პარიზის გრან სლემი: ზებედა რეხვიაშვილის რიხიანი დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზში, სეზონის პირველ "დიდ მუზარადზე" საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ამ პრესტიჟული შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი ზებედა რეხვიაშვილი (81) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66) და ვალერი ლიპარტელიანი (100) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლისთვის ბექა ღვინიაშვილმა (90) და გურამ თუშიშვილმაც (+100) იჭიდავეს, თუმცა საბოლოოდ მეხუთეზე დარჩნენ.

საერთო-გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მერვეზე გავიდა, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე.

რეხვიაშვილის დაბრუნება
ამ ტურნირის მთავარი მოულოდნელობა ზებედა რეხვიაშვილის ასეთი რიხიანი დაბრუნებაა - ფინალში გასვლა და მედლის მოპოვება
სასიამოვნო სიურპრიზის მხოლოდ ნაწილია, მთავარი კი მისგან ჭიდაობის ასეთი ხარისხია.

სხვა დროს და სხვა ვითარებაში ეს ამბავი არ გაგვაკვირვებდა, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მისებრი ტალანტი და ქართულ სტილში მოჭიდავე ფილიგრანული ტექნიკის მქონე იშვიათად გვებადა, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორისგან, ვინც 2013 წელს უფროსებში ევროპის მესამეპრიზიორიც გახდა (ოღონდ ეს ყველაფერი 73 კილოგრამში ხდებოდა), ძალზე ბევრსაც ველოდით, მაგრამ მერე ბევრიც გადახდა თავს - წონა შეიცვალა, რამდენიმე ოპერაციაც გაიკეთა და ბოლო წლებში ჩაიკარგა.

საბედნიეროდ, 25 წლისამ გუშინ ომახიანად შეგვახსენა თავი და პარიზში "ეიფელამდე" შეუსვენებლად იარა. პირველ წრეში საუდელი არაბი ალი მაირაში საჯილდაო ქვად გამოსადეგი მეტოქე ნამდვილად არ იყო და მასთან მოგება არ გაგვკვირვებია, მაგრამ ისე მოხდენილად აბურთავა ვაზარ-იპონზე, ფრიად გვასიამოვნა.

უკვე იქვე შეეტყო, რომ ძველი ზებედა დაბრუნდა, რაც მომდევნო პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა საკმაოდ კერკეტ ბულგარელ ივაილო ივანოვს გაფრთხილებით აჯობა. მერე უნგრელი ატილა უნგვარიც დააიპონა, შემდეგ კი ფრანგებს გაუთენა "ბართლომეს ღამე" - მეოთხედფინალში ბაპტისტე პიერის აჯობა, ნახევარფინალში კი დოუბი პაპე ნდიაე ვაზარით ჩამოიშორა. თუმცა მოგებასაც გააჩნია და რაც პიერის გაუკეთა, ქრესტომათიაში შევა - ფეხზე მდგარს ჩაუტარა მტკივნეული, რაც ქართველებისთვის იშვიათზე იშვიათი შემთხვევაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ფინალში შეწყვიტა ეს წარმატებული სერია 20 წლის მზარდ ჰოლანდიელ ფრანკ დე უაიტთან და ვაზარით დამარცხდა.

ამის მიუხედავად, ეს ტურნირი რეხვიაშვილს ნამდვილად ეწერება აქტივში და, იმედია, დიდი შემობრუნების დასაწყისადაც იქცა. ამის იმედს მისი ჭიდაობა გვაძლევს - ტექნიკა ხომ არასოდეს აკლდა, ახლა მისი მარადიული პრობლემა და "აქილევსის ქუსლი" - სუნთქვა, გამძლეობა, ფიზიკური მხარეც ბევრად მოწესრიგებული იყო.

მათ ბრინჯაო გამოჭედეს
პირველ დღეს ჩვენებიდან მედლისთვის ევროპის ორმა ჩემპიონმა იბრძოლა - პაპინაშვილმა და მარგველაშვილმა. ბრინჯაოსთვის მათ, ცოტა არ იყოს და, არაქართულად იჭიდავეს - არახალია, რომ ჩვენებს უჭირთ გადამწყვეტი პაექრობების მაღალ დონეზე ჩატარება. ეს უფრო ბრინჯაოსთვის შეხვედრაზე ითქმის, თორემ ფინალში მედალი ისედაც გარანტირებულია, აქ კი წაგების უფლება არ აქვთ, რაც ძალიან ხშირად ტვირთად აწევს ჩვენების გამოსვლას.

თუმცა ამჯერად ევროპის ჩემპიონებმა საპირისპიროდ იჭიდავეს - ზედმეტი სიფრთხილის გარეშე, გაბედულად და შემტევ სტილში, ტექნიკურად და დაკვირვებით. მათ მოძრაობაში დაზვერვითი არაფერი ყოფილა. შედეგად, ორივემ მოხდენილი ილეთით დააგდო არცთუ სუსტი მეტოქე: პაპინაშვილი კარგად მომზადებული დაუხვდა კორეელი ჩანიეონგ კიმის გარეფეხს, რადგან თვითონაც უკონტროლებდა ჩავლებას, იმ მომენტში კი სწრაფად გადავიდა წელში და ზეწარმატებით ჩაატრიალა ვაზარიზე.

მარგველაშვილმა რამდენჯერმე სცადა ჩახტომითი კისრულით (ეს ერთგვარი სიახლეა მის არსენალში) მონღოლი კერლენ განბოლდის დაგდება, თუმცა საბოლოო წარმატება მაინც ფეხით ჭიდაობამ მოუტანა.

პაპინაშვილი საკმაოდ გახსნილად და თავისუფლად ირჯებოდა, თითქოს შემბოჭავი მარწუხები მოხსნესო და თავიდან ზედიზედ ორი იპონი მიითვალა უნგრელ ჩაბა საბოსთან და რუს ალბერტ ოგუზოვთან, მერე კი იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორთან, ამ ტურნირის მომავალ ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ვერ შეძლო ოლიმპიური შედეგის გამეორება, სადაც ტაკატოს მოუგო. პარიზში ეს იყო ჩვენებურის ერთადერთი ჩაგდებული შეხვედრა, თუმცა "აზიურ სინდრომს" ვერაფერს დავაბრალებთ, რადგან კორეელს როგორც ეჭიდავა, უკვე გითხარით. ოღონდ მანამდე სანუგეშოში პაპინაშვილმა საკმაოდ ძლიერი ფრანგი ვინსენტ ლიმარეც დააიპონა. აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის მეექვსე პარიზული მედალია - 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

მარგველაშვილი მეოთხედფინალში მართლაც უნიჭიერეს იაპონელთან და შეჯიბრების მომავალ ჩემპიონ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა ვაზარ-იპონით, თუმცა მანამდე ბრაზილიელი დანიელ კარგნინი დააიპონა, ხოლო ყირგიზ ბეკტურ რისმამბეტოვს ვაზარი აკმარა. სანუგეშოში მონღოლთან მოგებამდე პორტუგალიელი სერგეი ოლეინიჩიც დაჯაბნა. ისიც საკმაოდ თამამად, გახსნილად ჭიდაობდა, აზროვნებდა და იოლად არ კარგავდა არაფერს - არც პოზიციას, არც - ქულებს...

მისასალმებელია, რომ მისი ბოლოდროინდელი პროგრესი კვლავაც უწყვეტად გრძელდება.

ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ყველაზე წარმატებული ქართველი ძიუდოისტია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და აწ უკვე 2 ბრინჯაო. ის ერთადერთია ჩვენგან, ვინც ეს შეჯიბრება ზედიზედ ორჯერ მოიგო, თუმცა მისი ახლანდელი ბრინჯაოც არანაკლებია - ახალ წონაში ოფიციალურად გადასვლის შემდეგ მან პირველად იჭიდავა 100-ში და პირველივე ჯერზე მედალი მოიპოვა.

რეხვიაშვილის არ იყოს, თავიდან ლიპარტელიანმაც გაისეირნა და მანაც საუდელ არაბთან - სულთან მანიასთან. ამ ტურნირზე ის ძირითადად კვლავაც ამოსმულებით გავიდა ფონს, თუმცა ტაქტიკურადაც კარგად ჭიდაობდა, ინიციატივას ყოველთვის ფლობდა და სხვა ილეთებიც გამოიყენა. ოღონდ ნატკენი თითით გამოდიოდა, რაც ძალიან დაეტყო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან, ვინც ამოსმულით ვაზარიზე მაინც დააგდო და ჭიდაობითაც გაანეიტრალა.

მან მხოლოდ იაპონელთა მომავალ ჩემპიონ კენტარო იიდასთან დათმო, თორემ რუს ადლან ბისულთანოვსაც იოლად აჯობა და სანუგეშოში გერმანელი კარლ-რიხარდ ფრეიც კონტრშეტევაზე ეფექტურად დაატრიალა ვაზარზე.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან თუშიშვილიც მოგვეწონა, ღვინიაშვილისა (იმის მიუხედავად, რომ კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონ დონჰან გვაკთან წააგო) და ლაშა შავდათუაშვილისგან (73, მერვედფინალი) კი მეტს ველოდით. ახალგაზრდა თამაზ კირაკოზაშვილმა (81) და ლაშა ტაველურმა (100) ორ-ორი წრე გაიარეს, როგორც - ლუხუმ ჩხვიმიანმა (60).

ახალ წონაში პირველად მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ფრანგ აქსელ კლერჟესთან. ასევე პირველივე შეხვედრები წააგეს დებიუტანტმა ფრიდონ გიგანმა (73) და ლევან მატიაშვილმა (+100), თუმცა იგი იაპონელ რიუ სიჩინოესთან დამარცხდა.

პარიზის გრან სლემი. ვაჟები
60 კგ.
1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია); შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი); 3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი).

66 კგ.
1. ჰიდუმი აბე (იაპონია); 2. ანზაურ არდანოვი (რუსეთი); 3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), ნიჯატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი).

73 კგ.
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია); 2. ჩაგრიმ ანი (კორეა); 3. ტოჰარ ბუტბული (ისრაელი), ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი).

81 კგ.
1. ფრენკ დე უაიტი (ჰოლანდია); 2. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო); 3. დოუბუ პაპე ნდიაე, ბაპტისტე პიერი (ორივე - საფრანგეთი).

90 კგ.
1. ხუნჭაო ჩენი (ჩინეთი); 2. აქსელ კლერჟე (საფრანგეთი); 3. დონჰან გვაკი (კორეა), მიჰაელ ზგანკი (სლოვენია); 5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო).

100 კგ.
1. კენტარო იიდა (იაპონია); 2. სირილ მარე (საფრანგეთი); 3. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია).

1. +100 კგ.
ტაკეში ოჯიტანი; 2. რიუ შიჩინოე (ორივე - იაპონია); 3. რაფაელ სილვა (ბრაზილია), დუურენბაირ ულზიბაიარი (მონღოლეთი); 5. გურამ თუშიშვილი (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ავტორს აშკაად არ უყურებია პაპინაშვილის შეხვედრებისათვის.
ონორე
12:04 13-02-2017
0
ავტორს არც შავდათუაშვილის ჭიდაობა უნახავს, რა უნამუსოდ დაჩაგრეს ფრანგთან.
გულშემატკივარი
12:13 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული