21 ივნისს ქართველი ჭაბუკი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
21 ივნისს ტალინში იწყება ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც ჩვენი ბიჭების ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: რობინზონ ბეგლარიშვილი (50), ბექა ნათათრალაშვილი (55), გიორგი კაციაშვილი, ზვიად ხუბულური (ორივე - 60), კობა მჭედლიშვილი, სიმონ მამარდაშვილი (66), თამაზ კირაკოზაშვილი (73), დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი (ორივე - 90), ჯაბა მუმლაძე (+90).

როგორც ვხედავთ, 81 კილოგრამში მონაწილე არ გვყავს, რადგან ლიდერად შეგულებულმა გიორგი ქურდიანმა ესტონეთში წასვლამდე სამი დღით ადრე ვარჯიშზე მხარი მოიტეხა.

ამან მწვრთნელებს - ირაკლი ცირეკიძეს და გიორგი რევაზიშვილს საშუალება მისცა, მესამე წონაც გაეორებინათ,
ვინაიდან ქურდიანს შესაფერისი შემცვლელი არ ჰყავდა.

მათი არჩევანი იმთავითვე ხუბულურზე შეჩერდა, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ, მასაც ჰქონდა პრობლემები.

საბედნიეროდ, ექიმებმა ასპარეზობის ნება დართეს, რაც მწვრთნელებისთვის ცოტაოდენი შეღავათია, თორემ ქურდიანი მათი ერთადერთი დანაკლისი არაა - პოლონეთის ტურნირზე ხელი მოიტეხა თორნიკე ნაგლიაშვილმა (55), რომელსაც განაღდებული ჰქონდა ევროპაზე წასვლა. ვინძლო, მან მსოფლიოსთვის მაინც მოასწროს სრულად გამოჯანმრთელება, თორემ ივლისში ჰოლანდიურ უტრეხტში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა ლამის გამორიცხულია.

ტალინში გოგოების გუნდითაც გამოვალთ. მწვრთნელებმა - გიორგი თენაძემ და კახა მოცრაძემ იქ მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი (ორივე - 48), მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე (52) და ხატია ჯანაშვილი (63) წაიყვანეს.

სამწუხაროდ, ტრავმების გარეშე არც ეს გუნდია დარჩენილი და რაც ყველაზე მტკივნეულია, ჯანმრთელობის პრობლემა გუნდის გამოკვეთილ ლიდერ მარიამ ჯანაშვილს შეექმნა - მას ერთდროულად აწუხებს წელი და მხარი.

ევროპის ჩემპიონატში 21 ივნისს ბიჭებიდან 50, 55 და 60 კილოგრამის, გოგოებიდან კი 44-48-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. 22 ივნისს ტატამზე გოგოების სამ წონას ვიხილავთ - 52, 57 და 63, ბიჭებიდან - ორს: 66-73, დანარჩენები კი კვირას, ჩემპიონატის დასკვნით დღეს იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული