ამირან პაპინაშვილმა იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს გადაასწრო და რეიტინგში პირველია

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

ამირან პაპინაშვილმა მოსკოვის გრან სლემზე გამარჯვების შემდეგ -60 კგ წონით კატეგორიაში გადაასწრო იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს და რეიტინგის სათავეში მოექცა. იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად იქნება განთესილი.

-66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მესამე პოზიცია შეინარჩუნა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მას დააკლდება შარშან ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები, მაგრამ განთესილებს შორის მაინც იქნება.

-73 კგ წონით კატეგორიაში ამჟამად მეთერთმეტე პოზიციაზეა ზებედა რეხვიაშვილი, მაგრამ რეიტინგში მის წინ მდგომ რამდენიმე ძიუდოისტს მომდევნო რეიტინგის გამოქვეყნებისას უკვე გამოკლებული ექნება შარშან ოლიმპია
დაზე მოპოვებული ქულები და შესაბამისად, რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე ნომრად იქნება განთესილი.

ამავე წონაში მე-19 პოზიცია შეინარჩუნა ნუგზარ ტატალაშვილმა.

-81 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეორე, ხოლო ლევან წიკლაურმა მეშვიდე პოზიცია შეინარჩუნა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის შემთხვევაში ორივე მათგანი განთესილებს შორის მოხვდება.

-90 კგ-ში უცვლელი დარჩა ლიდერთა ოთხეული. ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მეორე პოზიციაზეა, თუმცა მის წინ მდგომ კუბელ ეშლი გონსალესს ცოტა ხანში მოაკლდება შარშან ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები და ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად იქნება განთესილი.

-100 კგ-ში ქართველთაგან საუკეთესო ლევან ჟორჟოლიანი 30-ეა.

+100 კგ-ში ადამ ოქრუაშვილმა მესამე პოზიცია შეინარჩუნა. აქ ლიდერი ჯერჯერობით ისევ ფრანგი ტედი რინერია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძიუდოისტებს გამოაკლდებათ ოლიმპიადის ქულები, რინერი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს და ადამ ოქრუაშვილი და ტედი რინერი მსოფლიოს ჩემპიონატზე კენჭისყრისას ბადის ერთ მხარეს მოხვდებიან.

gjf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული