"ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ძიუდოისტთა ნაკრების სათადარიგოები გამოვლენ

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ახალი საერთაშორისო სეზონი ქართველი ძიუდოისტებისთვისაც დაიწყება - 4-5 თებერვალს ეროვნული ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა პორტუგალიურ ოდიველასში "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" იჭიდავებს.

ეს არ იქნება ძლიერი შეჯიბრება და სწორედ ამიტომ ჩვენები იქ სარეზერვო ფალავნებს გზავნიან, რადგან მსგავსი შეჯიბრებები მათთვის საუკეთესო გზაა, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ საერთო დონე და გაუშინაურდნენ უცხოურ ასპარეზს.

ჩვენი ნაკრები გუშინ, გამთენიისას უკვე გაფრინდა პორტუგალიაში, სადაც მწვრთნელებად გია გუგავა და გიორგი ბაინდუროვი გაჰყვნენ. მათ უმეტეს წონებში 2-2 კაცი წაიყვანეს, თუმცა ზოგან სამ მონაწილესაც სცდიან. აქვე შეგახსენებთ, რომ შენსავე
კონტინენტზე გამართულ ამ რანგის შეჯიბრებებში წონაში ქვეყნიდან ოთხი მონაწილის დაყენება შეიძლება, თუმცა ჩვენები ამ კვოტას ბოლომდე არ იყენებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, ძირითადად, ახალგაზრდულია. ესეც მისასალმებელი ფაქტია - ახალი კადრებისთვის შანსის მიცემა, მეტი სატურნირო პრაქტიკის მიღება ხელს შეუწყობს მათ დაწინაურებას და კონკურენციის გაზრდას თვით ეროვნულ ნაკრებში. ფედერაციის მიზანიც ესაა - მათ წლევანდელ კალენდარში ადრინდელზე ბევრად მეტი ამ რანგის ტურნირი შეიტანეს, რითაც ზრუნავენ ეგრეთ წოდებული "მეორე ნაკრების" გაზრდაზე. ეს მიღებული პრაქტიკაა ყველა განვითარებულ საჭიდაო ქვეყანაში, რაც იმის წინაპირობაცაა, რომ არ გვეყოლება "თავკომბალა" წონები, ანუ შეიცვლება ჩვენში დამკვიდრებული რეალობა, როცა წონაში გვყავს ერთი ლიდერი - იქნებ ძალიან მაღალი დონისაც, მაგრამ იმის იქით არაფერი და არავინ არაა.

ამასობაში გაირკვა კიდევ ერთი "ევროპის ღია კონტინენტური თასი", სადაც ჩვენი ეს სათადარიგო ნაკრები იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას ორი ალტერნატივა ჰქონდა - რომი ან პოლონური კატოვიცე და არჩევანი სწორედ ამ მეორეზე შეაჩერა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ წინა კვირას გუნდის ხელმძღვანელობა მთავარ გუნდთან ერთად ისედაც დიუსელდორფში იქნება "დიდ პრიზზე", ანუ ეს ორი შეჯიბრება ერთიან ციკლში გამოვა.

თუმცა რომის ტურნირიც ასეა მიყოლებული პარიზისას, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობამ მაინც პოლონეთი არჩია, სადაც გუშინწინ დამთავრებული მეორე დონის ჩემპიონატის გამარჯვებულები გაემგზავრებიან. ოღონდ, სავარაუდოდ, მათ სხვებიც დაემატებიან.

დასასრულ გეტყვით, რომ პორტუგალიის შემდეგ ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც ჩაებმება შეჯიბრებებში - ისინი 11-12 თებერვალს პარიზში "დიდ მუზარადზე" გამოვლენ, სადაც ერთობლივ შეკრებასაც გაივლიან და გერმანიაში გადაინაცვლებენ. იქ ჯერ ასევე ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, 24-26 თებერვალს კი დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა ტურნირზე სათადარიგოები მოგყავს, ისინი პერსპექტიული ახალგაზრდები უნდა იყვნენ და არა მე-4 და მე-7 ნომრებად დაბერებულები.
0

სიახლეები პოპულარული