ლაშა შავდათუაშვილი: ამ გამარჯვებას ჩემს ლამაზ სამშობლოს ვუძღვნი...

AutoSharing Option
ქართულ სპორტს ახალი გმირი ჰყავს - 29 ივლისს 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

ლაშაზე ლაპარაკობენ ყველგან - სოციალურ ქსელებში, მასმედიაში, ქუჩაში, თბილისში, გორშიც...

ახალგამომცხვარი ჩემპიონი ხომ წარმოშობით გორის რაიონის სოფელ კარალეთიდან არის. ასეა - გორიდან ლონდონამდე არც ისე შორი ყოფილა, ახალგაზრდული წარმატებიდან ოლიმპიურ მწვერვალამდე კი - კიდევ უფრო ნაკლები...

მხოლოდ ნახევარი წელიწადია, რაც ლაშა შავდათუაშვილმა ახალგაზრდული ტურნირებიდან უფროსებში გადაინაცვლა, ოლიმპიური ლიცენზიაც ბოლო წუთს მოიპოვა და გასაკვირი არც არის, ყველასათვის უცნობ ახალგაზრდას გაცილებით უფრო გამოცდილი მეტოქეები ზემოდან რომ უყურებდნენ...
შედეგი? ახლა ის უყურებს ყველას "ზემოდან" - ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან.

20 წლის ძიუდოისტმა ხუთიდან ოთხი მატჩი იპონით მოიგო, მეტოქეებს ქულაც არ ააღებინა, გაფრთხილებაც კი არ მიუღია... და რაც მთავარია, ისე უშიშრად უტევდა, გეგონებოდათ, მეტოქეებად მასპინძელთა ჯილა კოლინ ოუტსი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მასაში ებინუმა ან ევროპის ორგზის ჩემპიონი მიკლოშ უნგვარი (ლაშაზე 11 წლით უფროსი. - ავტ.) კი არა, თანასოფლელი ჭაბუკები ჰყავდა.

"სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერი" - ამ სიტყვებს ლაშა შავდათუაშვილი ხშირად იმეორებს. რაც მთავარია, პირდაპირ "ყველაფრით" დაიწყო...

ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიურმა ჩემპიონმა "ყველა სიახლის" კითხვებს ლონდონიდან უპასუხა:

- რის ხარჯზე გაჩემპიონდი?
- ღვთის წყალობით და თავდაუზოგავი შრომით!

- მგონი, ცივსისხლიანობით ირაკლი ცირეკიძესაც კი აჯობე - ჭიდაობისას აღელვება ოდნავადაც არ გეტყობოდა...
- ორთაბრძოლისას სრულად მობილიზებული ვარ ხოლმე, როგორც შეტევის, ასევე თავდაცვის დროს. გამარჯვების შემდეგ კი უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.

- ასეთ აქტიურობას შენგან არც იაპონელი ელოდა და არც უნგრელი. ასეთი ტაქტიკა ოლიმპიადისთვის აირჩიე თუ სულ ასე აქტიურად უტევ?
- საბრძოლო განწყობა მქონდა, უნდა მეჭიდავა და შემეტია. ჩემს მეტოქეებს ჩემ ნაცვლად სხვა ხომ ვერ წააქცევდა? ამიტომ ვაქტიურობდი და მგონი, არც დაღლა შემტყობია.

- ფიზიკურად მართლაც ჩინებულად იყავი მომზადებული. ჩანს, პიტერ ზაიზენბახერი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევს...
- ძალიან ბევრი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. რაც ნაკრებში ვარ, თითქმის სულ საზღვარგარეთ ვიყავით შეკრებებზე. დიდი მხარდაჭერა გვქონდა ძიუდოს ფედერაციისგან, ოლიმპიური კომიტეტისგან. შეკრებას მსოფლიოს უძლიერეს ძიუდოისტებთან ერთად გავდიოდით და მათთან ერთად ვარჯიშით დიდი გამოცდილება მივიღე.

- შენი მწვრთნელებისგან შევიტყვეთ, რომ დამატებითაც ვარჯიშობ ხოლმე...
- თუ არ იშრომე და იწვალე, წარმატება არ მოვა. ჩემი დევიზი ასეთია: "სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერი!" თუ სპორტსმენობას გადაწყვეტ და გინდა, წარმატებას მიაღწიო, ბევრი რამ უნდა მოიკლო. უნდა აირჩიო - ან სპორტი, ან გართობა.

- 20 წლის ახალგაზრდისთვის ძნელი არ არის ყველაფერზე უარის თქმა?
- ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ალბათ, უფალმა მომცა იმის ძალა, რომ თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე წარმატებისთვის მიმეღწია, მესახელებინა ჩემი სამშობლო, ოჯახი, გულშემატკივრები...

- შენი წარმატება, გარკვეულწილად, ალბათ, მოულოდნელობის ეფექტმაც განაპირობა - მეტოქეების უმეტესობა არ გიცნობდა და 20 წლის ახალბედასგან საფრთხეს არ ელოდნენ...
- მეც ასე მგონია. სათანადოდ არც შემაფასეს. მით უმეტეს, ოლიმპიადის ლიცენზია ბოლო ტურნირზე ავიღე. მხოლოდ ხუთი თვეა, რაც ახალგაზრდებიდან უფროსების ტურნირებში გადავინაცვლე და ლიცენზიის მხრივ, თითოეული ტურნირი გადამწყვეტი იყო ჩემთვის: ერთიც რომ წამეგო, ოლიმპიადაზე ვერ მოვხვდებოდი...

- და ვერც ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდი...
- როცა იმ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, რომელსაც ძიუდოში არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, ასეთი მიღწევა დიდი ბედნიერებაც არის და პასუხისმგებლობაც. ვალდებული ვარ, წარმატებას მომდევნო წლებშიც მივაღწიო...

- ფინალის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი თქვი - ორთაბრძოლას სახელები კი არა, სპორტსმენები იგებენო, მაგრამ თქმა ერთია და შესრულება - მეორე: როდესაც შენს წინააღმდეგ ისეთი გამოცდილი და ტიტულოვანი მეტოქეები იდგნენ, როგორებიც არიან მასაში ებინუმა ან მიკლოშ უნგვარი, შიშს ოდნავაც არ გრძნობდი?
- დავივიწყე, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონს ვხვდებოდი. უბრალოდ, უნდა გავსულიყავი ტატამზე და ვინც უნდა ყოფილიყო ჩემი მეტოქე, უნდა მეჭიდავა. უკან ნამდვილად არაფერზე დავიხევდი და თუ წავაგებდი, ვაჟკაცურად წავაგებდი...

- ლონდონში ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარე და ფინალის გარდა, ყველა შეხვედრა იპონით მოიგე. მეტოქეებისთვის კინკილა ქულაც არ დაგითმია, ერთი გაფრთხილებაც კი არ მიგიღია...
- თვითონაც ვერ ვხვდები, როგორ მოხდა ასე. ალბათ, უფლის ნება იყო, ჩემი დღე გათენდა...

- ფინალში გამარჯვების შემდეგ თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა რა გითხრეს?
- ჩემი გამარჯვების შემდეგ ორმაგად არიან მოტივირებულნი და ყველაფერს გააკეთებენ, მაქსიმალურ შედეგს რომ მიაღწიონ. რაც შეეხება ზაიზენბახერს, ძალიან კმაყოფილია. ჩემგან მედალს, მით უმეტეს, ოქროს, ნამდვილად არ ელოდა. ავსტრიელი მწვრთნელი კი არა, არავინ ელოდა (იცინის).

- ოლიმპიადის ყველაზე ემოციური მომენტი რომელი იყო შენთვის?
- ებინუმას დაიპონება. მსოფლიოს ჩემპიონ იაპონელს რომ მოვუგე, ენითაუწერელი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ოცნება ამისრულდა... ფინალის დასრულების შემდეგ კი ბოლომდე ვერც კი ვაცნობიერებდი, რა მოხდა, გაბრუებული ვიყავი...

- ამ გამარჯვებას ვის უძღვნი?
- ჩემს ლამაზ სამშობლოს, ოჯახს, გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი გამარჯვება გაუხარდა...

- იცი, რომ სოციალური ქსელები შენი ფოტოსურათებით არის აჭრელებული? ყველა მოვალედ მიიჩნევდა თავს, შენი ფოტოს გავრცელებით და თბილი სიტყვებით გამოეხატა ის სიხარული, რაც საქართველოს მოუტანე...
- ასეთი სითბოსა და მხარდაჭერისთვის ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი და ვეცდები, ჩემი გულშემატკივრები კიდევ არაერთხელ გავახარო.

- ბევრ სახელოვან სპორტსმენს დაუსრულებია კარიერა ისე, არათუ მედალი, ოლიმპიადაზე მონაწილეობაც კი სანატრელი ჰქონია. შენ კი 20 წლისა უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ხარ... ეს დიდი წარმატება მოტივაციას ხომ არ დაგაკარგვინებს?
- ბევრია ისეთი სპორტსმენი, კარიერის განმავლობაში რომ შრომობს, თავს არ ზოგავს, მაგრამ ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ ახერხებს. მე კი...
როგორც ჩანს, იღბლიანი ვარ, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი.

მოტივაციას რაც შეეხება, მიღწეულით დაკმაყოფილებას ნამდვილად არ ვაპირებ და ვეცდები, ჩემი გულშემატკივრები მომავალ ტურნირებზეც გავახარო. ერთის თქმა კი ნამდვილად შემიძლია - როგორიც ვარ, ისეთი დავრჩები და ვერანაირი ჯილდო ვერ შემცვლის!

თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ ვუხდი უღრმეს მადლობას ყველას, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა!

ესაუბრა რატი შელეგია

ლაშა შავდათუაშვილი: სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე" (გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:
გამარჯვების გამოძახილი: გორის ძიუდოს ნანატრი გმირი!
ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
wgijdebit am bichze !!! saxeze etyoba da gimilze ra kargi pirownebaa sulierad. xma chagwizyda lasha shen balelshikobashi,yochag yochag !!! zalian gagwaxare, bewri gwimrawlos shennairi axalgazrdebi !!! didi madloba
EKA , NINO,LEWAN
22:36 01-08-2012
0
დამოუკიდებებლ საქართველოში დაბადებული ოლიმპიური ჩემპიონი!!!!
london2012
18:21 01-08-2012
0

სიახლეები პოპულარული