად თავდაჯერებული ჩანდა. არადა, იცოდა, რომ პირველ დაფაზე ისეთი დიდოსტატები ეყოლებოდა მეტოქეებად, როგორებიც არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), მსოფლიოს ექსჩემპიონები - ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) და რუსლან პონომარიოვი (უკარაინა), სერგეი კარიაკინი (რუსეთი), ფაბიანო კარუანა (აშშ), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) ანიშ გირი (ჰოლანდია), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) და სხვები.

და აი, გავიდა რამდენიმე დღე და ქართველმა დიდოსტატმა შეუძლებელი შეძლო: განვლილ ცხრა ტურში რვა მეტოქეს შეხვდა და 7 ქულას მოუყარა თავი: დაამარცხა მაგამი ჩაემი (ირანი), ვესელინ ტოპალოვი, ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი), კონსტანტინ ლუპულესკუ (რუმინეთი), რუსლან პონომარიოვი, რიჩარდ რაპორტი, ხოლო ლუბომირ ფტაჩნიკსა და დავიდ ნავარას დაუზავდა. პირველ დაფაზე 3013 პერფომანსით საგრძნობლად უსწრებს უახლოეს მდევრებს.

საქართველოს ვაჟთა გუნდმა მე-7 ტურში რუმინეთს აჯობა - 3:1. ჯობავამ კონსტანტინ ლუპულესკუს თეთრი ფიგურებით აჯობა, ლევან ფანცულაიამ ბოგდან-დანიელ დიასი დაამარცხა, მიხეილ მჭედლიშვილი და თამაზ გელაშვილი, შესაბამისად, ემილიან-მირჩეა პარლიგრასა და ვლად-კრისტიან ჯიანუს დაუზავდნენ.

მე-8 ტურში ჯობავამ რუსლან პონომარიოვს გააჩერებინა საათი. სამწუხაროდ, მას მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა - მჭედლიშვილმა, ფანცულაიამ და გელაშვილმა, რომლებმაც თავიანთი პარტიები იური კრივორუჩკოსთან, ანტონ კორობოვსა და ანდრეი ვოლოკიტინთან დათმეს.

11 სექტემბერს მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა, ამჯერად უნგრეთთან - 2.5:1.5. (რიჩარდ რაპორტი-ბაადურ ჯობავა 0:1, მიხეილ მჭედლიშვილი-ფერენც ბერკეში 1:0, ზოლტან ალმაში-თამაზ გელაშვილი 1:0, თორნიკე სანიკიძე-შაბა ბალოდი 0.5:0.5)

IX ტური
უკრაინა-ინდოეთი 2.5:1.5
აშშ-ნორვეგია 3:1
ირანი-ინგლისი 2:2
აზერბაიჯანი (1)-რუსეთი 1:3
ლატვია-სლოვენია 2:2
ჰოლანდია-ჩეხეთი 1.5:2.5

ცხრა ტურის შემდეგ: აშშ-16 (26.5), უკრაინა-16 (24.5), რუსეთი-15 (27), საქართველო-14 (23.5), ჩეხეთი-14 (22), ინდოეთი-14 (23.5).

X ტური
საქართველო-აშშ
ჩეხეთი-უკრაინა
ინდოეთი-რუსეთი
ინგლისი-აზერბაიჯანი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული