თუმცა ეს ახლაა, როცა მაყურებელი მიეჩვია ამას, თორემ თავიდან, როცა საერთაშორისო ფედერაციამ პირ
დროთა განმავლობაში უკვე მის შესახებ ნელ-ნელა ყველამ გაიგო, მთელმა ძიუდოს სამყარომ და დღეს მშვენივრად იციან, რომ ეს კაცი ბრიტანელი შელდონ ფრანკო-რუქსია, კომენტატორი და მედია-კომისარი.
"შელდონა" - პირად საუბრებსა თუ სოციალურ ქსელებში ასე შინაურულად, სახელით ახსენებენ მას ძიუდოს ქომაგები, თითქოს ვინმე უცხოზე კი არა, ორი სართულით მაღლა მცხოვრებ მეზობელზე ან ბავშვობის ძმაკაცზე საუბრობდნენ. ესეც ერთი დასტური იმისა, ბრიტანელი კომენტატორი რაოდენ ახლობელი გახდა ქართველებისთვის. ის მართლაც დასაფასებელია, რადგან თავისით, სრულიად უანგაროდ მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციას უწევს ქართული რეალობის ერთ სეგმენტს, ძიუდოს.
საქართველოში ყოველწლიურად ჩამოსვლა მისი სამსახურია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ადრეც ხომ ხშირად გვსტუმრობდა, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ტურნირმა "დიდი პრიზის" სტატუსი მიიღო, აქ ჩამოსვლას და რეპორტაჟების წაყვანას ვერ გაექცევა.
მას ახლაც ჩვენი ტურნირის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ და როგორც გაირკვა, თურმე ქართველებს ასეთი ქომაგი შენგელი ფიცხელაურმა შეგვძინა - შორეულ წარსულში მისი ლამაზი ჭიდაობით მოხიბლულა და მას შემდეგ გამხდარა ქართული ძიუდოს ქომაგი, თუმცა თავიდან ფიცხელაურიც რუსი ჰგონებია, როგორც იმ ეპოქაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან ევროპაში გასული ყველა ათლეტი.
მისივე მოუცლელობის გამო უფრო ბლიც-ინტერვიუ გამოგვივიდა, დახმარებისთვის კი დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს - გიორგი ჭანიშვილსა და ლადო წულუკიძეს.
- საიდან გაგიჩნდათ ინტერესი ქართული ძიუდოსადმი?
- ძალიან დიდი ხნის წინათ გავხდი ქართული ძიუდოს ფანი. 1974 წელს ლონდონში მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც შენგელი ფიცხელაური მესამე ადგილზე გავიდა. მაშინ ის ყველას რუსი გვეგონა, მაგრამ მერე გავარკვიეთ, რომ ქართველი ყოფილა და იმ პერიოდიდან ვგულშემატკივრობ ქართულ ძიუდოს.
- მაინც რატომ, რა მოგეწონათ მასში?
- მომწონს თქვენი ჭიდაობის სტილი. ქართული ძიუდო შემტევია, ლამაზი, თუმცა ეს არაა მთავარი; მთავარი, ისაა, რომ ვინც კი შემხვედრია ქართველი ძიუდოისტი, ყველა კარგი პიროვნებაა, კარგი ადამიანი. იგივე ფიცხელაური ვახსენეთ და კიდევ დავასახელებ ნესტორ ხერგიანს, დავით ქევხიშვილს, ახლანდელებიდან - თქვენი გუნდის კაპიტან ვალერი ლიპარტელიანს, ადამ ოქრუაშვილს და სხვებს.
- ტექნიკურად და შემტევ სტილში სხვა ქვეყნებშიც ჭიდაობენ. სხვებს თუ ქომაგობთ ასე ერთგულად, კიდევ გაქვთ ვინმესთან მსგავსი დამოკიდებულება?
- ძიუდო დიდი ოჯახია და ასე განსაკუთრებულად ქვეყნებს არ გამოვარჩევ. უფრო ათლეტების, ძიუდოისტების მიმართ მაქვს სიმპათია. რამდენიმე დღის წინ ბაქოში ვიყავი ანალოგიურ ტურნირზე. იქაც ასეთივე ურთიერთობებია, მაგრამ, მე მგონი, ეს ქართველებში ცოტა უფრო მეტადაა.
- ვის იცნობთ პირადად ჩვენი ძიუდოისტებიდან, თუ მეგობრობთ ვინმესთან?
- ვიცნობ ამირან პაპინაშვილს, ნუგზარ ტატალაშვილს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, ვალერი ლიპარტელიანს.
- საქართველოში უკვე ყოველ წელს ჩამოდიხართ. რამდენად იცნობთ ჩვენს ქვეყანას, რისი ნახვა და გაცნობა მოასწარით?
- სხვათა შორის, მყავს ქართველი მეგობარი - მუსიკოსი ინა ჭარუაშვილი, რომელიც გორში ცხოვრობს. ცხადია, თბილისიც ვიცი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"