იგი ჭიდაობის ცნობილი გორელი სპეციალისტის გივი ზაუტაშვილის ვაჟია. ნიკო 2004 წლიდან დგას ტატამზე რეფერის ამპლუაში (იქამდე თავადაც ჭიდაობდა), ერთხანს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.
2011 წლის 26 მაისის ღამით პარლამენტის შენობის წინ განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ კი ნიკო ზაუტაშვილი დააპატიმრეს.
ახლა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კვლავ შეუდგა თავის საქმიანობას და რამდენიმე დღეა, რაც ზემოხსენებული ლიცენზიაც დაიბრუნა.
- ევროპის მსაჯთა კოლეგიის წევრი 2009 წლიდან ვარ და
მაღალი რანგის შეჯიბრებებიდან ორჯერ მსოფლიოს, სამჯერ ევროპის თასზე და ხუთჯერ ჭაბუკთა და უმცროსი ასაკის საერთაშორისო ტურნირზე ვიმსაჯე.
ცხადია, საქართველოს ჩემპიონატებსა და სხვადასხვა საშინაო შეჯიბრებებზეც ხშირად მიწევდა არბიტრობა.
კატეგორიის შენარჩუნების, ან პირიქით, C-მდე დაქვეითების გადაწყვეტილებას ევროპის მსაჯთა კოლეგია ყოველი შესაბამისი დონის შეჯიბრების განსჯის შემდეგ იღებს.
ვიდრე ვმსაჯობდი, რანგით არასოდეს დავქვეითებულვარ და რადგან ჩემი მუშაობით კმაყოფილები იყვნენ, ვემზადებოდი უმაღლესი კატეგორიის ლიცენზიის გამოცდების ჩასაბარებლად.
- თუმცა შემდეგ ძიუდოსთვის აღარ გეცალათ...
- 2011 წლის 26 მაისიდან რამდენიმე დღეში დამაპატიმრეს და ძიუდო კი არა, ვიდრე ციხეში ვიყავი, გაზეთიც არ მინახავს თვალით.
ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთ შეჯიბრებაზე ვერ ვმონაწილეობდი B ლიცენზია მომეხსნა და ჩემი კლასიფიკაციის გრაფაში მითითებული იყო: NO COMPETATION (არ მონაწილებს).
კიდევ ერთი წელიწადიც რომ გაგრძელებულიყო ასე, საერთოდ ამომიღებდნენ რეიტინგ-ლისტიდან და ხელახლა მომიწევდა დაახლოებით ხუთწლიანი პროცესის გავლა ადრინდელ ნიშნულამდე მისასვლელად.
ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კვლავ მივუბრუნდი საყვარელ საქმეს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელშეწყობით ვიმსაჯე სარაევოს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და სინდენფილგენის (გერმანია) ევროპის თასებზე.
პირველ მათგანში კვალიფიკაციის გამოვლენა არ ხდებოდა და უფრო დაკვირვებითი ხასიათისა იყო, გერმანიის ევროპის თასზე შეხვედრების განსჯიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მსაჯთა კლასიფიკაციაში B კატეგორია აღმიდგინეს.
- ვიცი, რომ საქართველოში მსაჯები ნაკლებად ხართ დატვირთული და ანაზღაურებაც მცირეა.
- ჩვენი ანაზღაურება შეჯიბრებების დონეზეა დამოკიდებული, რომელიც ეროვნული ფედერაციის ეგიდით ტარდება (ქვეყნის ჩემპიონატი, პირველობები, სარეიტინგო ტურნირები) საერთაშორისო კატეგორიის არბიტრებს გვიწვევენ, ეროვნული კატეგორიის რამდენიმე კოლეგასთან ერთად.
რეგიონებში კი მცირე მასშტაბის ტურნირები უჩვენოდ იმართება, ფინანსურად უჭირთ და კვალიფიციური მსაჯების მომსახურებისგან თავს იკავებენ.
ტატამზე როცა მსაჯად რომელიმე მწვრთნელი შედის, რასაკვირველია, თავს იჩენს სუბიექტურობის პრობლემა. ის ხომ ვერ იქნება ბოლომდე ობიექტური.
- საერთოდ, საქართველოში მსაჯების დონეს როგორ შეაფასებდით?
- მსაჯთა კორპუსი უპირობოდ გადასახალისებელია. ვფიქრობ, საჭიროა ახალგაზრდების მომზადება, კვალიფიკაციის ასამაღლებლად არბიტრების უცხოეთში, მსაჯთა სემინარებზე გაგზავნა, ან იქიდან კომისრების მოწვევა სემინარების ჩასატარებლად.
მსაჯობის დონის ამაღლება სხვაგვარად შეუძლებელია. მართალია, ჩვენი ქვეყნის პირველობების წინ ჩამოჰყვათ უცხოელი კომისარი, რომელიც შეჯიბრების წინა დღეს სემინარს ატარებს, მაგრამ ერთი, რომ ეს მხოლოდ თეორიაა, თანაც სულ ორიოდ საათს მიმდინარეობს, რაც არასაკმარისია.
- ფედერაციის ხელმძღვანელობის ნებას თუ ხედავთ ამ საქმის წინ წასაწევად?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სერიოზულად აპირებს მსაჯთა დონის ასამაღლებლად გარკვეული ღონისძიებების გატარებას. ის სულ ცოტა ხნის წინათ თავად იყო აქტიური სპორტსმენი და იცის ობიექტური, კვალიფიციური მსაჯობის ფასი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული სპორტსმენისთვის, არამედ საზოგადოდ შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"