იქ მიწვეულია სულ 8 სპორტსმენი - ტიუმენელთა ჯილა, მსოფლიოს პრიზიორი მუსა მოგუშკოვი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, ფინალში შავდათუაშვილთან დამარცხებული უნგრელი მიკლოშ უნგვარი, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი, ესპანელი მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი სუგოი ურიარტე, ევროპის აზერბაიჯანელი ვიცე-ჩემპიონი ტარლან კერიმოვი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ყაზახი ჩემპიონი, აზიის პირველობის გამარჯვებული სერგეი ლიმი, ევროპის პრიზიორი, სლოვენიელი როკ დრაკშიჩი და ჩვენებური.
მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი თიაქარის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მან ვარჯიში კი დაიწყო და თანდათან დატვირთვებსაც ზრდის, მაგრამ ჯერ ბოლომდე მაინც ვერ იხარჯება.
ექიმები საბოლოო პასუხს 18 დეკემბერს ეტყვიან, როცა ოპერაციიდან სამი თვე შესრულდება. იმედია, დასტაქართა პასუხი დადებითი იქნება, რადგან სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმაზომიერად, გართულებების გარეშე მიდის.
თავად სპორტსმენი იმედოვნებს, რომ 9-10 თებერვალს გასამართ პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"