საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტი ბიჭების ნაკრები 17 ივლისს დაასრულებს შეკრებას ყვარელში და თბილისში დაბრუნდება, აგვისტოს დასაწყისში კი გერმანიაში გაფრინდება, სადაც 3-4 აგვისტოს ბერლინში ევროპის ახალგაზრდულ თასზე გამოვა.
ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გუგავას იქ გაფართოებული შემადგენლობა მიჰყავს, რადგან ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გზაზე ეს ბოლო სასტარტო-შესარჩევი ტურნირია და შანსს ყველას აძლევს.
ეგ კი არა, ფედერაციის მიერ დაფინანსებულ ფალავნებს რამდენიმე საკუთარი ხარჯითაც ემატება, რომელთაც ისეთივე შანსი ექნებათ ევროპული საგზურის მოპოვებისა, როგორც - დანარჩენებს.
საკუთარი ხარჯით სამი სპორტსმენი მიდის: მიხეილ მეზურნიშვილი (73), თეიმურაზ ხაჩიძე (81) და გუგა კიბორძალიძე (+100).
გერმანიის ტურნირი იქნება გადამწყვეტი, ვინ იჭიდავებს 20-22 სექტემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში ევროპის პირველობაზე - გუგავა მისი შედეგებით შეარჩევს იქ წასაყვან 9-კაციან შემადგენლობას.
ბუნებრივია, იქნებ ყველაფერი ბოლომდე ვერც იქ გაირკვეს, მაგრამ დარჩენილი კითხვების გადასაჭრელად მწვრთნელს საშეკრებო ეტაპი რჩება.
ყვარელში ჩვენებმა ერთობლივი წვრთნა გაიარეს - მათთან სავარჯიშოდ ჩამოსულები იყვნენ გერმანიის, საფრანგეთისა და ირანის ახალგაზრდული გუნდები უძლიერესი შემადგენლობებით.
ცხადია, ძლიერი შეკრება გამოვიდა და ბიჭებმა კარგადაც ივარჯიშეს. სტუმრები უკვე დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, რადგან ისინი საკონტროლო ტურნირში ჩვენებზე ცოტა ადრე - 27-28 ივლისს გამოვლენ ჩეხურ ლიბერეცში.
ყვარელში გუნდმა შერეული ტიპის შეკრება გაიარა - ლეიბზეც ვარჯიშობდნენ და ფიზიკურადაც იტვირთებოდნენ.
ამიტომ თბილისში დაბრუნებული გუნდი 5 დღე ცოტას დაისვენებს - აღდგენის მიზნით თავიანთ დარბაზებში შედარებით მსუბუქად ივარჯიშებენ, თან მწვრთნელის მიერ მიცემულ საშინაო დავალებებზე იმუშავებენ, მერე კი გერმანიაში წასვლამდე ჩვეულებრივ გააგრძელებენ ვარჯიშს ძიუდოს აკადემიაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"