ირაკლი ცირეკიძე: ზოგიერთ წონაში ლიდერების გარდა, ძალიან მძიმე ვითარებაა

AutoSharing Option
ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო ყვარელში, სადაც პოლონეთში კონტინენტის პირველობაზე გაფრენამდე დარჩება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ თბილისის "დიდი პრიზის" დასრულების შემდეგ პოლონეთში წასაყვანი შემადგენლობაც დაასახელა.

20-21 აპრილს, ვარშავის სპორტის სასახლეში ინდივიდუალურ პირველობაში იასპარეზებენ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ზებედა რეხვიაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ვალერი ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100).

გუნდურში ამათ დაემატებიან ლაშა გიუნაშვილი (66), ფრიდონ გიგანი (73), ამბაკო ავალიანი (81) და უშანგი
მარგიანი
(90).

ამჯერად გუნდში ვერ მოხვდა ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90), ვინც ჯერ ისევ ხელის ტრავმას მკურნალობს და ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება. რაც შეეხება გუნდის დანარჩენ ტრავმირებულ ლიდერებს, ღვინიაშვილმა სრულად მოირჩინა გერმანიაში მიღებული თითის ტრავმა, ლიპარტელიანს კი ცოტათი ჯერ ისევ აწუხებს, თუმცა, როგორც ცირეკიძემ გვითხრა, ესეც თითქმის მოუშუშდა, ხელს სრულად ტვირთავს და ევროპირველობამდე დარჩენილ დროში ესეც ბოლომდე მოურჩება.

ცირეკიძეს თბილისის ტურნირის პერიპეტიებზე, ნაკრებში მიმდინარე პროცესებსა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისზე ვესაუბრეთ. მით უფრო, თბილისის ტურნირმა ნამდვილად ბევრი რამ აჩვენა - კარგიც და ცუდიც.

- რა მოგეწონათ ამ ტურნირზე თქვენი გუნდის გამოსვლაში, რა გაჩვენათ ამ შეჯიბრებამ და როგორ აფასებთ შეგირდების გამოსვლას?
- იყო რამდენიმე სასიხარულო ფაქტი - თუნდაც ახალგაზრდების კარგი გამოსვლა, მათი ბრძოლისუნარიანობა, და მძიმე წონის გამოცოცხლება. ადამ ოქრუაშვილმა ძალიან მოინდომა და ზევით ამოინაცვლა იქიდან, სადაც აქამდე იყო.

სამწუხარო ფაქტებიც ვიხილეთ - ზოგიერთ წონაში ლიდერების გარდა, ძალიან მძიმე ვითარებაა. მაგალითად, 100 კილოგრამში, 81-ში, თუმცა აქ პერსპექტივა ძალიან დიდია და ვიმედოვნებთ, ეს ბიჭები საკუთარ თავს გამოავლენენ. 73-შიც ლიდერის გარდა, პრობლემებია. აქ ტატო გრიგალაშვილი უდავოდ იმედის მომცემია, თუმცა ჯერ პატარაა. სხვა წონებში ამ ეტაპზე, ასე თუ ისე, არა უშავთ.

თუმცა ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელნი არიან ახალგაზრდები და ჩვენც შევხედავთ წონის პრობლემას. სადღეისოდ ეს ყველაზე აქტუალური რობინზონ ბეგლარაშვილთან მიმართებაშია, რომელიც 64-65 კილოგრამია. თან ჯერ ისევ მოზარდია და ვერ ვიტყვი, რომ 60 კილოგრამში დარჩება.

მეტი შეუძლიათ გიგანს, ნიაზაშვილს და მათზე აუცილებლად ცალკე სამუშაო იქნება. 100-ში კი მართლაც მძიმე ვითარებაა, თუმცა სანებლიძის იმედი მაქვს. ვფიქრობ, მას ცოტა ფიზიკური კონდიციების ამაღლება და წონასთან შეგუება დასჭირდება. აგრეთვე - იმ ძველი სისწრაფის დაბრუნება, რაც 90 კილოგრამში ჰქონდა.

- ახალი თაობიდან ვინ დაგიტოვათ კარგი შთაბეჭდილება?
- 73-ში გრიგალაშვილის გამოსვლა ყველამ ვნახეთ, მედლისთვის იჭიდავა. ამ ბიჭზე ზედმეტია ლაპარაკი - ძალიან შრომისმოყვარეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია, არაფერი არ აწუხებს. ის შარშან ჭაბუკებში იყო ჩემთან და იქაც ვხედავდი, რომ მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ყველაზე ნაკლებად მაგას ჰქონდა.

ძალიან კარგი ბიჭია სიდამონიძეც 90 კილოგრამში, თუმცა ვნახოთ, წონას რამდენად შეინარჩუნებს. საკმაოდ ათლეტურია და, შეიძლება, 100-შიც გადავიდეს. კარგად გამოვიდა გაზაშვილიც - ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ურიგოდ არც ტურნირზე უჭიდავია. დანარჩენები ისევ დაკვირვების ქვეშ არიან და ვნახოთ, რა იქნება.

- გუნდს აშკარად ეტყობა ფიზიკური კონდიციების მომატება. განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. ეს თბილისში გავლილი შეკრებების დამსახურებაა თუ სხვა რამე შეცვალეთ გუნდში?
- ერთ-ერთი მიზეზი აღმაშენებელზე, სპეციალურ ცენტრში გავლილი ვარჯიშების დამსახურებაა, სადაც ლიდერები დადიან, მაგრამ აქ, ძიუდოს აკადემიაშიც დავიწყეთ ორჯერადი ვარჯიშები. დილით ფიზიკურ წვრთნებს გადიან შტანგებზე თუ ყველა საჭირო ინვენტარით, დამატებით ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ერთხელ უკვე იყო ჩასული გერმანიაში, ტრენაჟორების გამოფენაზე და ახლა კიდევ გაემგზავრება. გვინდა, აქაც გავაკეთოთ ტრენაჟორების დარბაზი, რათა ამ სახის ვარჯიშებს სისტემატური ხასიათი მიეცეს, რათა ის ყველაზე იყოს მორგებული, მთელ გუნდზე და არა მხოლოდ იმ ლიდერებზე, რომლებიც აკადემიაში ვარჯიშობენ.

- რამდენად იტანენ გაზრდილ ფიზიკურ დატვირთვებს, ხომ არ უჭირთ?
- ეჩვევიან. ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენთან იყვნენ, უკვე ვარჯიშობდნენ ამ რეჟიმში და მიჩვეულები არიან, რადგან მათ გაზრდილ ფიზიკურ დატვირთვებს ვაძლევდით და იტანდნენ. ამიტომ ახლა იმდენად არ უჭირთ, უფროსი თაობა კი ნელ-ნელა შეჩვევის პროცესშია.

- ქვეჭიდში ჭიდაობაც გაუმჯობესდა. ამაზე სპეციალურად გყავთ ვინმე მიჩენილი თუ სამწვრთნელო შტაბი ერთად ზრუნავთ?
- ქვეჭიდში მუშაობას ყოველდღიურ ვარჯიშებზე სპეციალურად ვუთმობთ გარკვეულ დროს - შესწავლა, გაცნობა, თავის დაცვა, მუშაობა. სპეციალურად ვუხსნით ამ ელემენტებს. თავიდან ცოტა უჭირდათ, რადგან ამ კომპონენტს არ ეკიდებოდნენ სათანადოდ, თუმცა ვითარება იცვლება.

ერთი სიტყვით, ამაზე ბევრს ვმუშაობთ - მთელი სამწვრთნელო შტაბი ერთად და კარგია, შედეგი თუ ჩანს. სხვათა შორის, ქევხიშვილიც გვეხმარება - ჩაიცვამს კიმონოს და შემოდის ტატამზე. ახლა კორეაში ჩავალთ და იქ ჩვენი კონსულტანტიც დაგვეხმარება, იქ ხომ ძალიანაა განვითარებული ქვეჭიდში ჭიდაობა.

- კორეელმა კონსულტანტმა ჯეონმა რა რეკომენდაციები დაგიტოვათ, თუ იყენებთ მის რჩევებს?
- მან გვითხრა, რომ დააკვირდებოდა ამ ტურნირებს, შეიმუშავებდა თავის გეგმას, რომელსაც ახლა დაგვახვედრებს - მაისის ბოლოს, როცა იქ ჩავალთ და ამის შემდეგ ვნახავთ, რა კუთხით დაგვეხმარება. ცხადია, ჩვენ ჩვენი შევთავაზეთ, ახლა კი ჯერი მასზეა.

- ბარემ კორეა-იაპონიაში გასავლელ შეკრებებზეც გვითხარით, სად ივარჯიშებთ, რა ტიპის მზადებას გაივლით და რა შემადგენლობით წახვალთ იქ?
- 20-21 მაისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში "დიდი მუზარადი" ტარდება და იმის შემდეგ 3-4 დღეში გავფრინდებით სეულში, სადაც ადგილობრივ საუნივერსიტეტო ქალაქში გავივლით შეკრებას. ჯეონიც იქ იქნება ჩვენთან ერთად. კორეაში წონაში 2-2 კაცს წავიყვანთ. ამ ვარჯიშებზე მხოლოდ ადგილობრივი კლუბის სპორტსმენები იქნებიან, სადაც ეროვნული ნაკრების ბევრი ლიდერიც გამოდის. მე ვფიქრობ, არცაა მეტი საჭირო - უტიტულო სპორტსმენები უფრო მონდომებით ჭიდაობენ ამათთან, ვიდრე - ცნობილები, ჩვენი დატვირთვისთვის კი, რაც ჩვენ გვჭირდება, ესეც სრულიად საკმარისია.

კორეული შეკრება 12 ივნისამდე გაგრძელდება და მერე პირდაპირ გადავალთ იაპონიაში, სადაც კოდოკანში ერთობლივი ვარჯიშები ტარდება. იქ თავად იაპონელებმა მიგვიწვიეს მთელი მსოფლიო - თუ გინდათ ჩვენთან ჩამოსვლა და ვარჯიში, ეს პერიოდი იქნება თქვენთვის გამოყოფილი, თორემ ამის შემდეგ აღარც ფედერაცია მიგიღებთ და აღარც - კლუბებიო. ამიტომ ამ პერიოდში ყველა ჩადის იქ - აზიელებიც, ევროპელებიც და სხვებიც.

ჯეონი იაპონიაში აღარ იქნება, მაგრამ, შეიძლება, ჩამოვიდეს ესპანურ კასტელდეფელსში, სადაც ივლისის დასაწყისში ერთობლივ კემპზე ჩავალთ.

კორეაში შერეული ტიპის შეკრებას გავივლით - ფიზიკური მომზადებაც იქნება და ტატამზეც ვივარჯიშებთ, იაპონიაში კი მეტი ყურადღება სპარინგებს დაეთმობა.

- ფიზიკური მომზადების შეკრებას მსოფლიოს ჩემპიონატამდე კიდევ გაივლით სადმე საგანგებოდ თუ მეტი აღარ გექნებათ?
- მხოლოდ საგანგებო ფიზიკურ მომზადებას არ დავარქმევ, ლეიბთან ერთად იქნება. მარტო საგანგებოდ გამოყოფილი ფიზიკური ვარჯიშები არ გვექნება, საჭიროა ორივე ერთად, რადგან ერთმანეთს ავსებენ. ცხადია, ბაკურიანიც გვექნება გეგმაში და იქაც წავალთ, მაგრამ იქ ტატამიც აუცილებლად იქნება.


მკითხველის კომენტარები / 3 /
100 კილოში სრული კატასტროფა გვაქვს. სანებლიძემ რა უნდა ქნას 100 კილოიან ათლეტებში ვერ ვხვდები. ჰაგას აუ იქნება სიმაღლეში
fraternity
10:38 10-04-2017
0
პაატა აბსოლუტურად გეთანხმები ძმაო. დავიწყოთ იქედან რომ ფსიქოლოგიურ ჩიხში შეიყვანეს ბიჭი და ამათ იქიდან როგორ უნდა გამოიყვანონ. უზნაძემ ყველაფერი გააკეთა ჭრიკის, როგორც მოჭიდავის გასანადგურებლად. შედეგის მანქანად აქცია ტიპი იმის ნაცვლად რომ განვითარებაზე ეზრუნათ. მთავარი ხო ფულია. ყველგან აჭიდავეს ძირითადად ტრავმირებული. დღევანდელ დღეს რაც შეეხება-ნამდვილად ეგრეა. გუნდში ისევ არ არსებობს დისციპლინა. მოიყვანეს ფსიქოლოგი მარა მე ეგ არსად არ მინახავს, როგორც სჩანს ყველას კიდია. დავდიოდი ახლა თბილისში შეკრებაზე, ვარჯიშებზე მარა არც ფსიქოლოგი ყოფილა არსად და არც სავარჯიშო პროცესი გავს სავარჯიშოს. ადრე ჭრიკო დაღუპეს. ლიპო პროსტა იმიტო არ დაიღუპა რო ტვინი აქ თავში. აქეთ კიდე მეორე მხარეა---ახლა სხვები იღუპებიან სამწუხაროდ. მოკლედ მდგომარეობა იგივეა რაც იყო. ნაკრებს ჭირდება კარგი მენეჯერი, ჭკვიანი კაცი. ასეთი კი არსად არ არი ჯერ ჯერობით
mishutka shavi zgvis margaliti
20:30 09-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული