ლევან ყიფიანი ყვარელში ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

AutoSharing Option
18 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, რომელიც 25-28 აპრილს უნგრეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ყვარელში ემზადება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ესტუმრა.

მინისტრი ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, მოგვიანებით კი ყვარლის ტბის კომპლექსზე, სადაც ეროვნული გუნდია დაბინავებული, ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცებს და სპორტსმენებს ესაუბრა და ევროპირველობაზე წარმატებით გამოსვლა უსურვა.

მინისტრს ძიუდოისტებთან შეხვედრაზე სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ასათიანი, მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი ვალოდია ნუცუბიძე და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ახლდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ კი ევროპირველობაზე წამსვლელი შემადგენლობა რამდენიმე
დღეა, რაც ოფიციალურად დაასახელა.

25-27 აპრილს პირად პირველობაში ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81 კგ), ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ) დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100) გამოვლენ; 28 აპრილს კი გუნდურ ტურნირში საჭიდაოდ ნაკრების მთავარ მწვრთნელს დამატებით კიდევ სამი ფალავანი მიჰყავს - შალვა ქარდავა (66 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ონისე ბუღაძე (+100 კგ).

გუნდური შეჯიბრება ხუთ წონით კატეგორიაში ტარდება - 66, 73, 81, 90 და +90.

Sportall.Ge

msy.gov.ge (ფოტო საიტიდან)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული