საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირებზე განაწილდა

AutoSharing Option
ახალი სპორტული სეზონი ნელ-ნელა "ხურდება" და მას ჩვენი ძიუდოისტებიც მიჰყვებიან. ეროვნული ნაკრები ამჟამად თბილისში, "თეთრ სახლში" გადის სეზონის პირველ შეკრებას, მალე კი ტურნირებშიც ჩაერთვებიან. პირველი შეჯიბრება პორტუგალიურ ოდიველასში 4-5 თებერვალს გასამართავი "ევროპის ღია კონტინენტური თასია", რომელსაც ჯერ პარიზის "დიდი მუზარადი" მოჰყვება 11-12 თებერვალს, მერე - დიუსელდორფის "დიდი პრიზია" 24-26 თებერვალს.

სეზონის დასაწყისში ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც, ანუ ქვეყნის პირველობის მედალოსნები ამ სამ შეჯიბრებაზეა გადანაწილებული, თუმცა მათ რამდენიმე ისეთი ლიდერიც ემატება, რომლებიც ქვეყნის პირველობაზე დაასვენეს. ამასთან, არც ისაა გამორიცხული, პარიზული სუპერტურნირის
შემდეგ გერმანიის შემადგენლობა ოდნავ შეიცვალოს, იქიდან გამომდინარე, ვინ როგორ იჭიდავებს საფრანგეთში.

თან ამ შეჯიბრებებს ევროპის კიდევ ერთი თასი დაემატება და ფალავანთა გარკვეული ჯგუფი იქაც იასპარეზებს, ოღონდ ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულან, რომში წავიდნენ თუ - პოლონურ კატოვიცეში. თუმცა ის კია გარკვეული, რომ ლიდერები უფრო პრესტიჟულ შეჯიბრებებში - პარიზსა და დიუსელდორფში გამოვლენ, მესამეპრიზიორებს კი უფრო ევროპის თასებზე აჭიდავებენ. ეს მათთვისაც კარგია, რადგან შედარებით სუსტი ტურნირები სწორედ გამოცდილების მისაღებადაა განკუთვნილი.

პორტუგალიაშიც გია გუგავას და გიორგი ბაინდუროვის ხელმძღვანელობით სათადარიგო შემადგენლობა მიდის, თუმცა, რაკი ასეთი რანგის შეჯიბრებებში წონაში ქვეყნიდან ოთხი მონაწილის დაყენება შეიძლება, ამათ ზოგან 2-3 კონკურენტიც კი მიჰყავთ: რობინზონ ბეგლარაშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე - 60), ლაშა გიუნაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი (სამივე - 66), გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი (ორივე - 73), გიორგი პაპუნაშვილი, კობა მჭედლიშვილი (81), არჩილ გოგოლაშვილი, უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი (სამივე - 90), იასონ ნემსაძე, გელა ზაალიშვილი, დავით ოზბეთელაშვილი (100), გუგა კიბორძალიძე და ონისე ბუღაძე (ორივე - +100).

პარიზში უკვე ძირითადი შემადგენლობა გაემგზავრება, რაც გერმანიისთვისაც საბაზო გუნდი იქნება: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (90), ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური (100), ლევან მატიაშვილი, გურამ თუშიშვილი (+100).

აქედანვეა ცნობილი, რომ გერმანიაში 81-ში ამბაკო ავალიანი, ხოლო მძიმეში ადამ ოქრუაშვილი იჭიდავებენ, ოღონდ იმ რანგის შეჯიბრებებზე წონაში მხოლოდ ორი მონაწილის დაყენება შეგვიძლია. ამიტომ პარიზული შემადგენლობიდან ამ წონებში თითო კაცი უნდა ამოვარდეს, ეს კი სწორედ საფრანგეთში გაირკვევა - ვინც კონკურენტზე უფრო ცუდად იასპარეზებს, მას ზემოხსენებული დუეტი ჩაანაცვლებს. თუმცა არაა გამორიცხული, მწვრთნელებმა სხვა წონებშიც შეცვალონ ვინმე - ესეც პარიზში გამოჩნდება. ავალიანის გაშვება მწვრთნელებს ახლა პორტუგალიაში სურდათ, მაგრამ ფეხი იტკინა და ამ ეტაპზე სატურნირო დატვირთვისგან ასვენებენ.

ჩვენი ნაკრები საფრანგეთში ტურნირის შემდგომ ტრადიციულ ერთობლივ წვრთნებზე დარჩება, იქიდან კი გერმანიას ადრიანად მიაშურებს და შეჯიბრების დაწყებამდე იქ გაივლის ასევე ერთობლივ შეკრებას. ტურნირის შემდეგ იქაც გაიმართება ერთობლივი წვრთნები და ჩვენები იქაც დარჩებიან.

დაკვირვებული ქომაგი ზემოდასახელებულ შემადგენლობებში აუცილებლად მოისაკლისებს რამდენიმე ნიჭიერ ფალავანს. მაგალითად, 81-ში არსად არაა დასახელებული იქ ახლახან გადასული, მაგრამ მშვენივრად მოჭიდავე გიორგი კაციაშვილი და ლევან გუგავა. სავარაუდოდ, ისინი სწორედ ჯერაც გაურკვეველ იტალიურ-პოლონურ ტურნირში იჭიდავებენ.

ჯერჯერობით არც ევროპის რამდენიმეგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი არ მიჰყავთ არსად - მან ფეხი იტკინა და ახლა ამ ტრავმას მკურნალობს. ის ტატამზე ჯერ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ფიზიკურად ემზადება, თუმცა, დიდი ალბათობით, წონას შეიცვლის და 81-ში გადავა. მას ისედაც ბევრის დაკლება უწევს და მწვრთნელები ახლანდელი ტრავმის მიზეზად ამასაც ასახელებენ. ყოველ შემთხვევაში, როცა საჭიდაოდ მზად იქნება, მწვრთნელები მას პირველად 81-ში უპირებენ გამოცდას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაციაშვილის მომგები არავინაა და რატო ჩაგრავენ
miqela
10:18 02-02-2017
0
Sainteresoa tushishvili tu shexvdeba riners,mgonia unda mougos
Jiji
11:35 21-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული