ამით გუნდი მსოფლიოს პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის, ანუ იწყებს მიზანმიმართულ მზადებას, რათა აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს ფორმის პიკში შეხვდეს.
ძიუდოისტები ბაკურიანში მხოლოდ ფიზიკურად დაიტვირთებიან, ამჯერად ლეიბზე არ შევლენ და, შესაბამისად, არც ტექნიკური მხარის სრულყოფაზე იზრუნებენ, რადგან ამას მზადების მომდევნო ეტაპებზე შეეცდებიან.
ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ბაკურიანში 20 სპორტსმენი მიჰყავს. თავიდან უფრო გაფართოებული შემადგენლობის - 30 კაცის თავმოყრას
საბედნიეროდ, ამ ოცეულშია ნაკრების უკლებლივ ყველა ლიდერი და არც სერიოზული ტრავმები აწუხებს ვინმეს.
მართალია, პატარ-პატარა პრობლემები კვლავაც რჩება, რომელთა გამოსწორებაზეც საექიმო შტაბი გზადაგზა ისევ იმუშავებს, მაგრამ ამ წუთისთვის იმდენად სერიოზული არაფერია, ვინმეს მსოფლიოსთვის მზადებაში ხელი შეუშალოს.
გამოჯანმრთელების გზაზეა ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც (66) - მას საზარდული ისევ აწუხებს, მაგრამ მკურნალობამ შედეგიც გამოიღო და ვითარება სერიოზულად გამოსწორდა.
მან მინსკში, საერთაშორისო კემპზეც სრული დატვირთვით ივარჯიშა და ახლაც ამ რეჟიმშია. იმედია, მსოფლიომდე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო შემსუბუქდება და არ დამძიმდება.
შეგახსენებთ, რომ მას საზარდული ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე სტკიოდა, ლონდონში გამარჯვების შემდეგ კი გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ევროპის წლევანდელი პირველობის წინ ისევ ასტკივდა.
კონტინენტის პირველობაზეც ასე ტრავმით იჭიდავა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.
ბაკურიანიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი ძიუდოისტები 1 კვირით თბილისში ივარჯიშებენ, მერე კი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც 20-21 ივლისს "დიდ მუზარადზე" იჭიდავებენ.
ჯერ ცნობილი არაა იქ წამსვლელი გუნდი. ბუნებრივია, მწვრთნელებს გარკვეული მონახაზი უკვე აქვთ, მაგრამ ყველაფერი მაინც ბაკურიანული შეკრების შემდეგ გაირკვევა.
მოსკოვიდან ჩვენები სოჭში გადაინაცვლებენ, სადაც ასევე საერთაშორისო კემპი გაიმართება, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 400 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
გუნდი იქიდან ერთ კვირაში დაბრუნდება და 5-15 აგვისტოს უკვე საქართველოში გაივლის მორიგ შეკრებას.
ჯერ დაზუსტებული არაა, სად ჩატარდება ის, მაგრამ ალტერნატივა ორია - ბორჯომი ან ყვარელი, მაგრამ მოარული ხმებით, უფრო კახეთის ვარიანტი იკვეთება.
ნაკრებმა იქ ევროპის პირველობის წინაც გაიარა შეკრება, სადაც ფედერაციის პრეზიდენტმა და, პარალელურად, ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა მათ იდეალური პირობები შეუქმნა და ახლაც ამიტომ მიაჩნიათ იქ ვარჯიში რეალურად.
17 აგვისტოს ნაკრები ბრაზილიაში გაფრინდება, სადაც მსოფლიოს პირველობის მასპინძელ რიოში აკლიმატიზაციის მიზნით ერთკვირიან შეკრებას გაივლის. მსოფლიოს ჩემპიონატი 26 აგვისტოს დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"