საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პარიზში ბეთქილ შუკვანიც მიჰყვება

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც მომავალ უქმეებზე - 9-10 თებერვალს პარიზში "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს.

ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი (66), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლაშა გურული, დავით ლორიაშვილი (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (+100) - აი, ამ ფალავნებზე შეაჩერა მწვრთნელმა ამჯერად არჩევანი.

გუნდს პარიზში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც (66) მიჰყვება, ოღონდ ის არ იჭიდავებს, მხოლოდ ერთობლივ ვარჯიშებში
მიიღებს მონაწილეობას.

ეტყობა, ოპერაციის შემდეგ ის ჯერ კიდევ ვერ მივიდა იმ კონდიციამდე, სატურნირო დატვირთვას ბოლომდე გაუძლოს და ჭიდაობა შეძლოს. უზნაძემაც ამიტომ არ გარისკა.

ალბათ, ოლიმპიური ჩემპიონი ტატამს 23-24 თებერვალს დიუსელდორფში გასამართ "დიდ პრიზზე" დაუბრუნდება.

დაგვეთანხმებით, წარმოდგენილ შემადგენლობაში მთავარი სიახლე ევროპის ვიცე-ჩემპიონ შუკვანის გამოჩენაა, რომელიც ოლიმპიადაზე გადატანილი სკანდალის შემდეგ კვლავ უბრუნდება აქტიურ სპორტს.

უზნაძეს პარიზში ლაშა ტაველურის (90) წაყვანაც სურდა, რომელმაც კვირას ბრინჯაო მოიპოვა თბილისის "ევროპულ თასზე", მაგრამ მისთვის საბუთების გამზადება ვერ მოესწრო. ჩანს, ისიც დიუსელდორფში იასპარეზებს.

ჩვენი ნაკრები შეჯიბრების დასრულების შემდეგ პარიზში დარჩება და ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას. ძიუდოისტები თბილისში 15 თებერვალს დაბრუნდებიან, 16-17-ში ბუდაპეშტში გასამართ "ევროპის ღია თასს" გამოტოვებენ და დიუსელდორფისთვის სახლშივე მოემზადებიან.

უზნაძე გერმანიაში წასაყვან შემადგენლობასაც პარიზიდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.

სამწუხაროდ, შეჯიბრებებში ჩართვას ისევ ვერ ახერხებს ქალთა ნაკრები - წინა კვირას ჩვენი ტურნირის პარალელურად, სოფიაში გამართულმა ქალთა ევროთასმაც მათ გარეშე ჩაიარა და არც პარიზში გვეყოლება მონაწილე. გვესმის, ჯერ ჩვენი სპორტსმენი ქალები არ არიან ვაჟებივით ძლიერები, მაგრამ შეჯიბრებებზე თუ არ გამოვიყვანეთ, ყოველთვის ამ დონეზე დავრჩებით.

არადა, 2-3 წონაში კალენდრის გონივრული დაგეგმვით შეიძლება რეიტინგის გაუმჯობესება, რაც ნელ-ნელა დაგვაყენებს პროგრესის გზაზე.

ასევე იხილეთ:
ევროპის თასი: პირველი ტურნირის წკიპურტები [VIDEO]
მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?
Telegraph-ი ბეთქილ შუკვანის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ბეთქილ შუკვანი: მე არაჯანსაღი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო თქვენი იმედი მაქვს, განსაკუთრებით კი ჩემი დათუნია ა. გვასახელებს გული მიგრძნობს, გენაცვალე... მიყვარხარ! :-*
mariami
21:18 06-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული