შოთა ხაბარელი: მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია

AutoSharing Option
ძიუდოს ქართველ ქომაგთა ოცნება ასრულდა და შოთა ხაბარელი ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. ჯერ ყველა დეტალი საბოლოოდ გარკვეული არაა, მაგალითად, რა ფუნქციას შეასრულებს ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, მაგრამ ცნობილია, რომ გუნდში ისიც დარჩება და, სავარაუდოდ, უფრო ფიზმომზადებას გაუძღვება, სავარჯიშო პროცესს კი ხაბარელი წარმართავს.

ახლა სწორედ ამ ფუნქციათა გადანაწილებაზე მიდის მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

ეს ამბები გუშინწინ საღამოს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის თბილისში სტუმრობისას გაირკვა. ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მოიწვიეს, თუმცა
მიზეზი სწორედ ეს იყო - კონსულტაციები ზაიზენბახერის შეცვლის თაობაზე. მართალია, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე გუშინ გავრცელებულ ხმებს სასტიკად უარყოფდა და ჭორს უწოდებდა (!), თუმცა, იმედია, უკვე ფედერაციაც საქმის კურსშია.

პარიზში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების წარუმატებელმა გამოსვლამ და უსახურმა ჭიდაობამ სპორტის მმართველ წრეებში შოკისმაგვარი რეაქცია გამოიწვია და ზაიზენბახერის შეცვლაც მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, თუმცა რატომღაც ანგარიშს უწევდნენ ვიზერის ფაქტორს. თავის დროზე ავსტრიელის კანდიდატურა მასთანაც შეათანხმეს - კონსულტაციები გაიარეს, ოღონდ ცოტა გაუგებარია, მისი ფაქტორი ახლაც რატომ ხდებოდა ამდენად მნიშვნელოვანი. ასეა თუ ისე, ახლა წინააღმდეგი არც ის წასულა...

ამდენად, მას შემდეგ, რაც ქართული ძიუდოს იაპონურ თარგზე მოჭრის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ის კვლავაც მშობლიურ საწყისს დაუბრუნდა და მოსავლელად ისევ ძველ გამზრდელს ჩააბარეს. ძიუდოს ქართველი ქომაგი ხაბარელის დაბრუნებას აქამდეც ითხოვდა, რადგან ჩვენი საქმეც ზუსტად ისე იყო, "თურაშაულის პატრონი ტყეში დაეძებს პანტასაო". ჰოდა, ისიც დაბრუნდა და გვჯერა, ლონდონის ოლიმპიადაზე შედეგსაც მიაღწევს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, "მეორედ მოსვლა" ახალი დაპირისპირების საგანიც გახდეს - ჯერ ისევ მძლავრობს სპორტული სამყაროს ის ნაწილი, რომელმაც თავის დროზე ხაბარელი ნაკრებიდან გაუშვა. არაა გამორიცხული, მათ ახლაც მოინდომონ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ იმედია, სახელმწიფო სტრუქტურები ამჯერადაც თავის სიმაღლეზე დადგებიან..

გუშინ, 20 სექტემბერს ხაბარელსაც დავუკავშირდით, რომელმაც მცირე კომენტარი გააკეთა: "მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამ შემოთავაზებას ნამდვილად არ ველოდი. ოლიმპიადამდე ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი გუნდის დახმარებით, რომელთან ერთად ადრეც ვიბრძოდი - მწვრთნელთა ჯგუფი, სამედიცინო ჯგუფი და ასე შემდეგ, მდგომარეობის გამოსწორება და თამაშებზე წარმატების მოპოვება შესაძლებელია. კონკრეტულად ახლა სხვას ვერაფერს გეტყვით, 2-3 დღეში მეტი მეცოდინება".

მოკლედ, ასეთია სადღეისო ვითარება, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. ამ წერილისთვის წერტილის დასმა აქ შეიძლებოდა, რომ არა ერთი გარემოება - რევანშის საფრთხე. ეს შიში მისი დაბრუნების ალბათობას ქვეცნობიერად ყოველთვის თან სდევდა და მით უფრო გაძლიერდება ახლა, როცა მწვრთნელმაც თავისი გუნდი ახსენა. ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ ხაბარელის გაშვებაც დანაშაული იყო და არც მისი გუნდი იმსახურებდა ისეთ მოპყრობას. განსაკუთრებით - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ბორის ფირცხელიანი, რომელიც მსოფლიოს პირველობიდან ოქროს მედლით დაბრუნდა, მაგრამ მადლობის ნაცვლად ნაკრებიდან გაუშვეს.

ქართული ძიუდოსთვის მისი დაბრუნებაც აუცილებლად მიგვაჩნია, როგორც სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელ გურამ რატიშვილის, ბიძინა მოხევიშვილისა და ჯემალ ნათელაშვილისა.

ბუნებრივია, ნებისმიერ მწვრთნელს საკუთარი გუნდი ჰყავს შემოკრებილი და ხაბარელიც თავისუფალი უნდა იყოს არჩევანში. ქართული ძიუდო ასეთ სავალალო მდგომარეობამდე ჩვენმა ისტორიულმა სენმა - შურმა მიიყვანა. გვინდა, ის ამ ცუდ სენზე მაღლა დადგეს და ყველაფერი ცივი გონებით გადაწყვიტოს.

დავაკონკრეტებთ - უფრო ასაკობრივ ნაკრებებს ვგულისხმობთ, სადაც კარგი მწვრთნელები მოვიდნენ. ახალგაზრდები, რომლებმაც უკვე, დროის არცთუ ისე ხანგრძლივ მონაკვეთში მიაღწიეს პროგრესს. არც ისინი არ უნდა დავუკარგოთ ქართულ ძიუდოს - მათი ახლებური ხედვა, ახლებური მიდგომაც ძალიან გვჭირდება. ხაბარელმა ამ დაუმსახურებელი მოპყრობის პერიოდში არაერთხელ იგრძნო ხალხის, რიგითი ქომაგის დიდი სიყვარული - მის გამოჩენას ნებისმიერ საზოგადოებაში მუდამ ახლდა ხოლმე ოვაცია.

იმედია, ამხელა სიყვარულს, ამხელა დივიდენდს რევანშისტული მიდგომით არ გაფლანგავს. კულუარული ინფორმაციით, ხაბარელმა ზაიზენბახერს უკვე უთხრა, რომ უშუალოდ ნაკრებში მისი სამსახური არ დასჭირდება. სავარაუდოდ, ის დაბრუნების სანაცვლოდ ზემდგომთაგან თავის საქმეებში ჩაურევლობის გარანტიასაც მიიღებდა და ნაკრებში რაც უფრო თავისუფალი იქნება, მით უკეთესი საერთო საქმისთვის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხაბარელი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა, ანუ მის ხელში თავს იყრის საკმაოდ დიდი ძალაუფლება - ერთდროულად იქნება გადაწყვეტილების მიმღებიც და აღმასრულებელიც, რაც დემოკრატიულ პრინციპებს გამორიცხავს. იმედია, ფედერაცია ფუნქციებს ამ პრინციპების სრული დაცვით გადაანაწილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რას არ გაიგებს კაცი---ხაბარელი დაძველებულ ძიუდოს ასწავლისო,უკვე მოდაში აღარააო და ამგვარები;ჩემმა მეგობარმა 1980 წელს აიღო ვერცხლი მოსკოვის ოლიმპიადაზე(შოთამ მოიგო)და დღესაც ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია აქ და ყველაზე "თანამედროვე" მწვრთნელებისთვისაც კი სანატრელია მასთან ვარჯიში,უფრო მეტის სწავლისთვის და შედეგებიც შესანიშნავი აქვს და დაფასებაც;იქნებ დაფასებაა ჩვენი პრობლემა და არა სიძველე?
gio73
14:07 21-09-2011
0
და საერთოდ რომ ჩამოშორდნენ უნიჭო პოლიტიკოსები და ფულის მკეთებლები სპორტს,უფრო უკეთესი იქნება;და თუ რამის გაკეთება გინდა,დაეხმარე პროფესიონალებს რომ თავიაანთი საქმე აკეთონ მხოლოდ და არსებობისთვის საკმარ მინიმუმის შოვნაზე ფიქრით არ იყვნენ დაკავებულნი.
gio73
14:13 21-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული