გურამ თუშიშვილმა სპარინგში ტედი რინერის "კბილი მოუსინჯა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე მეოთხე დღეა, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სეულიდან ტოკიოში გადაინაცვლა და ახლა იქ, საქვეყნოდ ცნობილ კოდოკანში აგრძელებს აზიურ შეკრებას, რომელსაც იქითა კვირის ბოლოს დაამთავრებს და სამშობლოში დაბრუნდება.

კოდოკანში ერთობლივი ვარჯიშები ტარდება, რომელიც იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით ეწყობა. მათ თავად გამოჰყვეს ეს დრო შეკრებისთვის და მოიწვიეს მთელი მსოფლიო, ამ წვრთნების დასრულების შემდეგ კი ქვეყნის კარი მჭიდროდ ჩაირაზება ყველასთვის - იქაური ფედერაცია კლუბებს, უნივერსიტეტებს თუ ძიუდოს ნებისმიერ სუბიექტს მსოფლიოს ჩემპიონატამდე მკაცრად უკრძალავს უცხოელთა მიღებას, შედეგად კი იაპონიის ეროვნული ნაკრები საკუთარ სამზარეულოში ჩაკეტილი
გააგრძელებს მზადებას აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბუდაპეშტში გასამართავი მსოფლიოს პირველობისთვის.

აქედან გამომდინარე, ახლანდელი შეკრება ფრიად წონადია - მიცემული შანსის გამოყენება ყველას სურს და ძლიერი გუნდებიდან იშვიათად ვინმემ რომ გამოტოვოს ასეთი ძლიერი სპარინგების საშუალება. ჯერ ხომ კორეული წვრთნები იყო ძლიერი, სადაც მასპინძლები, ჩვენები, მონღოლები და კიდევ რამდენიმე გუნდი იმყოფებოდა, ტოკიოში გაცილებით დიდი აუდიტორია შეიკრიბა.

საკმარისია აღინიშნოს, რომ იქ სრული შემადგენლობით ჩავიდნენ ფრანგები, თვით ტედი რინერის (+100) თამადობით. არადა, ეს წაუქცეველი ფალავანი, ორგზის ოლიმპიური, ცხრაგზის მსოფლიოს და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი მას შემდეგ, რაც 2010 წელს ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე აბსოლუტურ კატეგორიაში მასპინძელ დაიკი კამიკავასთან ფინალში მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს (ჯერჯერობით პირად პირველობაში ეს მისი ბოლო წაგებაა რაგინდარა რანგის შეჯიბრებაზე), იაპონიაში საჭიდაოდ აღარ ჩასულა, შეკრებებზე კი პერიოდულად ესტუმრება ხოლმე იქაურობას.

კოდოკანში, მართალია, არაოფიციალურად და ვარჯიშის დონეზე, მაგრამ ძალების მოსასინჯად ის შეხვედრაც შედგა, რასაც აპრილში ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილის (+100) ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ძიუდოს სამყარო მოუთმენლად ელის - რინერიმ და ჩვენმა ფალავანმა წაისპარინგეს. თუშიშვილმა თავისი განთქმული კისრულიც სცადა და ერთ მომენტში თითქოს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ რინერი სხვა გალაქტიკაა.

სპარინგისგან განსხვავებით, ოფიციალურ შეჯიბრებაზე ის სულ სხვანაირად იმოქმედებს, მსგავს ღლაბუცში კი "კბილს უსინჯავს" ჩვენებურს, ვინც რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლისას აღიარეს რინერის წამქცევად.

თავის მხრივ, ჩვენებურიც ამოწმებს მომავალი მეტოქის ძლიერსა თუ სუსტ მხარეებს, მაგრამ ამ მართლაც რომ საღლაბუცო შეხვედრამ საფიქრალიც გაგვიჩინა - ერთმანეთის პირისპირ დგომისას კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, ფიზიკურ კონდიციებში რამხელა უპირატესობა აქვს რინერის, ვინც მთაკაცად ჩანდა არცთუ პატარა თუშიშვილთან. თუმცა სიმაღლე არაა მისი ერთადერთი უპირატესობა: აღნაგობა, გლადიატორივით განვითარებული მუსკულატურა და კუნთოვანი მასა, ძალა, ღონე - ამ ყველაფერში რინერი ბევრად წინაა, იმის მიუხედავად, რომ თუშიშვილი ჩვენს ნაკრებში გამოირჩევა ფიზიკური კონდიციებით.

ვფიქრობთ, ჩვენებურს ძალიან გაუჭირდება მისი დაგდება - ამ ეტაპზე მაინც, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა.

გავიხსენოთ რინერის შეხვედრა ლევან მატიაშვილთან, როცა მსაჯებმა აშკარად დაინდეს გასაფრთხილებლად, ჩვენებურის წინააღმდეგობამ კი, რომელიც მისთვის მანამდე არავის გაეწია, იმდენად გააცოფა, ამ ლეგენდარულმა ათლეტმა ბოლოს უკადრებელიც იკადრა და ზურგიდან მალულად მივარდნით გადააგდო. მაშინ რინერის საქციელი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, უცხოურ საიტებზეც კი გალანძღეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც რეზერვი თუშიშვილსაც აქვს, მთავარია, სწორად გამოიყენოს. ოღონდ ჩვენებურს მეტად რთული ამოცანა კი აქვს გადასაჭრელი.

თუმცა თუშიშვილს იაპონიაში არა მხოლოდ რინერი დააკვირდება და "მოუსინჯავს კბილს", არამედ იაპონელები, კორეელები და სხვებიც გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან და მის ყოველ მოძრაობას შეისწავლიან - ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე "ტორვარის" დარბაზში ჩვენებურის მიერ დატრიალებული ქარიშხალი ძიუდოს სამყაროს ჯერაც არ აძლევს მშვიდი ძილის საშუალებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ინტერნეტში ვნახე როგორც მატიშვილის სპარინგი,არადა აშკარად თუშიშვილია.მანდაც გამოჩნდა,გურამი ძალიან დაბალი და მსუბუქია რინერისთვის.სასწაული უნდა მოხდეს, რომ ჩოქელა კისრული გამოუვიდეს.
ისე ერთაოზისა არ იყოს ,თუ ღმერთის ნება იქნება,გაფრენაც შეიძლება და ღმერთმა ქნას გურამის გამარჯვება და სიმართლე რომ გითხრათ,არც ადამის ან ლევანის გამარჯვება მეწყინება.მე მგონია,არც თქვენ.
სოსო
17 ივნისი 2017 19:19
0
გურამს წარმატებები რათქმაუნდა! თუმცა რეალობა დღეს სულ სხვაა. არიან უმაღლესი დონის მძიმეწონოსანი ძიუდოისტები, მათ შორის გურამიც მოიაზრება და ცალკე დგას რინერი. ვფიქრობ 6-7 წელი ის პირველ ნომრად დარჩება კიდე
GEO
16 ივნისი 2017 11:08
0
რინერის წაქცევა ახლაა მადლი, თორემ 15 წელში მას პირველთანრიგოსანიც წააქცევს
ერთიცაა: ძაან ნუ ვტიტინებთ, მისი წაქცევა არც ისე იოლია
=-
16 ივნისი 2017 07:55
0
ნუ მოვთხოვთ გურამს ამ ჩემპიონატის მოგებას. მას 2-3 წელიწადი კიდევ სჭირდება რომ სუპერ ვარსკვლავი გახდეს. რაც შეეხება სიმაღლე-წონას მინდა ისტორიიდან ორიოდე ფაქტი გავიხსენო-გაგახსენოთ:1. მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონი სუნე ენდო, 170 სმ და 110 კგ იყო.2. დაუმარცხებელი იასიკურა იამასიტო, 180 სმ და 115-120 კგ. ასევე მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი საიტო, 178სმ იყო.ძიუ-დოში მთავარი ორი რამის შეგრძნებაა...თათამის და მეტოქის. ეს ისე...
გივი - გია თუთბერიძე
15 ივნისი 2017 21:47
0
ტანგრიევმაც მოუგო რინერს მგონი
argo
15 ივნისი 2017 21:06
0
ფიზიკაში მომატება გვინდა, ძალიან დიდია ეს ოხერი რინერი
Tengo
15 ივნისი 2017 14:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული