განაცხადების წარდგენის ვადა 7 დეკემბერს შუადღისას ამოიწურა, ცირეკიძემ კი ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანა განცხადება.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონმა დავით ქევხიშვილმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, პარლამენტარმა თემურ ხუბულურმაც გამოთქვეს.
ამათგან ქევხიშვილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაპირისპირებულ მხარეთა საერთო კანდიდატი იყო. საყოველთაო განწყობით, მას
საქმე თითქოს აქეთკენაც მიდიოდა, თუმცა ეს სიწყნარე იმთავითვე მყიფე ჩანდა და მალევე დაირღვა კიდეც, როცა ხუბულურმა განაცხადი შეიტანა. ახლა ამ ყველაფერს მესამე კანდიდატიც დაემატა.
ბუნებრივია, არანაირად არ ვართ არც ერთი პრეტენდენტის წინააღმდეგი, მაგრამ გვერჩივნა, საერთო კანდიდატურაზე შეთანხმებულიყვნენ. ახლა კი ისე ეტყობა, ქართულ ძიუდოში სიმშვიდემდე ჯერ კიდევ შორია.
თუ ასე გაგრძელდა, გვეშინია, არ გამართლდეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის სიტყვები, სულ მალე ძიუდოში იმაზე უარესი არეულობა დაიწყება, ვიდრე აქამდე ვიხილეთო.
არადა, მოგეხსენებათ, იმ ამბებმა რამდენით დაგვწია უკან და მასზე უარესი ხომ სულ მთლად იპონზე დაგვცემს.
ცხადია, ეს დაძაბულობა საერთო მაჩვენებლებზე აისახება. ასე მაგალითად, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების დარად უკვე რამდენჯერმე გადავადებული საქართველოს ჩემპიონატი კვლავ გადაიდო - 15-16 დეკემბერს გასამართი 18-19 დეკემბერს ჩატარდება სპორტკომპლექს "არენაში".
თუმცა ახლანდელ გადადებას ცოტა სხვა მიზეზი აქვს - შაბათ-კვირას "არენა" დაკავებულია და თავისუფალი დროის გამონახვა ვერ მოხერხდა, მაგრამ აქამდე სწორედ რომ აღნიშნული დაპირისპირების გამო ვერ ჩატარდა - ახალი ხელმძღვანელობა მოვა და ბარემ, იმან ჩაატაროსო, ითქვა გადადების მიზეზად.
იმედია, ახლა მაინც გაიმართება დათქმულ დროს და ახალ წელს არ იჭიდავებენ.
უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ ნაკრების მოსამზადებელი პროცესიც ფერხდება. ჩვენდა ბედად, საგაისო კალენდარმა ცოტა გადაიწია - წინა წლებში მასტერსი თუ დეკემბერ-იანვარში ტარდებოდა, გაისად მაისშია გადატანილი, ხოლო თბილისის ტურნირი ადრე თუ 30-იანვრამდე იმართებოდა, წლეულს 2-3 თებერვალსაა შეტანილი კალენდარში.
ამდენად, მოსამზადებლად დრო ჯერ კიდევაა, მაგრამ რაც ადრე დაიწყებს შეკრებას და მიზანმიმართულ მზადებას საგაისო სეზონისთვის, მით უკეთესი.
ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის პირველობის გამართვა, რადგან მან უნდა გაარკვიოს ის ბირთვი, ვისაც მწვრთნელი მომავალ სეზონში დაეყრდნობა და მათი მომზადება უნდა დაიწყოს.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს კანოს ტურნირი, სადაც არ გამოვედით - სატურნირო პრაქტიკა ერთია და იქ ერთობლივი შეკრების გავლაც შეიძლებოდა. მართალია, ამ ხარვეზის გამოსწორება პარიზში და სხვა დიდ ტურნირებზეც შეიძლება, მაგრამ იაპონია, ტოკიო და კანო მაინც სხვა დონეა.
აი, ასეთი არასახარბიელო ვითარებაა ქართულ ძიუდოში, თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ სპორტის ეს წარმატებული სახეობა კვლავაც რჩება დაპირისპირებულთა თამაშის ობიექტად.
დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 10 დეკემბერს, 14 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი ცირეკიძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის მესამე კანდიდატია
თემურ ხუბულური - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი და ერთადერთი კანდიდატი დავით ქევხიშვილია
დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს
სკანდალი: დავით ხახალეიშვილი ლევან ყიფიანს ზეწოლაში ამხელს!
მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?