თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველების ორი ოქრო და ერთი ვერცხლი

AutoSharing Option
დღეს, 31 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა: ორი ოქრო და ერთი ვერცხლი.

დღის ბოლოს ჩემპიონი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჯს, გაშვებული ვაზარის შემდეგ, სამი გაფრთხილება მიაღებინა.

მანამდე კი ოქროს მედალი 60 კგ-ში გამართული ქართული ფინალის შედეგად ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანამემამულე ამირან პაპინაშვილს მოუგო.

დღეს ჩვენი ვაჟებიდან მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ რობინზონ ბეგლარიშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე -60), შალვა გაზაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
და თორნიკე თათარაშვილი (სამივე -66).

წარუმატებლად იასპარეზეს გოგონებმაც - ქალთა ტურნირში მასპინძლებიდან ყველაზე შორს მარიამ ჯანაშვილი (-57) გავიდა, რომელიც სანუგეშო ტურნირში ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა. ოლღა ალადოშვილმა (-48), მარიამ ტყეშელაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და სალომე აბაშიძემ (სამივე -57) კი შეხვედრები ადრეულ ეტაპებზევე დათმეს.

ხვალ, 1-ელ აპრილს, თბილისის გრან პრიზე მედლები ვაჟთა შორის 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ქალებში კი 63 და 70 კგ-ებში გათამაშდება.

ჩვენგან ტატამზე ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი, ტატო გრიგალაშვილი (ყველა -73), ამბაკო ავალიანი, კობა მჭედლიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი (ყველა -81) გავლენ. ქალთა ტურნირში საქართველოს წარმომადგენლები მხოლოდ -70 კგ-ში ეყოლება: ნინო ოძელაშვილი და თეა სუხიტაშვილი.

თბილისური ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარია, 2 აპრილს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაციაშვილს რატო არ აძლევთ,ჭიდაობის შანსს.
Gigusha
20:01 01-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული