ბაქოს გრან სლემი: ბოლო დღის აკორდი - ქართველების 1 ოქრო და 3 ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენმა ძიუდოისტებმა 4 მედლით დაასრულეს გამოსვლა ბაქოს გრან სლემზე - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო. ჩემპიონი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გახდა. ამავე წონაში ბრინჯაო ონისე ბუღაძემ მოიპოვა, მასავით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ლაშა გიუნაშვილი (66) და უშანგი მარგიანი (90) ავიდნენ. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) მეხუთე იყო, გიორგი პაპუნაშვილი (81) - მეშვიდე. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენს ნაკრებს მეხუთე შედეგი აღმოაჩნდა, მარტო ვაჟებში კი - მესამე.

თავად ტურნირი საკმაოდ სუსტი გამოდგა - 31 ქვეყანა მონაწილეობდა, სულ რაღაც 183 სპორტსმენით. აქედან
ვაჟებში 21 გუნდი გამოდიოდა, 110 სპორტსმენით. ამიტომ ბევრ წონაში შეხვედრათა რაოდენობა მცირე იყო.

რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩვენთვის ყველაზე წარმატებული შეჯიბრების ბოლო, მესამე დღე აღმოჩნდა, როცა მედლების უმეტესობა - ოქრო და 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ.

პირველი მედლები გიუნაშვილს და მარგიანს
თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მედლების ანგარიში პირველივე დღეს გახსნა გიუნაშვილის მედლით. მან ტურნირი წმინდა მოგებით დაიწყო ყაზახ გაბიტ იესიმბეტოვთან, თუმცა მერე, მეოთხედფინალში მასპინძელთა მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ნიჯატ შიხალიზადასთან ასევე პირწმინდად დამარცხდა.

სანუგეშოში ჩვენებურმა ორივე პაექრობა ვაზარით მოიგო - ჯერ მონღოლ კერლენ განბოლდთან, მერე კი - მოლდოველ დენის ვიერუსთან და ამ რანგის შეჯიბრებებზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა. საინტერესოა, რომ მისი მომგები შიხალიზადა საერთოდ უმედლოდ დარჩა, მეხუთეზე გავიდა.

ასევე პირველი მედალი, ოღონდ - ახალ წონაში მოიპოვა მარგიანმაც, ვინც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მთელი აზერბაიჯანის იმედები დაასამარა - ნახევარ წუთში მხრებში ჩავლებიდან ზედ ბეჭებზე გადააგდო ტურალ შაფგულიევი. ამ ილეთზე რაიმე ნაკლის მოძებნა სასაცილო ჩანდა, თუმცა საკმაოდ დაბალი რანგის მსაჯობამ ესეც მოახერხა და თავდაპირველად ვაზარი მისცეს, მაგრამ მერე იპონად გადაუკეთეს.

მარგიანმა თავიდანვე იყოჩაღა - იაპონელი იუსუკე კობაიაში მოახსნევინა, ძირითად ბადეში კი მასპინძელ მამადალი მეჰდიევთან დამარცხდა. სანუგეშოში შაფგულიევამდე ესტონელ მატიას კუუსიკსაც მოუგო ვაზარ-იპონით. მარგიანმა ბაქოში საკმაოდ გახსნილად და თავისუფლად იჭიდავა. ამასთან, ჩოქბჯენშიც ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ამ კომპონენტში წინსვლა მთლიანად გუნდს ეტყობოდა.

მძიმეწონოსანთა გვირგვინი
გუშინ ლამაზი ჭიდაობით მძიმეწონოსნები გამოირჩნენ. თუშიშვილი, ძირითადად, თავისი საფირმო კისრულებით ავიდა საჩემპიონო გვირგვინამდე - მასპინძელი აიხან ჯაფაროვი დააიპონა, ახმახი და ლამის ორჯერ მაღალი ბრაზილიელი რაფაელ სილვა და ნახევარფინალში მასპინძელთა ქართველი უშანგი კოკაური ამ ილეთით წამოიღო, ფინალში კი უნგრელი ბარნა ბორი 1 წუთში ორჯერ გადმოიღო ამგვარად.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუღაძემაც ბევრჯერ გამოიყენა ეს ილეთი და დამამშვიდებელში ჰოლანდიელ როი მეიერს სასწაულად დაუძვრა, როცა ლამის ილეთზე დაცემული იქით შეუტრიალდა და გადააგდო.

ბუღაძემ თავდაპირველად ბოსნიელი ჰარუნ სადიკოვიჩი დააიპონა, მეოთხედფინალში კი გაფრთხილებით წააგო ბორთან. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩვენებურს ცოტა კი გაუჭირდა, მაგრამ მაინც გადააგდო კოკაური - ვაზარი.

შავდათუაშვილი უხერხულთა გარემოცვაში
შავდათუაშვილმა ისევ ნაცნობ მეტოქეებთან წააგო - მასპინძელთა რიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ რუსტამ ორუჯოვსა და მონღოლ ოდბაიარ განბაატართან. ჯერ მონღოლთან დამარცხდა ნახევარფინალში, ვისთანაც შარშან თბილისშიც წააგო "დიდ პრიზზე" ზუსტად ამავე ეტაპზე. ახლა მასთან ორი შეხვედრიდან ორი წაგება აქვს.

ჯაჯგურა და ანტიჭიდაობის განსახიერება განბაატარს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვერც ახლა მოუხერხა ვერაფერი, თუმცა ახლანდელი ჭიდაობა შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო უსახური იყო, როცა ილეთის მცდელობაც კი არ ყოფილა. მონღოლის ძალისმიერი, ჩაკეტილი ჭიდაობა საყურებლად არაფერია, მაგრამ მისთვის შედეგი კი მოაქვს და აგერ, ფინალში თვით იაპონელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ლონდონის თამაშების ფინალისტი რიკი ნაკაიაც კი დააგდო.

სამწუხაროდ, მონღოლთან შავდათუაშვილი გაფრთხილებებით მოგვიხსნეს, თუმცა არანაკლებ სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ ჩვენებურმა ისევ წააგო ორუჯოვთან! ეს მისი უკვე ზედიზედ მერვე მარცხია ამ სპორტსმენთან. არადა, ეს მათი მეცხრე შეხვედრა იყო.

ამ წაგებებამდე შავდათუაშვილმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დააიპონა ირანელი მეჰდი ფატხიპოორარდალი, შემდეგ კი ძალიან საყურადღებო მეტოქე დაჯაბნა ვაზარით - ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი, ვინც ახალგაზრდების შეჯიბრებებში ჩვენებს ხომ ხშირად ამარცხებდა, ორუჯოვსაც სერიოზულად შეურყია სკამი თავის ნაკრებში. ჩვენებურმა ის გამოცდილების, კლასისა და მეტი ოსტატობის ხარჯზე ძალიან იოლად დააგდო.

საერთოდ, ამ ტურნირზე შავდათუაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის, მოაზროვნე მოჭიდავეა. მას კონკრეტული ტურნირისთვის მომზადებაც მშვენივრად შეუძლია (რაც საოლიმპიადოდ დაამტკიცა) და ყველა შეჯიბრებიდან - მედლის წამოღებაც, თუმცა წონაში უკვე გამოიკვეთა მოჭიდავეთა ერთი ჯგუფი, ვისთანაც უჭირს ჭიდაობა - ორუჯოვი, განბაატარი, რუსი დენის იარცევი (3-დან 2 მარცხი), კორეელი ჩანგრიმ ანი (2-დან 2 მარცხი)...

პარიზში ქვედა წონიდან ამონაცვლებულ ფრანგთა ევროპის ჩემპიონ ლოიკ კორვალთანაც დათმო პაექრობა, ხოლო არაფერს ვამბობთ მართლაც რომ ტალანტ იაპონელზე, ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შოჰეი ონოზე, ვისაც ჯერ ერთხელ შეხვდა - რიოს ოლიმპიადაზე და წააგო.

ერთი მარცხი არ ნიშნავს, რომ, ვთქვათ, კორვალიც უხერხულ მეტოქედ ექცევა, თუმცა პირველი ოთხის შემთხვევაში ამაზე ნამდვილად შეიძლება საუბარი (ონო ცალკე თემაა - სადღეისოდ ის მჩატე წონების ტედი რინერია). თან ესენი სრულიად განსხვავებული სტილის მოჭიდავეები არიან და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ მონღოლის მსგავს ჯაჯგურა, "ჩაკეტილ" სტილთან ჭიდაობა ჯერ უჭირს.

ვფიქრობთ, მას აკლია პერსონალური მუშაობა ამ კონკრეტულ ფალავნებზე, რაზეც მწვრთნელებმა გაორმაგებულად უნდა იმუშაონ, რაც, სავარაუდოდ, რუსებმა გააკეთეს: ჩვენებური იარცევს პირველად რიოს ოლიმპიადაზე შეხვდა და მოუგო, მაგრამ მას შემდეგ რუსმა ორჯერვე დაგვიმარცხა ფალავანი. ჩანს, ეციო გამბას სამწვრთნელო შტაბმა კარგად გააანალიზა, რის ხარჯზე შეეძლო იარცევს შავდათუაშვილის დამარცხება და თავიანთ ფალავანს კონკრეტული გეგმაც დაუსახეს, რასაც სპორტსმენი წარმატებით ასრულებს.

პაპუნაშვილი და ახალი თაობა
გიორგი პაპუნაშვილმა ქართულ სტილში, ანუ ტექნიკური ჭიდაობით სერბთა მსოფლიოს ფინალისტი სრდჟან მრვალჯევიჩი ვაზარ-იპონზე კი აბურთავა, მაგრამ იაპონელ კენია კოჰარასთან და ბულგარელ ივაილო ივანოვთან ეს საკმარისი არ აღმოჩნდა... თუმცა ის კია, რომ მას ძალიან მალ-მალე მოუწია ამ შეხვედრების ჩატარება, ფაქტობრივად - დასვენებების გარეშე.

სუსტად გამოვიდა ახალი თაობა: თორნიკე ნაგლიაშვილი (66), თამაზ კირაკოზაშვილი (81) და დავით ოზბეთელაშვილი (100) პირველივე წრეში დამარცხდნენ, ომარ ნიაზაშვილმა (73) კი ერთი შეხვედრა მოიგო.

ამათგან განსაკუთრებით აუხსნელი კირაკოზაშვილის მარცხია ყირგიზ ერლან შეროვთან, თორემ ნაგლიაშვილი ებრაელთა მომავალ ჩემპიონ ტალ ფლიკერთან მაინც დამარცხდა, ვინც ფინალში იაპონელი ტომოფუმი ტაკაჯო დააიპონა. თანაც, ნაგლიაშვილმა ის წაგება საკუთარ თავსაც უნდა დააბრალოს - გაფრთხილებებით მოხსნეს, რაშიც თავადაც მისცა მსაჯს საბაბი.

ნიაზაშვილმა ის ერთადერთი შეხვედრა სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს მოუგო, ოზბეთელაშვილი კი ებრაელ პეტერ პალჩიკთან დამარცხდა.

ბაქოს გრან სლემი. ვაჟები
60 კგ.
1. ტორუ შიშიმე (აზერბაიჯანი); 2. მუხრიდდინ ტილოვოვი (უზბეკეთი); 3. იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი), ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი).

66 კგ.
1. ტალ ფლიკერი (ისრაელი); 2. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია); 3. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო), ბარუხ შმაილოვი (ისრაელი).

73 კგ.
1. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი); 2. რიკი ნაკაია (იაპონია); 3. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი), მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი); 5. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო).

81 კგ.
1. რუფატ ისმაილოვი (აზერბაიჯანი); 2. საეიდ მოლაე (ირანი); 3. კენია კოჰარა (იაპონია), უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი).

90 კგ.
1. ისლამ ბოზბაევი (ყაზახეთი); 2. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი); 3. უშანგი მარგიანი (საქართველო), ქუანდჯაუ ნჰაბალი (უკრაინა).

100 კგ.
1. მიხაელ კორელი (ჰოლანდია); 2. ელმარ გასიმოვი; 3. ელხან მამადოვი (ორივე - აზერბაიჯანი), მიკლოშ ცირცენიჩი (უნგრეთი).

+100 კგ.
1. გურამ თუშიშვილი (საქართველო); 2. ბარნა ბორი (უნგრეთი); 3. ონისე ბუღაძე (საქართველო), სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ გავიგე ზებედა რეხვიაშვილმა რამე დააშავა, ტრამვა აქვს თუ რა ხდება, რატომ არ არის არცერთ ტურნირზე. ის აქ ჩამოთვლილ ძიუდოისტებს ყველაფრით სჯობნის!
aburjga
12:08 14-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული