ლევან წიკლაურმა მოსკოვში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
შაბათ-კვირას მოსკოვში "დიდი მუზარადის" სერიის მორიგი ტურნირი იმართება, რომელსაც ჩვენი ნაკრები უსიამოვნო ამბით იწყებს - მოსკოვში ჩასვლისას, ვარჯიშზე ფეხი იტკინა ევროპის პრიზიორმა ლევან წიკლაურმა (81).

ჯერჯერობით ტრავმის სირთულეზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან საფუძვლიანი გამოკვლევა არ გაუვლია, თუმცა პირველადი დასკვნებით, დიდი შანსია, მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვოს.

მოსკოვში ჩვენგან ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი (ორივე - 66), ზებედა რეხვიაშვილი (73), ზვიად გოგოჭური (90), ვალერი ლიპარტელიანი, ნოდარ მეტრეველი (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

ევროპის ჩემპიონი პაპინაშვილი პირველ წრეში
ისვენებს, მისი მეტოქე კი ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკესა და ჰოლანდიელი ხეროენ მოორენის პაექრობაში გაირკვევა.

ამავე ქვეჯგუფშია აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მესამე პრიზიორი ილგარ მუშკიევი, მაგრამ მასთან ჩვენებურებს დადებითი ბალანსი აქვთ, კონკრეტულად პაპინაშვილმა კი კარიერაში ყველა - სამივე შეხვედრა მოუგო. ჩვენებურს ჯგუფში ისეთი არავინ ჰყავს, ნახევარფინალში ვერ გავიდეს, იქ კი ერთ-ერთ შესაძლო მეტოქედ რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეც ელოდება.

ევროპის მესამე პრიზიორი რეხვიაშვილი პირველ წრეში რუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ მურატ კოძოკოვს დაეჭიდება, ამ ჯგუფში კი ყველაზე სოლიდური მეტოქე ბელგიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი დირკ ვან ტიხელტია, თუმცა რეხვიაშვილმა მას წლევანდელ ევროპირველობაზე დამაჯერებლად მოუგო.

პირველ წრეში გოგოჭურიც თავისუფალია, რომელიც ბრაზილიელი ედუარდო სილვასა და ყირგიზი ჩინგიზ მამედოვის ორთაბრძოლას დაელოდება მეტოქის ვინაობის გასარკვევად.

ვალერი ლიპარტელიანს მწვრთნელებმა ამჯერად წონა არ დააკლებინეს და 100-ში აჭიდავებენ, თორემ მსოფლიოსთვის 90-ს დაუბრუნდება. პირველ წრეში მისი მეტოქე იაპონელი იუსიკე კუმაშიროა, ამ წყვილში გამარჯვებულს კი მომდევნო წრეში უზბეკი რამზიდინ საიდოვი ელოდება. მეტრეველი თავდაპირველად რუს ხაიბულა მაგომედოვს ხვდება, მას თუ გასცდება და ყაზახ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაქსიმ რაკოვს დაეჭიდება.

ლევან მატიაშვილს პირველ მეტოქედ აზერბაიჯანში გადასული ადამ ოქრუაშვილის ძმა - ვახტანგ ბიტიევი (დედის გვარით ჭიდაობს) ერგო, თავად ევროპის ვიცე-ჩემპიონი ოქრუაშვილი კი პირველ წრეში თავისუფალია. სამაგიეროდ, მეორე წრეში ელოდება მძიმე ბრძოლა, სადაც, სავარაუდოდ, იაპონელ რიუტა იშისთან მოუწევს შეხვედრა - ვფიქრობთ, აზიელმა მანამ უპრობლემოდ უნდა მოუგოს რუს სერგეი კესაევს.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით 66-ის წილისყრაზე, რადგან ტექნიკური ხარვეზების გამო, ამ წონის ამბები ოქმში არასრულყოფილადაა შეტანილი - რუსებმა, რომელთა საიტებიც არასოდეს გამოირჩევა სანდოობითა და ოპერატიულობით, ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს და ვერ უზრუნველჰყვეს ინფორმაციის სრულად მოწოდება.

შაბათს ვაჟებიდან 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან - 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები, დანარჩენები კი ტატამზე კვირას გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული