საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს პირველობისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები 13 აგვისტოს დაამთავრებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა შეკრებას ყვარელში, მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ კი უკვე დაასახელა ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში წასაყვანი შემადგენლობა:

ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და კონტინენტის მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბრინჯაოს მედალოსანი ლევან წიკლაური (81), კონტინენტის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90), ევროპის ორგზის ვერცხლის მედალოსანი ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ასევე კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+100).

როგორც ხედავთ, უზნაძემ ნაკრებში წიკლაურიც შეიყვანა, რომელმაც მოსკოვის "დიდ მუზარადზე" ფეხის ტრავმა მიიღო და მზადების ერთი ეტაპიც გაუცდა. უზნაძის თქმით, ის თანდათან ზრდის დატვირთვებს, მსოფლიოს პირველობის დაწყებამდე კი ორიოდე კვირა რჩება და იმედოვნებენ, რომ მანამ მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდება.

უზნაძის გუნდში ისევ გამოჩნდა ჟორჟოლიანი, რომელსაც ტურნირებში არ უჭიდავია, თუმცა შეკრებები სრულად გაიარა. მწვრთნელის თქმით, ამ წონაში მათ რამდენიმე ვარიანტი მოსინჯეს, მაგრამ შედეგი ვერავინ აჩვენა. მათ შორის ისეთ ვარიანტსაც განიხილავდნენ, რომ თუ სხვა წონებში სათადარიგოები კარგად წარმოაჩენდნენ თავს, 100-ში მონაწილე საერთოდ არ წაეყვანათ და მის ხარჯზე მესამე წონა გაეორებინათ. სამწუხაროდ, გამოსაცდელმა კანდიდატებმა სუსტად იასპარეზეს. ამიტომ მწვრთნელებმა აქცენტი ისევ გამოცდილებაზე აიღეს და არჩევანი ჟორჟოლიანზე შეაჩერეს.

მსოფლიოს პირველობა 26 აგვისტოს იწყება რიო დე ჟანეიროში და 1 სექტემბერს დამთავრდება. როგორც გითხარით, ჩვენი ნაკრები ხვალ დაასრულებს შეკრებას ყვარელში, 17-ში კი რიოში გაფრინდება და აკლიმატიზაციის მიზნით ერთკვირიან შეკრებას ადგილზე გაივლის.

ასევე იხილეთ:
ლევან წიკლაური სათუოა - ირაკლი უზნაძე შეკრებით კმაყოფილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული