ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!

AutoSharing Option
უნგრეთში 25 აპრილს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ჩაება საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც სტარტზე 100%-იანი შედეგი აჩვენა - ორივე ქართველმა ოქრო მოიპოვა.

ასეთი დასაწყისი ამ ტურნირის ისტორიაში ჯერ არ გვქონია. კონტინენტის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (66) გახდნენ.

ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდი სწორი გზით მიდის.

რა დასამალია, ევროპირველობამდე იყო ეჭვი - საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული მედლები რამდენად ნიშნავდა სწორ გეზს და იქნებოდა თუ არა ეს ევროპაზე ჯილდოების მოპოვების გარანტია. ეს კითხვა ნაკრების ხელმძღვანელობასაც აწუხებდა. დღეს კი,
ასეთი არნახული სტარტის შემდეგ აშკარაა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სწორი გეზი დაუსახა შეგირდებს.

მან ახლაც დაგვამახსოვრა თავი ნიჭიერი დირიჟორობით და უკვე თამამად შეგვიძლია, თვალი გავუსწოროთ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადას, რომლისკენაც ნაკრებს უზნაძე ბუდაპეშტიდან გაუძღვა.

ევროპის ჩემპიონმა უზნაძემ პირველივე ჯერზე ევროპის ორი ჩემპიონი აღზარდა.

60 კგ
პაპინა-ოქრო
პაპინაშვილმა ამჯერადაც დაახლოებით ისე იჭიდავა, როგორც სჩვევია - თითქოს გადამწყვეტ უპირატესობას არ ფლობს, აი, ისეთს, გული საგულეს რომ გქონდეს; პირიქით - მუდამ რაღაც უსიამოვნოს განგაცდევინებს, მუდამ წაგების შიშში ხარ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც მის სასარგებლოდ მთავრდება.

25 აპრილს ორივე ჩვენებურს ძალიან მძიმე სტარტი გამოუვიდა - ეტყობა, თავიდან გახსნა გაუჭირდათ, მაგრამ ტურნირთან ერთად, თვითონაც შევიდნენ შეჯიბრების ეშხში და თანდათან აკრიფეს ტემპი.

პაპინაშვილს განსაკუთრებით პირველ შეხვედრაში გაუჭირდა აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლისთან. იქნებ სასტარტო პაექრობისთვის დამახასიათებელი შებოჭილობის გარდა, აქ თავისი როლი პირად შეხვედრებში უარყოფითმა ბალანსმაც იქონია - ჩვენებურს წანაგები ჰქონდა მეტოქესთან.

ყოველ შემთხვევაში, მძიმედ დაიწყო შეხვედრა და შირინლიმ მალევე აუღო ვაზარი...

ორთაბრძოლის მეორე ნახევარში პაპინაშვილი უფრო გააქტიურდა, რაშიც დიდი როლი, ვფიქრობ, მისმა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამაც ითამაშა. ამან შედეგიც გამოიღო - ჯერ იყო და, დასრულებამდე 1.20 წუთით ადრე ჩვენებურს ბევრიც არაფერი დააკლდა მტკივნეულ მოგებამდე, თუმცა შეხვედრის განახლებასთან ერთად, მასირებული შეტევაც გააგრძელა და ვაზარით ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ დროს ორივეს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ინიციატივას უკვე პაპინაშვილი ფლობდა. ის კვლავ უტევდა, შეხვედრის მიწურულს აზერბაიჯანელი შებოჭვაზეც დაიჭირა და წმინდად მოიგო.

მეორე მეტოქეს ქართველი ბევრად იოლად გაუსწორდა, თუმცა ჩეხი პაველ პეტრიკოვი შირინლიზე უფრო გამოცდილია - ჩვენებურმა ორი ვაზარი მიითვალა.

თან ისეთ ბრძოლაში, სადაც მისი უპირატესობა წამითაც არ გამხდარა საეჭვო - სადავეებს უნარიანად ფლობდა და კარნახობდა შეხვედრის მიმდინარეობას.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


პაპინაშვილმა დაახლოებით ასე წარმართა ნახევარფინალიც ბრიტანელ ეშლი მაკენზისთან, რომელსაც უკვე მეოთხედ შეხვდა და ზედიზედ მესამედ მოუგო, ამჯერად - ორი იუკოთი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფინალის მეორე მონაწილე ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - შვეიცარიელი ლუდოვიკ ჩამარტინი, აქამდე არაფრით გამორჩეული მონაწილე, ვისაც მსოფლიოს თასიც კი არ ჰქონდა მოგებული.

მეტიც - ამ ყველაზე დაბალი რანგის ტურნირის ფინალშიც არასოდეს გასულა, ახლა კი ჩეხ დავიდ პულკრაბეკს, ჰოლანდიელ ჟეროენ მოორენს და ბულგარელ იანისლავ გერჩევს თავი რომ დავანებოთ, მეორე წრიდან ფრანგთა ევროპის ექს-ჩემპიონი სოფიან მილუ გამოთიშა.

ჩვენებური მას აქამდე ერთხელ შეხვდა - 2009 წელს თბილისში და მოუგო.

ფინალში პაპინაშვილი კარგად დამუშავებული კონკრეტული დავალებით გავიდა - აეღო პირველი ჩავლება და აქტიურად ემუშავა გარე ფეხით. ყოველ შემთხვევაში, რამდენჯერაც ამ ჩარჩოებს გასცდა, უზნაძემ იმდენჯერ მოუწოდა უკან დაბრუნებისკენ.

წარმატებაც ამან მოუტანა - ჯერ ჩავლებაზე გარედან იუკოზე გამოცერა, მეორედ კი, დასრულებამდე 2.26 წუთით ადრე იპონზე გადაჩეხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1. ამირან პაპინაშვილი (საქართველო); 2. ლუდვიგ ჩამარტინი (შვეიცარია); 3. არტიომ არშანსკი (ისრაელი), ეშლი მაკენზი (ბრიტანეთი).

66 კგ
შავდათუაშვილი ტრიუმფს აგრძელებს
ლაშა შავდათუაშვილმა კარიერაში მიჯრით მეორე დიდი ტიტული მოიგო - ოლიმპიადას ევროპის პირველობაც ზედ მიაყოლა. ახლა სრული კოლექციის შეკვრამდე მსოფლიოს ჩემპიონობაღა აკლია და ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში!

სტარტზე მასაც გაუჭირდა და ალბათ, ბევრმა იფიქრა, სადღაა შემტევი, აგრესიული, ჟინიანი შავდათუაშვილი, რომელიც ოლიმპიადაზე ჭიდაობდაო.

ჩვენებურს თავიდან მართლა აკლდა მაშინდელი შემართება, მაგრამ თანდათან გაიხსნა და კლანჭები გამოაჩინა...

ოლიმპიურ ჩემპიონს მოულოდნელად ფრიად გაუჭირდა პირველივე წრეში ბელგიელ იესპერ ლეფევერესთან, თუმცა შეხვედრის არბიტრის გადაწყვეტილებებიც საეჭვო იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მაგალითად, რატომ მისცეს ბელგიელს პირველი იუკო, ან ლაშას გდება რატომ არ შეუფასეს ვაზარად...

თუმცა ბელგიელს პირველი ქულა რომც არ ჩავუთვალოთ, გარჯას მაინც ნუ დავუკარგავთ - იმ მომენტშიც და მერეც კარგად შეეკრა ჩვენებურს და ბრუნზე გადააგდო, რამაც მეორედ ვაზარი მოუტანა.

საბოლოოდ შავდათუაშვილმა შებოჭა და წმინდად მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუმინელ მირჩა ლამუს ლაზეასთან დიდი ენერგია არც დაუხარჯავს - 2 წუთის შემდეგ იუკო აართვა და ანგარიში ჭკვიანურად შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს იყო ერთადერთი მინიმალური ანგარიშით მოგებული შეხვედრა. სამაგიეროდ, ამის შემდეგ გამოაჩინა ბრჭყალები. მით უფრო, მესამე წრეში მსაჯთა ფავორიტი მასპინძელი ბენცე ზამბორი ელოდა.

იქნებ იფიქროთ, რომ უნგრელებმა შავდათუაშვილის ჯავრის ამოყრა ლონდონური ოლიმპიადის ფინალში მიკლოშ უნგვარის დამარცხების გამო სცადესო, მაგრამ მანამდე ზამბორთან უკრაინელი გიორგი ზანთარაია უმოწყალოდ დაჩაგრეს (საერთოდ, ტურნირზე მსაჯობა ძალიან ცუდია).

არბიტრებმა შავდათუაშვილსაც იგივე დაუპირეს, მაგრამ ამან მეტოქის გარდა, მსაჯებსაც აჯობა - ორჯერ დააგდო იპონზე. ამის გაკეთება ხელმეორედ არ დასჭირდებოდა, მსაჯებს პირველ გდებაზე (კარგად შეეკრა უნგრელს და ბრუნზე გადააგდო) მინიჭებული იპონი იუკოთი რომ არ შეეცვალათ - თუმცა ამას ოლიმპიური ჩემპიონი არ დაუბნევია და მეორედაც შეასრულა წმინდა გდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნახევარფინალში შავდათუაშვილი აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორ (ოღონდ ქვედა წონაში) ნიჯატ შიხალიზადეს შეხვდა, რომელიც ჯანიანი და ცოტა მოუხერხებელი მეტოქეა. ანგარიშშიც დაწინაურდა - ვფიქრობთ, იმ მომენტში ჯანით აჯობა ლაშას, როცა ვაზარზე "გადატეხა", მაგრამ მერე და მერე "ფიზიკაში" უკვე ჩვენებურმა აჯობა.

დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე კარგად მოიგდო ხელთ და მოგვერდით ვაზარზე დასცა, თუმცა იქვე შებოჭა კიდეც.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფინალისკენ ბადის მეორე ნახევრიდან გზა რუსთა დაღესტნელმა ახალგაზრდა ფალავანმა კამალ ხან-მაგომედოვმა გაიკაფა. ის ნამდვილად ძლიერია, მაგრამ ჩვენებურმა გამოცდილებით, ჭკუით აჯობა - დასრულებამდე 2.48 წუთი რჩებოდა, როცა დაახლოებით ისე შეეკრა და გადააგდო, როგორც უნგრელი - პირველ შემთხვევაში. ლაშამ ჰაერში ასწია მეტოქე და ბრუნით დაახეთქა ტატამს.

მსაჯებმა ჯერ იპონი მისცეს, მაგრამ მერე ვაზარად გადააკეთეს, თუმცა შავდათუაშვილმა ჭკვიანური მიდგომით, ჩავლების უპირატესობით ანგარიში შეინარჩუნა.

მართალია, ამ პერიოდში იუკოც დაკარგა და გაფრთხილებებიც მიიღო, მაგრამ ეს დროის გასაყვან ტაქტიკურ დათმობას უფრო ჰგავდა.

თუმცა ავარელმაც მაგრად იბრძოლა და ლაშამ ხელიც აუწია შექების ნიშნად...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო); 2. კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი); 3. დმიტრი დრაჟინი, დავიდ ლაროსე (ორივე - საფრანგეთი).

მორიგი წარმატების იმედად
26 აპრილს ჩემპიონატი კვლავაც ორ წონაში ჩატარდება, თუმცა ჩვენგან საქმეში კვარტეტი ჩაებმება - ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81).

ოთხივე მათგანი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი რეხვიაშვილი რუმინელ კოსტელ დანცულეას შეხვდება, ტატალაშვილი - სლოვენიელ ტადეი ცენს, ჭრიკიშვილი - ესტონელ გიორგი ლადოგინს, წიკლაური - სლოვაკ მარიან ბენკოზცკის.

ვფიქრობთ, ოთხივე ჩვენებურს ძალუძს მედლის მოპოვება. მხოლოდ ჭრიკიშვილის მდგომარეობა გვაფიქრებს, რომელსაც ფეხი სტკივა.

ჩემი ქალი ჩემთან!
ევროპის პირველობა "ლასლო პაპის სახელობის სპორტულ დარბაზში" ტარდება, რომელიც 12. 500 მაყურებელს იტევს და შიგნიდან თუ გარედან ყველას თვალს უბრმავებს სილამაზითაც, ინტერიერითაც. ერთი ეგაა, მასპინძელი ფალავნები ქომაგებს ვერ ახარებენ - ვაჟები პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ.

უნგრულ ძიუდოს ნამუსი ისევ ქალებმა მოსწმინდეს, კონკრეტულად კი - ევა ჩერნოვიცკიმ, რომელმაც 48 კილოგრამში გაიმარჯვა. ადგილობრივთა მხურვალე ქომაგობით ფრთაშესხმულმა ევამ აშკარად დაჯაბნა ბელგიელი ოლიმპიადის მესამე პრიზიორი კარლინე ვან სნიცკი.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელი შარშანაც გავიდა ევროპირველობის ფინალში, მაგრამ მაშინაც დამარცხდა.

გუნდურ ჩათვლაში - როგორც გაერთიანებულ ჩათვლაში, ასევე - ცალკე ვაჟებში, ჯერჯერობით ჩვენები ლიდერობენ ორი ოქროთი. თუმცა მედლების საერთო რაოდენობით ყველას ფრანგები უსწრებენ - 4 მედლით. აქედან ორი ქალთა მონაგარია - 1 ოქრო და 1 ბრინჯაო, ორი კი ვაჟებისა, რაც მთლიანად 66 კილოგრამზე მოდის.

მეორეზე რუსები არიან 3 მედლით - სამივე სინჯის თითო ჯილდო.

აქვე ერთი განმარტებაც - ქალებში კვლავ გახდა მედალოსანი კოსოვოელი მაილინდა კელმენდი, მაგრამ რადგან საერთაშორისო ფედერაციას ეს ქვეყანა არ უღიარებია, ის წლეულსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით გამოდის.

კვარცხლბეკი
48 კგ. 1. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი); 2. კარლინე ვან სნიცკი (ბელგია); 3. ლაეტიტა პაიე (საფრანგეთი), ებრუ შაჰინი (თურქეთი).
52 კგ. 1. ნატალია კუზუტინა (რუსეთი); 2. ანდრეა-სტეფანია ჩიტუ (რუმინეთი); 3. ლაურა გომეს როპინონი (ესპანეთი), მაილინდა კელმენდი (ძსფ).
57 კგ. 1. აუტომნე პავია (საფრანგეთი); 2. საბრინა ფილზმოსერი (ავსტრია); 3. ტელმა მონტეირო (რუმინეთი), ირინა ზაბლუდინა (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა
ლაშა შავდათუაშვილი: ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლო
მკითხველის კომენტარები / 6 /
გენაცვალეთ ბიჭებო
მგლები ხართ მგლები....
messi001
11:51 26-04-2013
0
ევროპის ჩემპიონები უზნადზემ როგორ აგზარდა?ოლიმპიური ჩემპიონი ესეიგი უზნადზემ ევროპის ჩემპიონად აგზარდა?ცოტა გამარტულად ცერე დზმაო,დაეხმარა ან მოამზადა სეეფერება და არა აგზარდა ევროპის ცემპიონებად.......
luno
12:35 26-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული