ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ

AutoSharing Option
28 აგვისტოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთაგან 73 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ და პირველად ამ ტურნირზე, ორი მონაწილე გვეყოლება - ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი.

უფრო ძლიერი წილისყრაც რეხვიაშვილს შეხვდა. ის პირველ წრეში თავისუფალია, როგორც მისი მომავალი მეტოქე, დომინიკელი ფაუსტინო ბივიცა.

სავარაუდოდ, ჩვენებურს მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს, ამათში გამარჯვებულის მომდევნო კონკურენტი კი რუსი მურატ კოძოკოვისა და იტალიელი ანდრეა რეჯისის შეხვედრაში გამოვლინდება.

აქ ფავორიტი უფრო ევროპის 2011 წლის რუსი ვიცე-ჩემპიონი ჩანს, რომელთანაც რეხვიაშვილმა სულ ორჯერ იჭი
დავა და ორივე მოუგო.

ეს პაექრობები წლეულს გაიმართა - პარიზისა და მოსკოვის "დიდ მუზარადებზე". ისინი წლევანდელი ევროპის გუნდური პირველობის ფინალშიც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლო მომენტში, როცა გაირკვა, რომ გადამწყვეტი შეხვედრა ჩვენებთან უწევდათ, რუსებმა კოძოკოვი მუსა მოგუშკოვით შეცვალეს, თუმცა ამით მათთვის არაფერი შეიცვალა - რეხვიაშვილმა იმასაც იოლად აჯობა.

მეორე ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჩვენებური მერვედფინალშიც გავა, სადაც სავარაუდო მეტოქედ ევროპის სლოვენიელი მოქმედი ჩემპიონი როკ დრაკშიჩი ეყოლება - ის ისეთ წილისყრაშია, მხოლოდ ირანელი ელიას ალი აკბარი თუ შეაჩერებს, მაგრამ ესეც საეჭვოა.

რეხვიაშვილი სლოვენიელს ჯერ არ შეხვედრია, მეოთხედფინალის კართან კი კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტის, ბელგიელი ევროპის ექს-ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორ დირკ ვან ტიჩელტის აჩრდილი იკვეთება!

მანამდე მას მასპინძელი ბრუნო მენდოსა ან, ჰა-ჰა, ბელორუსი ალექსეი რამანჩიკი თუ შეაჩერებენ. რეხვიაშვილი ბელგიელს სამჯერ შეხვდა და ორჯერ წააგო, თუმცა მოუგო ჯერჯერობით მთავარი ორთაბრძოლა - ბრინჯაოსთვის წლევანდელ ევროპირველობაზე. იმის შემდეგ მასთან მოსკოვის "მუზარადზეც" დამარცხდა, რაც მსაჯთა დამსახურება უფრო იყო.

ტატალაშვილი პირველად ჩილელ ტომას ბრინგასს ხვდება, მასთან სავსებით მოსალოდნელი წარმატების შემთხვევაში კი მეორე წრეში უნგრელი ატილა უნგვარი ელოდება, ვისთანაც წლეულს ევროპის გუნდურ პირველობაზე დამარცხდა.

მერვედფინალამდე ჩვენებურს ბოლო სეზონში სტაბილურად მოასპარეზე ებრაელი საგი მუკიც ელოდება. აი, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა სია კი გაცილებით სოლიდურია - მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი და ფრანგი მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი უგო ლეგრანი (ამასთან ორივე შეხვედრაში დამარცხდა).

ვფიქრობთ, სათვალავიდან ამოსაგდებნი არც უზბეკი მირალი შარიპოვი, ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო და ევროპის პრიზიორი, თურქი ჰასან ვანლიოღლუ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მტკივნეული მარცხი - ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული