ლაშა შავდათუაშვილი: ბევრი რამ უნდა მოიკლო და აირჩიო - ან სპორტი, ან გართობა

AutoSharing Option
ლაშა შავდათუაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია. მეტიც, ის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიური ოქრო მოიგო!

ხშირად იმეორებს - სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერიო და... პირდაპირ "ყველაფრით" დაიწყო...

- საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს... სამშობლოში აღიარება განსხვავებული გრძნობაა თუ ლონდონური ემოციების შემდეგ აღარაფერი გიკვირს?
- როცა შენს ქვეყანაში ყველა სახეობის წარმატებულ სპორტსმენებს შორის საუკეთესოდ დაგასახელებენ, უდიდესი სიხარული, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ოლიმპიურ კვარცხლბეკზე დგომისას განცდილს ვერაფერს შევადარებ, თუმცა სამშობლოში აღიარებას მართლაც სხვანაირი "გემო" აქვს.

- ოპერაციის
შემდეგ ვარჯიში უკვე განაახლე...

- საზარდულის ოპერაცია ოქტომბრის ბოლოს, ავსტრიაში გავიკეთე და სამი თვის განმავლობაში ექიმები ფიზიკური დატვირთვის უფლებას არ მაძლევდნენ. თუმცა, უკვე სამ კვირაზე მეტია, რაც ვარჯიში განვაახლე. ათდღიანი შეკრება ბაკურიანშიც გავიარე და ნელ-ნელა ვიბრუნებ უწინდელ კონდიციებს.

სავარაუდოდ, ტატამს 9-10 თებერვალს გასამართ პარიზის "დიდ სლემზე" დავუბრუნდები, თუმცა, ამ საკითხს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად გადავწყვეტ.

- გამოდის, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე (სპორტის სასახლე მსოფლიო თასს 3-4 თებერვალს უმასპინძლებს - ავტ.) შენი ჭიდაობა გამორიცხულია?
- ალბათ, რადგან თბილისისა და პარიზის ტურნირებს შორის ძალიან პატარა შუალედია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორივეგან გამოსვლა ჩემთვის რთული იქნება.

- 31 იანვარს დაბადების დღე გაქვს. 21-ე იუბილეს ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ხვდები...
- ყოველი წლის 31 იანვარი თავისებურად გამორჩეულია, მაგრამ ასეთი ბედნიერი ჩემს არც ერთ დაბადების დღეს არ შევხვედრივარ (იცინის).

- ლონდონშიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყავი, მაგრამ მგონია, რომ ბოლომდე მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააცნობიერე, რას ნიშნავს ოლიმპიური ჩემპიონობა...
- მართალია. არაფერი შეედრება, როცა ყოველ ნაბიჯზე უდიდეს სითბოს გრძნობ და ხედავ, რომ შენი წარმატება ყველას ისევე უხარია, როგორც თავად. დიდი მადლობა ყველას, ჩემი სიხარულის გაზიარებისა და ასეთი სიყვარულისთვის.

- ახლა, როცა ლონდონური ტრიუმფიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, შეგვიძლია ცივი გონებით ვუპასუხოთ კითხვას - რის ხარჯზე გახდა ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი?
- ბოლომდე ვიხარჯებოდი, ისე ვჭიდაობდი, რომც წამეგო, საკუთარ თავს ვეღარ დავადანაშაულებდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო და რაღაც დავაკელი.

- გარკვეულწილად, ისიც დაგეხმარა, რომ ფაქტობრივად, არავინ გიცნობდა და მით უმეტეს, 20 წლის უცნობი ახალგაზრდისგან ასეთ აქტიურ ჭიდაობას არ ელოდნენ...
- უფროსებში ხუთიოდე თვის გადასული ვიყავი და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოვასწარი ჭიდაობა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, მერე კი ოლიმპიადის დროც მოვიდა... აქტიურობას რაც შეეხება, სხვაგვარად ვერაფერს მივაღწევდი.

ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, სპორტსმენები წლობით ემზადებიან, თითოეულ წონით კატეგორიაში 32 უძლიერეს სპორტსმენს შორის რომ მოხვდნენ. მათი უმეტესობა ტიტულოვანი და გამოცდილი მოჭიდავეა და არავინ არაფერს დაგითმობს. მე კი 20 წლის ვარ, დასაკარგი არაფერი მქონდა, თავისუფლად უნდა მეჭიდავა და მეცადა, ისტორიაში შევსულიყავი. უფლის წყალობით, ასეც მოხდა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია, არასდროს შემშურებია, როცა ვინმეს მაგარი ავტომანქანით დავინახავდი. რაღაცნაირად, ყოველთვის მჯეროდა, რომ ოდესმე მეც ვიქნებოდი წარმატებული ადამიანი, მეც მეყოლებოდა ძვირად ღირებული მანქანაო. რას გრძნობ ახლა, როცა გუმანმა არ გიღალატა და უკვე გყავს საოცნებო ავტომანქანა?
- მატერიალურ რაღაცებთან დაკავშირებული მიზნები არასდროს მქონია, მით უმეტეს, BMW X6-ის შეძენაზე არ მიოცნებია. თუმცა, ვფიქრობდი, რომ ოდესმე ეს ყველაფერი მეც მექნებოდა.

სხვისი არასდროს არაფერი შემშურებია. პირიქით, უფლის ყოველთვის მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მაქვს.

- შენი წონითი კატეგორიის შესაბამისად, ავტომანქანის სანომრე ნიშნად 066 გაქვს არჩეული.
- 66 ჩემთვის ბედნიერი რიცხვი აღმოჩნდა, თორემ ასეთ რაღაცებს ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევ. ცრურწმენების არ მჯერა, თუ რამეში არ გიმართლებს, რიცხვებს კი არა, საკუთარ თავს უნდა დააბრალო.

- მაგარი ავტომანქანა, უდიდესი პოპულარობა და ყურადღება - 20 წლის ბიჭისთვის ამდენის "გაძლება" რთული არ არის? ყველას ძალიან დაგვწყდება გული, თუ "ვარსკვლავური ავადმყოფობა" შეგეყრება და ისტორიას მხოლოდ ერთი ტურნირის ჩემპიონად შემორჩები.
- დრო გვიჩვენებს, მაგრამ არა მგონია, პოპულარობამ დათვური სამსახური გამიწიოს. ჩემი საქმე მიყვარს და სანამ შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რათა სამშობლო კიდევ არაერთხელ გავახარო. ვიმეორებ: სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერი! თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, ბევრი რამ უნდა მოიკლო და აირჩიო - ან სპორტი, ან გართობა...

- გარდა იმისა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს, იმითაც გამოირჩევი, რომ ხარ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი!
- ესეც დამატებითი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩემი ეიმედებათ და ვალდებული ვარ, წარმატებას მომდევნო წლებშიც მივაღწიო. უნდა დავამტკიცო, რომ ოლიმპიადა შემთხვევით არ მომიგია. მით უმეტეს, ჯერ მსოფლიო ჩემპიონობაც მოსაგები მაქვს და ევროპის პირველობაც...

- ძიუდოს გარდა, რა უყვარს ლაშა შავდათუაშვილს?
- ნადირობა მიყვარს. მეგობრებთან ერთად ვერთობი ხოლმე და "ნადირობას" ვეძახით (იცინის). თუმცა, დატვირთული გრაფიკის გამო ამასაც იშვიათად ვახერხებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:
ლაშა შავდათუაშვილი - ქართული სპორტის ოქროსფერი ელვარება
რად უნდა კითხვა: საქართველოს 2012 წლის სპორტსმენი ლაშა შავდათუაშვილია!
"ლელოს" სტუმარი ლაშა შავდათუაშვილი - სტიქაროსანი ჩემპიონი
მიხეილ სააკაშვილი: ლაშა შავდათუაშვილი გოლიათი მეგონა [+VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი: პოლიტიკაზე საუბარი არ მსიამოვნებს
ლაშა შავდათუაშვილი: ამ გამარჯვებას ჩემს ლამაზ სამშობლოს ვუძღვნი...

ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური ოქრო მის მშობლიურ კარალეთში აღნიშნეს [+VIDEO]

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული