ჩხუბი ამ დღეებში ძიუდოს აკადემიაში მომხდარა ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე, როცა სპორტსმენებს გუჯეჯიანი გარეთ გაუხმიათ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ნაკრების სამწვრთნელო შტაბი - ირაკლი ცირეკიძე, გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი რედაქციაში გვესტუმრა და თავისი აზრი დააფიქსირა.
ცუდია, ძიუდოში დაპირისპირება რომ არ მთავრდება. რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფრისგან.
ახლა კი მოვუსმინოთ
ირაკლი ცირეკიძე:
- ჩვეულებრივად ვატარებდით ვარჯიშს, როცა შუა პროცესში დარბაზში შემოვიდა სამი პიროვნება - ბეთქილ შუკვანი, იოსებ წელაური და ერთიც ჩემთვის უცხო ადამიანი. მათ გუჯეჯიანი გარეთ გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სრულიად უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ.
ესაა პროვოკაცია, რადგან ალბათ, ეგონათ, რომ ჩვენც ჩავერეოდით, რასაც მოჰყვებოდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს მწვრთნელები მოსწავლეებს ვცემთ, დებოშს ვაწყობთ და ასე შემდეგ.
ეტყობა, მათ ხელს არ აძლევთ სიტუაციის დალაგება ნაკრებში, რადგან არსებობს ხალხი, რომელსაც უნდა, თვითონ იყოს, სხვას კი მნიშვნელობა არაფერს აქვს. ეკუთვნით თუ არა, მაინც აქვთ ამბიცია, რომ უნდა იყვნენ.
თუ ძიუდოს სამყაროს შოთა ხაბარელის დანაშაულზე დაეკითხებით, საზოგადოებას ბევრი კითხვა უჩნდება და ბევრი ფაქტი არსებობს საამისოდ. თუ მას ძიუდოს სიკეთე უნდა, არაა აუცილებელი, ფედერაციის პრეზიდენტი იყოს - ის პარლამენტშია და იქიდანაც შეუძლია ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება.
ხაბარელისადმი ამ ბიჭების მხარდაჭერა იმაში გამოიხატება, რომ ეს ჯგუფი იყო ჩასული კახეთში რეგიონული არჩევნების ჩასატარებლად. მარნეულშიც ჩავიდნენ. მათთან იყო მოქმედი სპორტსმენი ამბაკო ავალიანიც.
გუნდში სიტუაცია დალაგდა და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ მის არევას. ისინი წინა დღესაც ყოფილან დარბაზში მოსული, მაგრამ სამინისტროში ვიყავით მინისტრთან შეხვედრაზე და ვერ გვნახეს. სამაგიეროდ, მეორე დღეს მოვიდნენ, არც სავარჯიშო ფორმა ეცვათ და არც მწვრთნელებს მოგვსალმებიან.
არადა, თავის დროზე არც წელაურთან მქონია პრობლემა, ხოლო შუკვანი ბოლო შეკრებაზე ჩემს ოთახში ცხოვრობდა. ამის მიუხედავად, არც მოგვსალმებიან, გაიყვანეს გარეთ გუჯეჯიანი და არაფრის გამო ჩხუბი დაუწყეს.
გვინდა, ეს ფაქტი საზოგადოებამაც შეაფასოს. ამიტომ ვლაპარაკობთ ხმამაღლა, თუმცა არც მათი საქციელი დარჩება რეაგირების გარეშე - ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ხახალეიშვილი ჩამოვა ამერიკიდან და მომხდარზე იმსჯელებს.
შეიძლებოდა, ეს ფაქტი დღეს არ გამოგვეტანა საზოგადოების სამსჯავროზე, გარკვეულ მომენტამდე დაგვეცადა, მაგრამ არ გვინდა, ძიუდოში დაბრუნდეს ის ძალა, რაც აქამდე აფუჭებდა ვითარებას. ყველანაირად შევეცდებით, ეს არ დავუშვათ.
ლაშა გუჯეჯიანი:
- ჩხუბის კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, მაგრამ ვფიქრობ, რეალური მიზეზი ისაა, რომ ხაბარელის მხარდამჭერები არიან. ამ შემთხვევაში მამუკა და შოთა ხაბარელები ერთმანეთთან ასოცირდებიან.
ჩვეულებრივად დამიძახეს, ხელი დამიქნიეს და გავედი. მე იქით ვუთხარი ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩემს მეგობრებად, ძმაკაცებად მივიჩნევდი, ან რატომ არ ვარჯიშობთ, ან მოსალმებას რა უდგას, ან რაზე ხართ ნაწყენი, ან მე რა დაგიშავეთ-მეთქი, მაგრამ არაფერი უთქვამთ, მუშტიკრივზე გადმოვიდნენ.
შუკვანთან არც ადრე მქონია უთანხმოება. პირიქით - ჩემი კალთის ქვეშაა გაზრდილი, მეგობრულად ვუწვდიდი ხელს და ჩემი გამოცდილებიდან ყველაფერს ვუზიარებდი.
ისინი წინა დღესაც მოვიდნენ დარბაზში შუკვანის მწვრთნელ ბორის ფირცხელიანთან ერთად. არ უვარჯიშიათ, ფორმაც არ ჰქონდათ და რა უნდოდათ, რატომ მოვიდნენ? მოენატრა ძიუდო იმ ჯგუფს, რომელიც მარნეულსა და საგარეჯოში იყო ჩასული მამუკა ხაბარელის მხარდასაჭერად? ან მეორე დღეს რატომ მოვიდნენ შუა ვარჯიშზე, თუ ეს პროვოკაცია არაა?
ხაბარელის მხარდამჭერებს თურმე ფედერაციის გადარჩევა უნდათ; თურმე, არც რეგიონულ ფედერაციებში არ არიან ობიექტური პრეზიდენტები...
ესეც ხაბარელებმა მოაწყვეს, რადგან ეს მათი სტილია - მსგავს დავალებებს მეც მაძლევდნენ სპორტსმენობისას, როცა შოთა ხაბარელი თანაგუნდელების გალახვას მავალებდა. მაგალითად, გრიგოლ მამრიკიშვილზე მეუბნებოდა ამას...
ნამდვილად არ გვინდა, ძიუდოს ჩირქი მოვცხოთ, მაგრამ რაც ხდებოდა ფულთან დაკავშირებით ან რა სიბინძურეებიც კეთდებოდა, მაშინ მამუკა ხაბარელიც ფედერაციაში მუშაობდა. ახლა არ გვინდა იმდროინდელ ფაქტებზე ლაპარაკი, მაგრამ საზოგადოება თუ დაინტერესდება, დაე, ყველაფერს ფარდა აეხადოს.
ასევე, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია მოწოდებები, რომ თურმე ირაკლი ცირეკიძე, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ნაკრებში არ უნდა იყოს, რომ თქვენი დრო მალე წავაო... თურმე ჩვენი ადგილი იქ არაა. არადა, ჩვენ 4-წლიანი კონტრაქტი გვაქვს დადებული.
ამ ფაქტზეც იმიტომ ვლაპარაკობთ ასე საჯაროდ, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გვინდა გამოტანა.
გიორგი ვაზაგაშვილი:
- არცერთი იმ სპორტსმენისთვის, ვინც დღეს არ ვარჯიშობს, არავის უფიქრია ხელის შეშლა. პირიქით, ყველას დავუძახეთ და ვეუბნებით, მოდით, ივარჯიშეთ და იმ ფორმაში ჩადექით, რომ ყველგან მიიღოთ მონაწილეობაო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა.
ახლა მეც შემიძლია, ცირეკიძის მაგივრად გავცე პასუხი რაღაც კითხვებს, ცირეკიძემ - გუჯეჯიანის და ლაშამ - ჩემს ნაცვლად. ბიჭებმა ეს რომ დაინახეს, დადებითადაც განეწყვნენ, რადგან ყველა მათგანი იმ არეულობის მონაწილეა. როგორ შეიძლება, წონაში ორ კაცი გყავდეს და ერთი ერთ მხარეს იყოს, მეორე - მეორეზე? დღეს რომ ასე არაა, ეს მწვრთნელების დამსახურებაა.
ისიც აუცილებელია, რომ მწვრთნელი უნდა დაფასდეს და ამაში მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ - მწვრთნელი დარბაზში რომ შედის, შეგირდები მას უნდა აფასებდნენ.
რედაქციისაგან: აი, ასეთია სურათი, რომელიც ერთმა მხარემ დაგვიხატა. "ლელო" მზადაა, მეორე მხარესაც დაუთმოს ტრიბუნა, თუ თვითონ ამის სურვილს გამოთქვამენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"