კურაში, ძიუდო: ქართველების 10 მედალი და გუნდური პირველობა

AutoSharing Option
უზბეკური ეროვნული ჭიდაობა კურაში დიდი ხანია, გაცდა შუა აზიის ფარგლებს და მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. დასტურად ისიც გამოდგება, რომ შარშანდელ მე-8 მსოფლიოს ჩემპიონატში 68 ქვეყნის წარმომადგენლებიც ცდიდნენ ძალებს.

ამ დღეებში კი ბერძნულმა სალონიკიმ უზბეკეთის პრეზიდენტის, კურაშის მსოფლიო ფედერაციის თავკაცის ისლამ ქარიმოვის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. მთავარი პრიზისთვის 15 ქვეყნის 26 ფალავანი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ექვსი წარმომადგენელი.

განსაკუთრებით ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიო პირველობისა და უნივერსიადის გამარჯვებულმა გიორგი იაძემ იყოჩაღა. პირველ წრეში მან ოლიმპიური
ჩემპიონის - ჯარჯი ზვიადაურის ბიძაშვილი და სეხნია, სამბოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ილიას ილიადისი დაამარცხა, შემდეგ ქულებით სძლია უკრაინელ იური პრუდნიკოვს, მესამე წრეში კისრულით ბეჭებზე დასცა კურაშში უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი ილგარ ასადოვი. საამისოდ ჩვენებურს 20-ოდე წამი დასჭირდა.

სამაგიეროდ, ნახევარფინალში მასპინძელთან - ათენისა და პეკინის ოლიმპიადების მონაწილე ძიუდოისტ დიონის ილიადისთან წააგო 1:2 და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ვასილიოს ილიადისი, რომელმაც ფინალში ბიძაშვილი - დიონისი სუფთად დაამარცხა.

კურაშში შეჯიბრების დამთავრების შემდეგ სალონიკშივე ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა 20 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით. საასპარეზოდ ცხრა ქართველი ფალავანი გავიდა ტატამზე და უმედლოდ არავინ დარჩენილა: ყველა შეხვედრა მოიგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს ნოდარ ცალუღელაშვილმა (66), დავით ობგაიძემ (73), გიორგი ბიჩელაშვილმა (81), გიორგი იაძემ (90) და გიორგი კალაძემ (100).

ფინალური პაექრობები დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ ლევან ბერბერაშვილი (60), პაატა დოლიაშვილი (73) და ბექარ კაპანაძე (81), ხოლო გიორგი ტყემალაძეს (60) მესამე ადგილი ერგო. საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული