გია გუგავა: ამ ეტაპზე ნაკრებში ადგილი გარანტირებული მაინც არავის აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა დიდი წარმატებით მოიარა სალონიკი, სადაც "ილიადისის თასზე" 13 მედალი მოიპოვა - 5-5 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (60), ანდრო ბერუაშვილი (66), ლაშა ტაველური (90), გურამ თუშიშვილი (100) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ. მეორეზე გიორგი საჩალელი (55), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (90), გიორგი ქავთარაძე (100) და გიორგი ზაქარიაძე (+100) გავიდნენ, მესამეზე კი - მინდია ღოლიჯაშვილი (55), ფრიდონ გიგანი (73) და როსტომ ხახალეიშვილი (+100).

ახალგაზრდული ნაკრებისგან წარმატებას უკვე მივეჩვიეთ - გია გუგავამ გუნდს მოსვლისთანავე დაატყო
ხელი, თუმცა ასეთი მასშტაბური მიღწევა, როცა მხოლოდ ერთ წონაში დავრჩით უმედლოდ, სამში კი ქართული ფინალი გაიმართა, ოცნებაშიც ძნელი წარმოსადგენი იყო.

საბედნიეროდ, ეს ყველაფერი რეალობაში აგვიხდა. თანაც, რამდენიმე საინტერესო ფაქტის თანხლებით - 90-ში ღვინიაშვილს სერიოზული მოცილე გამოუჩნდა, ხოლო ტაველურმა სასიამოვნოდ გაგვაოცა;

ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ წარმატებით დაბრუნდა გურამ თუშიშვილი...

ერთი სიტყვით, გიგა გუგავასთან სალაპარაკო ნამდვილად გვქონდა და საბერძნეთიდან დაბრუნებულს ინტერვიუც ჩამოვართვით, მით უფრო, რომ წლეულს ახალგაზრდებს ევროპის ჩემპიონატიც ელოდებათ და მსოფლიოსიც.

- ცხადია, შედეგი გასახარია და კმაყოფილი იქნებით გუნდის გამოსვლით, თუმცა საინტერესოა, რა დაგანახვათ ამ შეჯიბრებამ, რამდენად სწორად მიდის მუშაობა, სელექცია, სამომავლოდ რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი? მით უფრო, სეზონის პირველი უცხოური ტურნირი იყო.
- მოგეხსენებათ, საბერძნეთამდე ორი სარეიტინგო შეჯიბრება ჩავატარეთ საქართველოში და ეს ბიჭებიც მათი შედეგების მიხედვით ავარჩიეთ. ანუ მიზანმიმართულად ვმუშაობდით და ისე მივედით აქამდე.

შედეგზე ჩემი კომენტარი არცაა საჭირო - 13 მედალი მოვიპოვეთ, აქედან ხუთი - ოქროსი, ხოლო სამ წონაში სულაც ქართული ფინალი გაიმართა.

პრობლემა მხოლოდ 81 კილოგრამშია, სადაც უმედლოდ დავრჩით, თუმცა ამჯერად არ გვყავდა სამბოზე წასული უშანგი მარგიანი - მასთან ერთად, ალბათ, ისევ ბექა დონღვანზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება. მას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და საბერძნეთში უფრო ამის გამო ვერ მიაღწია სასურველ შედეგს.

ამ წონის გარდა, თითქმის ყველგან გამოიკვეთნენ ლიდერები. მით უფრო, უმეტესობა შარშანდელი გუნდიდანაა. ახლებიდან მხოლოდ გიორგი საჩალელი დაემატა 55-ში და ანდრო ბერუაშვილი - 66-ში. რაკი ამ გუნდის შესაძლებლობები ვიცი, ამჯერად წარმატებასაც ველოდი და არც გამკვირვებია.

- ბერუაშვილი მაინც შედარებით უცნობია და მისი ჩემპიონობა ორმაგად სასიამოვნოა...
- უცნობი არაა, ის შარშანაც გამოვცადეთ, მაგრამ ეტყობა, ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა. ალბათ, მას შემდეგ გამოცდილებაც მიიღო და თავდაჯერებულიც გახდა. ამიტომ მეტი შესაძლებლობა გამოავლინა, შარშან კი ამას ვერ ახერხებდა, თორემ საბერძნეთშიც გამოვცადე და გერმანიაშიც. თუმცა ამ წონაში უფროსებში საქართველოს ჩემპიონი ტრისტან ფეიქრიშვილიც გვყავს, რომელმაც ამჯერად წააგო და ბექა ტუღუშიც დაემატება. ამ სამეულიდან ერთს ამოვარჩევთ.

- 90 კილოგრამის ფინალში რა მოხდა, როგორ მოუგო ლაშა ტაველურმა ბექა ღვინიაშვილს?
- რა მოხდა და ბრძოლაში მოუგო ტაველურმა, შეცდომაზე დაიჭირა ღვინიაშვილი. ბექა ილეთს აკეთებდა - გადაავლო და ტატამიდან უპირებდა აგლეჯას, მაგრამ ლაშამ დაუხურა და ღვინიაშვილმა ვერ გადააგდო, ზედ დაიხეთქა. ოღონდ ღვინიაშვილმა წინა შეხვედრებში ყველას გადაუარა, ძლიერად იასპარეზა. უბრალოდ, მათ ერთმანეთის ჭიდაობა კარგად იციან და ტაველურმა ამით ისარგებლა.

- გურამ თუშიშვილმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დიდ იმედებს უკავშირებენ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- ვფიქრობ, მისთვის ეროვნული ნაკრები ჯერ ადრეა, ბავშვია და მოძლიერება, დაკაცება სჭირდება. ამჯერად კი მოიგო და... ჩემპიონებს არ ასამართლებენ, მაგრამ მეტი შეუძლია. ვფიქრობ, ევროპის პირველობისთვის მზად უნდა იყოს, კიდევ მოუმატებს მანამდე.

- ვაჟა მარგველაშვილი უკვე შეუცვლელ ლიდერად იქცა ამ წონაში...
- მეეჭვება, რომ ის ვინმემ შეცვალოს. მე კი მივესალმები, შემცვლელი თუ გამოუჩნდება - ამით კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ მეეჭვება. მარგველაშვილი სტაბილური ლიდერია, როგორც ლევან მატიაშვილი - მძიმე წონაში. ის ამ შეჯიბრებაში გამორჩეული იყო. ჭიდაობაც წაუვიდა, უკვე დიდი გამოცდილებაც დააგროვა და ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ერთი თავით მაღლა დგას ყველაზე.

ასევე კმაყოფილი ვარ 73-ის ფალავნების - ლევან გუგავასი და ფრიდონ გიგანის. ამჯერად ორივე გიორგი რევაზიშვილის შვილთან, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე რომან მასტოპულოსთან დამარცხდა, მაგრამ ორივე კარგი სპორტსმენია. უკვე წლებია, ისინი ერთად და სტაბილურად მოდიან ამ წონაში, უმედლოდ არასოდეს რჩებიან.

- ისეთი ფალავნები თუ იყვნენ, რომლებმაც გაგაწბილათ?
- მაგალითად, ლერი ჭელიძე 55-ში - ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონია და მისგან შედეგს ველოდი. მან ცოლი შეირთო, ვერ ივარჯიშა და არ იყო ფორმაში. მედალს ასევე ველოდი ფეიქრიშვილისგან, მაგრამ ვერც ის იყო ფორმაში - არ დადიოდა ვარჯიშებზე. კიდევ იყო რამდენიმე, რომელთაგანაც მეტის მოლოდინი მქონდა.

- ტურნირის ორგანიზებით, მსაჯობით თუ ხართ კმაყოფილი?
- მსაჯობაზე საყვედურს ნამდვილად ვერ ვიტყვი, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. აი, შეჯიბრების დონე შარშანდელზე ბევრად მაღალი იყო, კარგი ტურნირი ჩატარდა, რაც უფრო მახარებს - როცა ბიჭებმა ძლიერ შეჯიბრებაზე ასეთ შედეგს მიაღწიეს, ეს იმედს გვაძლევს, რომ მთავარ ტურნირებზეც წარმატებით გამოვლენ.

- დასასრულ, სამომავლო გეგმებზეც ვთქვათ...
- ახლა საქართველოს ჩემპიონატზე ვიჭიდავებთ, მერე გერმანიის ტურნირზე წავალთ და ევროპის პირველობაზე წასაყვან გუნდსაც ამის შემდეგ დავასახელებ. ამ ეტაპზე ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს, ეს გამორიცხულია. ცხადია, შანსები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია, მაგრამ გარანტიებზე ლაპარაკიც არაა. სექტემბრამდე დიდი დროა, მათ კი კიდევ ორი ტურნირი უნდა იჭიდაონ.

გუგავა რეზერვს ხედავს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა სალონიკში 13 მედალი მოიპოვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული