ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა

AutoSharing Option
კარგად დაწყებული ოლიმპიადა ბეთქილ შუკვანმა (60) კრახით დაასრულა და ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიენ მილუს მოგება, პრაქტიკულად, აჩუქა.

შეხვედრის დამთავრებამდე 5 წამით ადრე ქართველი იუკოს იგებდა, როცა მეტოქემ იპონზე გადააგდო. შუკვანს იმ მომენტში ძალზე მარტივი ამოცანა უნდა გადაეჭრა - როგორმე გაეყვანა ეს დარჩენილი წამები, რათა ცხოვრება წამებად არ ქცეოდა.

საამისოდ ბევრი გზა არსებობდა - თუნდაც ჩავლება აეღო, ხელებზე ეჭიდავა, მაჯა დაეჭირა, წელში ოდნავ მოხრილი მაინც დამდგარიყო ან რამე ამგვარი... დამთავრებამდე 9 წამით ადრე გაფრთხილებაც შეგნებულად მიიღო, რაც სავსებით გამართლებული იყო. მერე
კი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

მართალია, მას თითი სტკიოდა - ბოლო შეკრებისას ავტომანქანის კარში მოიყოლა და ლონდონშიც რამდენჯერმე დასჭირდა ექიმის დახმარება, მაგრამ ახლა ეს გამამართლებელ მიზეზად ვერ გამოდგება.

მან ხომ ამ ტრავმით წმინდად მოუგო ავსტრალიელ არნი დიკინსს, რომელსაც ორჯერ იუკო გაუკეთა, მერე კი იპონზეც დააგდო; ხოლო იმ ფატალურ მომენტამდე მილუსაც იუკო აართვა და ორჯერაც დააგდო.

მართალია, არცერთი ის გდება მსაჯებმა არ ჩაუთვალეს და ორჯერ ვაზარი გაუუქმეს, მაგრამ ილეთი ხომ შესრულდა. ეგეც არ იყოს, თითის ტკენა კი არა, იმ მომენტში იმდენად მარტივი რამ ევალებოდა, ხელი საერთოდ რომ არ ჰქონოდა, ისეც უნდა გაეყვანა ის ავბედითი 5 წამი!

თითზე უფრო მთავარი მიზეზი ტაქტიკური ჭიდაობის ნაკლია. შუკვანმა არათუ არ სცადა ფრანგის შეჩერება, უპრობლემოდ შეუშვა და აცალა ილეთზე შეკვრა. მილუმ გდება მოამზადა კიდეც და უნაკლოდაც ჩაჩეხა. შუკვანი კი თითქოს შეტევის დასასრულს ელოდა, ისე მორჩილად მიჰყვებოდა მოვლენათა განვითარებას.

არადა, ამ მომენტამდე ცუდად არ გამოიყურებოდა. მართალია, ორგანიზატორთა უთავბოლობით მის შეხვედრას დიკინსთან ვერ ვუყურეთ, მაგრამ ანგარიშიდან გამომდინარე ჩანს, რომ პირწმინდად დაჩაგრა. ფრანგთანაც დომინირებდა და ინიციატივას ფლობდა. შეიძლება ითქვას, მთელ რიგ ეპიზოდებში დაჩაგრა ის, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი წყალში გადაყარა.

არადა, ეს 5 წამიც რომ გაეძლო, მერე ლამის უბრძოლველად გავიდოდა მეოთხედფინალში, რადგან მომდევნო წრეში სოლომონისკუნძულელი ტონი ლომო ელოდა...

მეოთხედფინალში კიდეც რომ წაეგო იაპონელ მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ ჰიროაკი ჰიროაკასთან, სანუგეშოში მაინც გადავიდოდა და ბრინჯაოსთვის მაინც იბრძოლებდა.

ალბათ, საკამათო გახდება მსაჯთა გადაწყვეტილება, როცა შუკვანს ორი ვაზარი გაუუქმეს. სხვათა შორის - ორივე გვერდითების გადაწყვეტილებით და დავიჯეროთ, მთავარი არბიტრი ორივეჯერ შეცდა? ალბათ, საკამათო გახდება ისიც, შუკვანის წაყვანა სჯობდა თუ ამირან პაპინაშვილის, რომელიც რეიტინგში უსწრებდა ამას? მით უფრო, პაპინაშვილს ორჯერ ჰყავს დამარცხებული ფრანგი.

საჭიდაო სტილიდან გამომდინარე, ალბათ, მთლიანობაში შუკვანი ჯობდა, თუმცა იმ მომენტში, ვფიქრობთ, პაპინაშვილი უფრო შეძლებდა შეხვედრის გაჩერებას და გაკონტროლებას, იქამდე თუ მივიდოდა.

ამ წონაში მოვლენები ზუსტად ოლიმპიურად განვითარდა, ანუ ლიდერებმა წააგეს. განსაკუთრებით, უკრაინელთა ქართველმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ გააწბილა ქომაგები - პირველივე შეხვედრა გაფრთხილებებით წააგო იტალიელთა მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ელიო ვერდესთან. ზანთარაიას ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე პირველი შვილი - ვაჟი შეეძინა, თუმცა ეს მისთვის სტიმული ვერ აღმოჩნდა.

უკრაინელისგან განსხვავებით, ბედს მთლად არ უნდა ემდუროდეს უზბეკი რიშოდ სობიროვი, რადგან ბრინჯაო მაინც მოიპოვა. თუმცა არა გვგონია, მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ზედიზედ მომგები და ლამის დაუმარცხებელი ფალავანი ამით დიდად კმაყოფილი იყოს - ის ხომ ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი იყო.

მისი შეჩერება მომავალმა ჩემპიონმა, რუსთა სომეხმა ფავორიტმა არსენ გალსტიანმა შეძლო ნახევარფინალში ვაზარით, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი აზიელმა მილუ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსთათვის პირველი ოლიმპიური ოქროა ძიუდოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჰიროაკა აგრძელებს ტრადიციას - მსოფლიოს პირველობის ორი ფინალის შემდეგ გადამწყვეტი შეხვედრა ახლა ოლიმპიადაზეც დათმო. სამაგიეროდ, იყოჩაღა და ბრინჯაოს დაეუფლა 23 წლის ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი, ვინც სალიცენზიო რეიტინგში XI იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ვერდე დაჯაბნა - იტალიელი ერთადერთია ქვეჯგუფის ჩემპიონთაგან, რომელიც უმედლოდ დარჩა.

თუმცა ბრაზილიამ გუშინ ყველაზე დიდ წარმატებას ქალებში მიაღწია, სადაც 48 კილოგრამში ჩემპიონი სარა მენეზესი გახდა.

მას შემდეგ, რაც ლეგენდარული იაპონელი, ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის ორ-ორგზის და ბრინჯაოს მფლობელი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი რიოკო ტამურა-ტანი პეკინის ოლიმპიადის შემდეგ სპორტიდან წავიდა, აქ ლიდერობისთვის ბრძოლა დღემდე გრძელდება.

აქამდე მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა მენეზესმა ფინალში რუმინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა დუმიტრუს წაართვა მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვების შანსი. არადა, რუმინელს რომ მოეგო, იაპონელი მასაე უენოს (70) შემდეგ ქალებში მეორე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა.

კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. არსენ გალსტიანი (რუსეთი), 2. ჰიროაკი ჰიროაკა (იაპონია), 3. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი), ფელიპე კიტადაი (ბრაზილია).

ქალები.
48 კგ. 1. სარა მენეზესი (ბრაზილია), 2. ალინა დუმიტრუ (რუმინეთი), ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი), კარლინე ვან სნი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. განსაკუთრებით შუკვანის გამოსვლაა ძალიან დასანანი და ვიტყოდი ძალზე სამარცხვინო. 4 წამში შეხვედრა როგორ უნდა წააგო, ვერ წარმომიდგენია. გაგგიჟდება კაცი რააა.
zako
11:11 29-07-2012
0
გასათვალისწინებელია რომ ბეთქილს ტრავმა ქონია ად ასე მკაცრად ნუ გავსჯით. სამომავლოთ უსურვოთ წარმატებები მე მჯერავს მისი.
zaza sigu
13:09 29-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული