ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი

AutoSharing Option
დღეს, 20 აპრილს, ვარშავაში ძიუდოისტთა პირად-გუნდური ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენი ვაჟთა ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს, ქალებში კი მხოლოდ სამი მონაწილე გვეყოლება.

დღეს მედლების მოსაპოვებლად 60-66-კილოგრამიანი ვაჟები და 48, 52 და 57-ის ქალები იჭიდავებენ. ხვალ ანალოგიური მისიით ვაჟებში 73 და 81-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ქალებში კი - 63 და 70-ის. შაბათს, 22 აპრილს ტატამი ვაჟთა დარჩენილი სამი წონის - 90, 100 და +100-ის ფალავნებს, ხოლო ქალებიდან ასევე დარჩენილი ორი წონის - 78 და +78-ის წარმომადგენლებს დაეთმობათ. ჩემპიონატის ბოლო დღეს - კვირას, 23
აპრილს გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 სთ-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00 სთ-ზე.

ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" წარმოადგენს, ტურნირის სრულად ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეიძლება.

გუშინ, 19 აპრილს გამართულმა წილისყრამ გამოავლინა ჩვენებურთა მეტოქეები, რომლებსაც ცალკეული დღეების მიხედვით გაგაცნობთ.
ხუთშაბათი
კონტინენტის პირველობის პირველივე დღეს 5 ძიუდოისტი გვეყოლება საქომაგო: 3 ვაჟი და 2 ქალი. ამათგან პირველ წრეში მხოლოდ ორი ჭიდაობს - ვაჟა მარგველაშვილი (66) და ეთერ ლიპარტელიანი (57), სხვები კი ისვენებენ.

60 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი საკმაოდ ხელსაყრელ ჯგუფში მოხვდა - ყველაზე სახიფათო ბრიტანელი ევროპის პრიზიორი ეშლი მაკენზი ჩანს, ვისაც მეოთხედფინალში ხვდება, მანამ კი ფრანგ ცედრიკ რევოსა და მობერებულ სომეხს, 33 წლის ევროპის ორგზის ფინალისტსა და მსოფლიოს მესამეპრიზიორ ჰოვანეს დავთიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იოლი ლუკმა არც ფრანგი იქნება, მაგრამ ჩვენებურს ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს (მით უფრო, ფრანგთანაც და ბრიტანელთანაც დადებითი ბალანსი აქვს. მაკენზი 5-დან ბოლო 4 შეხვედრაში დაამარცხა, მათ შორის - 2013 წლის ევროპის პირველობის ნახევარფინალშიც), იქ კი გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება - ბადის იმ მხარეს ყველაზე საშიშები ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი და ბოლო პერიოდში გვარიანად მოყოჩაღებული ბულგარელი იანისლავ გერჩევი ჩანან.

ლუხუმ ჩხვიმიანს (60) ჯგუფში გაცილებით ძლიერი კონკურენტი ერგო - თურქთა ქართველი ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი), ვისაც მეოთხედფინალში ხვდება, იქამდე მისასვლელად კი ებრაელ დანიელ ბენ დავიდსა და ესტონელ მარკ ცირკინს შორის გამარჯებული უნდა დაამარცხოს. ნახევარფინალში ამ ჯგუფიდან გასულზე სხვა სავარაუდო კანდიდატებს შორის აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორი, რეიტინგის მთავარი ფავორიტი ორხან საფაროვიცაა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე წრეში ესპანელ გარ ურიარტეს დაეჭიდება, წარმატების შემთხვევაში კი მეორე პაექრობას კვიპროსელ ანასტასიოს კესიდისისა და სლოვაკ მატეი პოლიაკის წყვილში უძლიერესთან გამართავს.

ძლიერ ჯგუფში არც მარგველაშვილია, თუმცა ნახევარფინალისთვის საინტერესო ჯგუფში უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია და რეიტინგის ებრაელი ლიდერი ტალ ფლიკერი არიან.

ოლგა ალადოშვილი პირველ წრეში ისვენებს, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი წილისყრა ერგო - ჯგუფში უნგრელთა ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ევა ჩერნოვიცკი ჰყავს. თუმცა იქამდე ჩვენებური პირველ პაექრობას ებრაელ ნოა მინსკერთან გამართავს.

ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და ბავშვთა ეროპული ოლიმპიური ფესტივალის მომგები ლიპარტელიანი სტარტზევე უნგრელ ებოლია სიროკის დაეჭიდება, ამათში მოგებულს კი გერმანელი ტერეზა სტოლი ელოდება.

პარასკევი
ამ დღეს ჩვენგან მხოლოდ ვაჟები ჭიდაობენ, მხოლოდ ორნი, მაგრამ ორივე წონის ფავორიტი: ლაშა შავდათუაშვილი (73) და ზებედა რეხვიაშვილი (81).

რეიტინგიდან გამომდინარე, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი შავდათუაშვილი ფინალამდე ასცდა მისთვის უხერხულ მეტოქეს, აზერბაიჯანელთა ევროპის ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიადის ფინალისტ რუსტამ ორუჯოვს. თუმცა ორუჯოვს ბადის მეორე ნახევარში საშიში განუთესავები - ფრანგი ევროპის ჩემპიონი ლოიკ კორვალი, რუსთა ინგუში მსოფლკიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი მუსა მოგუშკოვი და ებრაელი ტოჰარ ბუტბულიც მიჰყვნენ.

სამაგიეროდ, შავდათუაშვილის ჯგუფშია უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ვისაც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის ფინალში მოუგო და ვინძლო, "თაობათა შორის" ბრძოლა ისევ ვიხილოთ.

ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალია, მერვედფინალში კი რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსა და უკრაინელ სიარჰეი დრებოტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წესით, ქართველს ამ ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი უხერხული სტილის შვედი ტომი მაკიასი ჰყავს.

ევროპის პრიზიორი და პარიზის წლევანდელი "მუზარადის" ფინალისტი რეხვიაშვილი პირველ წრეში რუმინელ ვლად ვისანს ხვდება, წარმატების შემთხვევაში კი სერბ არსო მილიჩსა და უნგრელ ატილა უნგვარის შორის მოგებულს გაეჯიბრება.

ამ ჯგუფშია დიუსელდორფის წლევანდელი შეჯიბრების მომგები რუსი ასლან ლაპინაგოვი.

შაბათი
ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან რამდენიმე საყურადღებო ფალავანი ჭიდაობს. 90-ში ბექა ღვინიაშვილს მშვენიერი შანსი ეძლევა, უფროსებში პირველი ტიტული თუ არა, მინიმუმ, მედალი მოიპოვოს.

ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უკრაინელ ქუანჯაუ ნჰაბალის ხვდება, ვისაც ერთხელ შეხვდა და მოუგო (ორი წლის წინ ასტანაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე). ახლაც თუ იმარჯვებს, ჩვენებურის მომდევნო მეტოქე რუმინელ კრისტიან ბოდირლაუს და იტალიელ ნიკოლას მუნგაის შორის უმჯობესი იქნება.

ამავე ჯგუფშია რუსთა კიდევ ერთი ინგუში ხუსეინ ხალმურზაევი - ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ხალმურზაევის ძმა, ვისაც ბექამ წლეულს დიუსელდორფის ფინალში მოუგო. ხალმურზაევი პირველად ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადაშვილს ხვდება.

100 კილოგრამში ახალგადასული ვალერი ლიპარტელიანი ჯერ განუთესავია და ცოტა რთულ ჯგუფში მოხვდა: პირველად იტალიელი ჯულიანო ლოპორჩიოს ხვდება, ამათში მოგებულს კი ბელგიელი მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ტომა ნიკიფოროვი ელოდება.

ამავე ჯგუფშია შვედი იოაკიმ დვარბი, ბერძენთა ქართველი ტენტორე მასმანიდისი, ფრანგი ოლიმპიური პრიზიორი სირილ მარე და კიდევ რამდენიმე საყურადღებო ათლეტი.

დიდად არც გურამ თუშიშვილს (+100) გაუმართლა, ვინც ჯგუფში ჩეხთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკთან მოხვდა. თუმცა ჩეხი აქამდე 100 კილოგრამში ჭიდაობდა, მძიმეში კი წლეულს, ოლიმპიადის შემდეგ გადმოვიდა და შედარებით უჭირს.

თუშიშვილი პირველ შეხვედრას პოლონელ პაველ გრაბოვსკისა და თურქ სემიჰ ადიამანს შორის წარმატებულთან ჩაატარებს.

ამ წონაში პირველ წრეში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ადამ ოქრუაშვილიც ისვენებს, მისი მეტოქე კი ლიტველი მარიუს პასკევიჩიუსი ან ბელგიელი ბენჟამინ ჰარმეგნიესი იქნებიან. ამავე ჯგუფშია უკრაინელთა ახალგაზრდა ტალანტი, ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი იაკიმ ხამო.

ამავე დღეს იასპარეზებს ქალებში ჩვენი მესამე მონაწილე, მძიმეწონოსანი ელენე ქებაძეც. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება და თურქთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ კაირა საიტს შეხვდება. ამავე ჯგუფში კიდევ ორი ძიუდოისტია - გერმანელი კაროლინ ვაისი და ხორვატი ივანა სუტალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხინკალს ჭამს!)))
321-s
22 აპრილი 2017 11:38
0
ავთანდილ ჭრიკიშვილი სად არის?
321
21 აპრილი 2017 09:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული