ქართველი ძიუდოისტები ბრაზილიის გზას დაადგნენ

AutoSharing Option
10 მაისს, დილით, ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ანტალიაში გაფრინდა, სადაც ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

ამით ნაკრები ოფიციალურად შეუდგა მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას, ამ გზაზე კი პირველი ნაბიჯი 25-26 მაისს ტიუმენში გასამართი მასტერსის ტურნირია.

ეს შეკრებაც ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ იქ ის 9 კაცი წაიყვანა, რომლებსაც განაღდებული აქვთ ტიუმენში წასვლა: ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73),
ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბრინჯაოსმედალოსანი ლევან წიკლაური (81), კონტინენტის გამარჯვებული ვალერი ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური (90), ევროპის ვერცხლისმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათგან ტატალაშვილის გარდა, ყველა შედის სამასტერსე 16-ეულში, გორელი ფალავანი კი მე-17-ეა, თუმცა ძირითადი სიიდან ყველა არ აპირებს ჭიდაობას და ციმბირში მისი ჭიდაობაც გარანტირებულია.

უზნაძემ ანტალიაში კიდევ ერთი ფალავანი წაიყვანა - ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი (100), რომელიც სარეზერვო სიაშია და შეიძლება, მანაც იჭიდაოს.

ტიუმენში გამოსვლის შანსს შალვა ქარდავაც (66) ინარჩუნებს, რომელიც სარეზერვო სიაშია. ის თურქეთში არ მიდის, თუმცა თბილისში ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს ნაკრების აქ დარჩენილ წევრებთან ერთად და თუ მიიწვევენ, აქედან გადაფრინდება რუსეთში - საბუთები გამზადებულია.

ანტალიურ კემპში 20-22 ნაკრები ივარჯიშებს, რაც ჩვენებს სასიკეთოდ წაადგებათ. ნაკრები ტიუმენში იქიდან გაემგზავრება, მასტერსის მოთავების შემდეგ კი - 27 მაისს, კორეაში გაემგზავრება და 7 ივნისამდე სეულში გაივლის ერთობლივ შეკრებას.

ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რამდენი გუნდი იქნება იქ ან ვინ ჩავა, თუმცა მასპინძლები კი ნამდვილად იქნებიან.

8 ივნისს ჩვენები უკვე მინსკში გაფრინდებიან ასევე ერთობლივ კემპზე, რომელსაც 20-ში დაამთავრებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან.

მორიგი და მეტად საპასუხისმგებლო შეკრება აქ ელოდებათ - ბაკურიანში, რომელიც ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

ამას ესპანეთში მოჰყვება ისევ ერთკვირიანი ერთობლივი ვარჯიშები, მერე კი მოსკოვის "დიდ მუზარადზე" გამოვლენ.

ეს იქნება ბოლო ტურნირი მსოფლიოსთვის მზადების გზაზე, რასაც ორი შეკრება მოჰყვება - ერთი საქართველოში, მეორეს და საბოლოოს კი, ადაპტაციის მიზნით, ბრაზილიაში გაივლიან.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაიმართება და ჩვენები იქ ერთი კვირით ადრე ჩავლენ შეკრებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტიუმენის ტურნირში გამოსვლის უფლება 9 ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა
ფოტოინტერვიუ ვარლამ ლიპარტელიანთან: ვაზარი არ არის?!
ავთანდილ ჭრიკიშვილი: მწვრთნელს ბევრჯერ გავუგდივარ დარბაზიდან

ლევან წიკლაურმა ტომისლავ მარიჯანოვიჩთან მარცხისთვის რევანში აიღო

ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული