იქ რა მოხდება, კაცმა არ იცის... გურამ თუშიშვილი რინერსა და მეტოქეებზე

AutoSharing Option
სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარს თუ ჩემს წერილებში წერას ვერიდები - ევროპის ჩემპიონ გურამ თუშიშვილის (+100) მოსალოდნელ დაპირისპირებას ლეგენდარულ ფრანგთან, ევროპის 5, მსოფლიოს 8 და 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან.

ვერიდები, რადგან ამან ცუდად არ იმოქმედოს ჩვენს ახალგაზრდა ფალავანზე (არადა, ამის ავბედითი მაგალითები ქართული ძიუდოს თუნდაც უახლოესი წარსულიდანაც გვაქვს), მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ომის წინ დენთის სუნი, ამ დაპირისპირების მოლოდინიც ისე იგრძნობა ჰაერში.

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილის ტრიუმფალური გამოსვლის მერე
ეს გარდაუვალიც იყო - მან ხომ ერთბაშად შეაზანზარა "ტორვარის" დარბაზი, ეს ტალღები კი მიწისძვრის ბიძგებივით მოედო მთელ ევროპას. თუმცა დარწმუნებული ვართ, არა მხოლოდ ევროპას და აზიელებსაც, უწინარესად კი იაპონელებს უკვე ბოლომდე ეყოლებათ შესწავლილი ჩვენებური.

უცხოურ საიტებზე უკვე გაჩნდა შარჟები "თუშისა" და რინერის მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ, რაც უტყუარი დასტურია, რომ ძიუდოს სამყარო მოუთმენლად ელოდება ამ შეხვედრას.

ჩვენებურს ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩინებული გამოსვლისას (იმხანად 100 კილოგრამიდან ის-ის იყო, აინაცვლა მძიმეში და მყისვე მიანგრ-მოანგრია ყველა) უწოდეს ევროპელმა სპეციალისტებმა "რინერის წამქცევი". არ ვიცით, რას ფიქრობენ ევროპელთა დასკვნაზე იაპონელები, მაგრამ მაშინ "ბებერი კონტინენტი" ინტერესით შეჰყურებდა ახალი ვარსკლავის აკაშკაშებას და ერთპირად შეთანხმდნენ, რომ თუშიშვილს წაუქცეველი რინერის წაქცევის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა.

გვჯერა, ერთ მშვენიერ დღეს ეს დრო მართლაც დადგება, როცა ქართველი ფრანგს დასცემს, თუმცა, ვისურვოთ, რაც შეიძლება მალე დადგეს. მით უფრო, დროც თუშიშვილის სასარგებლოდ მუშაობს - 22 წლის სპორტსმენი ამ წონის მომავალია, 28 წლის რინერი კი კარიერის პიკზე გადის... თუმცა ნათქვამია, აქლემი ისე არ დავარდება, ვირის ტვირთი ვერ ზიდოსო და რინერი ამ ოლიმპიურ ციკლს გამოცდილების, კლასისა და ფიზიკური ძალის ხარჯზე ძლევამოსილად ჩაამთავრებს, თუმცა მეტოქეებმა "კბილები" უკვე უნდა მოუსინჯონ.

გურამ თუშიშვილი ამჯამად კორეაშია, სადაც ნაკრებთან ერთად გადის შეკრებას. იქ წასვლამდე მას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისსა და მომავალ მეტოქეებზე დავეკითხეთ. ბოლო თვეებში გვარიანდ გამოცვლილმა და დასერიოზულებულმა ჩემპიონმა ამჯერადაც საინტერესო პასუხი გაგვცა: როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ რინერის არ მიიჩნევს მთავარ კონკურენტად და უფრო აზიელებისთვის ემზადება.

აი, რა გვიპასუხა მან:

- მსოფლიოს ჩემპიონობა ჩემთვის სხვა განზომილებაა და ბევრჯერ მითქვამს, ოლიმპიურ ჩემპიონობას მირჩევნია-მეთქი. არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ასეა, თუმცა ვიცი, რომ ოლიმპიური ჩემპიონობა სხვა კლასია, ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და სხვა ფასი აქვს, ის გვირგვინია ძიუდოსთვის.

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ტედი რინერი იქნება მთავარი მეტოქე, სხვა გუნდებსაც ძლიერი ფალავნები ჰყავთ. ზოგადად, ამ წონაში ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგეა. მაგალითად, იაპონელებს ორი კაცი ეყოლებათ, ორივე - უძლიერესი. თან ტაკეში ოჯიტანისთან წლეულს პარიზში დავმარცხდი და მასთან შეხვედრა მაგარი იქნება.

ებრაელებსაც კარგი ფალავანი ჰყავთ - ორ სასონი, მონღოლეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, კორეასაც კარგი სპორტსმენები ეყოლებათ და არავინ იფიქროს, რინერის მეტი არავინ იქნება. შეიძლება, პირველ-მეორე შეხვედრა ისეთი გვქონდეს, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, იქნებ, ვერც მივიდეთ რინერამდე.

სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავები შემადგენლობაც შეიცვლება და მსოფლიოზე იქნებ ახალი ხალხი ვიხილოთ. ამიტომ მსოფლიოზე თითოეული შეხვედრა საბრძოლო და საჭიდაო იქნება. თან ისეთი, მთელი ევროპის პირველობა რომ ავიღოთ, შეიძლება, მაგდენი არც გამოვიდეს.

სიმართლე გითხრათ, იაპონელებთან და ზოგადად - აზიელებთან უფრო მირთულდება ჭიდაობა, ვიდრე - ევროპელებთან. ამიტომ მსოფლიოსთვის უფრო მეტად აზიელებზე ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, რინერი რინერია და ლეგენდაა - ამას ყოველთვის ვამბობ და, შეიძლება, 9-ჯერაც რომ მოვუგო, მაინც ვერ მივიდე მის ტიტულებთან და მის სახელთან ახლოს.

ვფიქრობ, ძალიან ძლიერი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება და იქ რა მოხდება, კაცმა არ იცის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ბიჭის ინტერვიებს რომ ვკითხულობ სულ უფრო მიძლიერდება იმის რწმენა რომ მას შინაგანი ინტელექტი აქვს; ღრმად სწვდება მოვლებს. ამიტომ ველი მისგან მომავალში დიდ შედეგებს, პირობით რომ საკუტარ თავს არ უღალატებს.
გიორგი
15:43 05-06-2017
0
ამ ბიჭის ინტერვიებს რომ ვკითხულობ სულ უფრო მიძლიერდება იმის რწმენა რომ მას შინაგანი ინტელექტი აქვს; ღრმად სწვდება მოვლებს. ამიტომ ველი მისგან მომავალში დიდ შედეგებს, პირობით რომ საკუტარ თავს არ უღალატებს.
გიორგი
15:57 05-06-2017
0

სიახლეები პოპულარული