ირაკლი უზნაძე: იღბალიც და მსაჯებიც ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ

AutoSharing Option
ჩვენი ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ბრაზილიური ოდისეის შესახებ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - პირად პირველობაში ორი ვერცხლი მოვიპოვეთ, რასაც გუნდურ ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონობაც დავუმატეთ.

მედალოსნები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ფინალი აქამდეც გვიჭიდავია - ისევ იმავე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში 2007 წელს, თუმცა ამჯერად ოთხი ნახევარფინალისტი გვყავდა, რაც პირველი შემთხვევა იყო და რაც მთავარი მწვრთნელის, ირაკლი უზნაძის ახალი მიღწევაა ევროპის ტრიუმფალური პირველობის შემდეგ.

უზნაძე ინტერვიუში მსოფლიოს ჩავლილი ჩემპიონატის შესახებ გვესაუბრება.

- ხართ კმაყოფილი ამ ჩემპიონატით, რამდენად
გაამართლა თქვენი იმედები?
- ვფიქრობ, ინდივიდუალურ პირველობაში ჩვენი გამოსვლა საშუალოზე უკეთესი იყო. წარმატებული თუ არა, არც წარუმატებელი ყოფილა. მით უფრო, მსოფლიოს წინა პირველობას თუ გადავხედავთ, სადაც ერთი მედალი მოვიპოვეთ, დანარჩენებმა კი საწყის ეტაპზევე წააგეს.

ახლა 7 წონიდან 4-ის ნახევარფინალში ვიჭიდავეთ, რაც გუნდის სტაბილურობაზე მიუთითებს. თან მსაჯების არაობიექტურობა რომ არა, ჩემპიონიც გვეყოლებოდა. აქედან გამომდინარე, გუნდი კარგად იყო მომზადებული.

ცხადია, უშეცდომო არავინაა და პატარ-პატარა შეცდომები ჩვენც გვქონდა. მაგალითად, წამიერი მოდუნებები. თან ევროპის პირველობისგან განსხვავებით, ამჯერად ყველა მათგანზე დავისაჯეთ.

შეცდომები ევროპაზეც მოგვდიოდა, მაგრამ მაშინ გვიმართლებდა და ამას შედეგზე არ უმოქმედია, ახლა კი ვინ იფიქრებდა, ვთქვათ, ამირან პაპინაშვილის 24 წამში წაგებას? ვფიქრობ, ჩვენებს ეს შეცდომები უფრო ფსიქოლოგიის გამო მოუვიდათ.

ალბათ, არც ესაა გასაკვირი, რადგან ახალგაზრდული გუნდია და მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი დღემდე არავის ჰქონდა. მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილის წაგების მიზეზია ცოტა განსხვავებული, რომელმაც ერთ მომენტში მეტოქის ილეთისას თავი დაარტყა და გაითიშა. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა და თუ დააკვირდით, ტატამზე შემოსვლისას ფეხიც კი აერია. სამაგიეროდ, გუნდურში კარგად იასპარეზა და ორივე შეხვედრა ძალიან პრინციპული მოიგო, ძალიან საჭირო დროს.

- სამწვრთნელო შტაბს რა დაგანახვათ ამ ტურნირმა მომავალში გამოსასწორებლად?
- კიდევ უფრო მეტი უნდა ვივარჯიშოთ და დავხვეწოთ ყველა კომპონენტი, რომ 4 ნახევარფინალისტი და 2 ვიცე-ჩემპიონი კი არა, 4 ფინალისტი და ამდენივე ჩემპიონი გვყავდეს.

თუმცა აქამდე ეტაპობრივად უნდა მოვუმატოთ, თორემ ისეთი დიდი ნახტომიც არ ხდება, წინა მსოფლიოზე 1 მედალი გქონდეს, ისიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოგებული და 1-2 წელიწადში შვიდივე წონაში მედლისთვის ვიჭიდაოთ.

სხვა გუნდებს თუ გადავხედავთ, სტაბილურობით მხოლოდ იაპონია და საფრანგეთი თუ შეგვედრება, თორემ დანარჩენებს თითო-ოროლა კარგი სპორტსმენი ჰყავდათ და არა მთელი ნაკრები.

- საინტერესოა, ჩემპიონატის წინ რას გეგმავდით?
- მე წასვლამდეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველას შეეძლო მედლისთვის ბრძოლა. რომ არა ის დასანანი პატარ-პატარა შეცდომები, ასეც იქნებოდა. ამასთან, ახლა იღბალიც და მსაჯებიც ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ. ევროპაზე 1-2 ეპიზოდზე თუ გვექნება არბიტრებზე სასაყვედურო, ახლა კი ლევან წიკლაურს, ავთანდილ ჭრიკიშვილს და ლომერ ჟორჟოლიანს მათ წააგებინეს. ზებედა რეხვიაშვილსაც ლამის გაგუდული კაცი გააშვებინეს.

- ჭრიკიშვილთან პიეტრი რომ გასაფრთხილებელი იყო, გეთანხმებით, მაგრამ თვითონაც ხომ არ ანერვიულდა? მაინც ახალგაზრდაა და პირველად უნდა ეჭიდავა ასეთ დონეზე. მით უფრო, გუნდურში იოლად მოუგო პიეტრის.
- აქ ნერვიულობა არაფერ შუაშია. მიზეზი უფრო ისაა, რომ ავთომ ნახევარფინალში იჭიდავა ძნელი შეხვედრა რუს ივან ნიფონტოვთან, ამის შემდეგ კი მალევე მოუწია ფინალში გასვლა და ძალების აღდგენა ვერ მოასწრო. ნიფონტოვთან ჭიდაობამ დიდი ენერგია წაიღო, თუმცა არა მხოლოდ ჩვენებურის - რუსმა ბრინჯაოსთვის ვერ იჭიდავა.

ჭრიკიშვილი ერთი თავით ჯობდა დანარჩენებს, მაგრამ ერთმა შეცდომამ წაგვაგებინა - ერთ მომენტში გაუშვა ილეთი, რომელიც ვერ გაქვითა, მსაჯმა კი ფრანგის გაფრთხილება არ ინება.

- ცოტა ერთფეროვანიც ხომ არ იყო მასთან შეხვედრაში? მით უფრო, გუნდურში უფრო აქტიური იყო, რამაც შედეგი გამოიღო.
- გუნდურშიც იმავე სტილით ეჭიდავა, ხოლო აქტიურობას რაც შეეხება, ორგანიზმმა არ მისცა მეტის საშუალება. ნიფონტოვის შემდეგ თვითონაც ამბობდა, რომ ხელები დაეღალა. ამის მიუხედავად, მეტოქეს ჭიდაობით მაინც აჯობა, მაგრამ ვერ ავიდა იმ დონემდე, რაც მსაჯებსაც დააძლევინებდა.

- ლიპარტელიანთანაც ხომ არ იყო ეს ნაადრევი ფინალის მომენტი? ნახევარფინალში ხომ იმანაც უხერხულ მეტოქეს, რუს კირილ დენისოვს მოუგო.
- შეჯიბრებაზე ყველა მეტოქე პრინციპულია და ყველასთან უნდა იბრძოლო. საბედნიეროდ, ჩვენები საამისოდ მზად იყვნენ. ლიპარტელიანმა მთელი ტურნირი უშეცდომოდ ჩაატარა. დენისოვთან მას აქტიურობა დავავალეთ, იმის შეცდომებს არ უნდა დალოდებოდა. ამან გაამართლა - პირადშიც და გუნდურშიც.

როცა კაცთან 6 შეხვედრა გაქვს წაგებული და მასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალს ჭიდაობ, დატვირთვა ორმაგდება. თუმცა წარმოიდგინეთ, ლიპარტელიანი რა დონეზე იყო მზად, ასეთ მეტოქეს ორჯერ რომ მოუგო.

ფინალს რაც შეეხება, გონსალესი არაა ხელწამოსაკრავი ფალავანი. პირიქით - ერთ-ერთი ლიდერია ამ წონაში და ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ნახევარფინალში ჯარჯი ზვიადაურს მოუგო. სამწუხაროდ, ლიპარტელიანმა გასაღები ვერ მოარგო, თორემ ვერ ვიტყვი, რომ მცდელობა დააკლო ან მზად არ იყო.

- ფინალისტებმა კარგი თვისებები გამოავლინეს - ლიპარტელიანი უფრო დინჯი და დაღვინებულია, შედეგზე ჭიდაობს და არა ძველებურად იპონით მოგებაზე; ჭრიკიშვილმა კი სისწრაფე, კარგი კოორდინაცია აჩვენა.
- ისინი ნაკრების ჩვეულებრივი გრაფიკით ვარჯიშობდნენ, ამ თვისებების გამოსამუშავებლად საგანგებოდ არ ვმუშაობდით. ლიპარტელიანს გამოცდილება ემატება, ჭრიკიშვილი კი დღითიდღე უმატებს, თუმცა ამის თქმა ყველაზე შემიძლია. ერთადერთი, ოქრუაშვილს ეტყობა ცოტა უკუსვლა ევროპის პირველობასთან შედარებით, რაც ზედმეტმა წონამ გამოიწვია.

- ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის წაგების მიზეზი ქომაგს განსაკუთრებით აინტერესებს...
- მცირე ასაკის მიუხედავად, ის ნამდვილი პროფესიონალია და მზადების პროცესში ყველაფერი გააკეთა მოსამზადებლად, ამ შეჯიბრებისთვის გაათკეცებულად ემზადებოდა. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ იხარჯებოდა, რადგან საზარდული ისევ აწუხებს.

მოგეხსენებათ, მან ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, როგორც ექიმები გვეუბნებიან, ახლა ტრავმის ახალი კერაა, რომელიც გვარიანად აწუხებს. ყოველი ვარჯიშის წინაც და შემდეგაც დაახლოებით ნახევარსაათიანი პროცედურა სჭირდებოდა, ასეთი რეჟიმი კი ცუდად მოქმედებს სპორტსმენზე.

ამას დაემატა ზედმეტი წონა, თუმცა მაინც მგონია, რომ პირადში არ იყო ცუდად მომზადებული. უბრალოდ, არ გაუმართლა და ერთ შეცდომას ემსხვერპლა, თორემ ბრიტანელი კოლინ ოუტსი არაფრით სჯობდა მას.

აი, გუნდურში ისევ მოუწია დაახლოებით 6-7 კილოგრამის დაკლება, ანუ ერთ ტურნირზე ორჯერ დაიკლო, რაც ძალიან გაუჭირდა. ბოლო 1 საათი ისე ირბინა, ოფლი აღარ გამოსდიოდა. არც კი გვეგონა, ჭიდაობას თუ შეძლებდა, მაგრამ გუნდის ინტერესისთვის თავი გადადო. ამ მაგალითმა, ასეთმა მონდომებამ ბიჭებზეც იმოქმედა და სწორედ ამის შედეგია გუნდურში გამარჯვება.

- შავდათუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ წონის შეცვლას აპირებს. რამდენად რეალურად განიხილება ეს საკითხი და თქვენი აზრი როგორია?
- ჯერჯერობით ორივე ვარიანტი განხილვის პროცესშია და ვნახოთ, რომელი გადაწონის. ჩემი აზრით, მაინც მოზარდია და წონის გამოცვლა აჯობებს, თუმცა ჯერ სპორტსმენს უნდა დაველაპარაკო და მისი აზრი გადაჭრით გავიგო.

- გუნდურ პირველობაზეც ვისაუბროთ, რომელსაც, ალბათ, დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა.
- გუნდი მთელი წლის შედეგებით იმსახურებდა ამას - ყველა ტურნირზე ლიდერად იყო ჩამოყალიბებული. ძლიერ შეჯიბრებაზე, სადაც გამოვედით, ყველგან რეკორდი მოვხსენით - ევროპის პირველობაზე, მასტერსზე, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზეც. რამდენადაც ვიცი, ბრაზილიაში 4 ნახევარფინალისტი არავის ჰყოლია.

ჩვენს გამარჯვებას რეზონანსიც დიდი ჰქონდა და ასეთი გამოთქმაც გავრცელდა, ძირითადად, რუსების საყურადღებოდ, რადგან მათ პირადში 4-ჯერ ვაჯობეთ - ქართველთან შეხვედრაში ბოლო წამამდე უნდა ელოდო, რომ მოგიგებსო. მგონი, ეს დიდი კომპლიმენტია იმ ნაკრებისთვის, რომელიც 3 წუთზე მეტს ვერ ჭიდაობდა.

თან შემადგენლობით ძლიერი შეჯიბრება იყო - ყველა გუნდი ლიდერებით გამოვიდა, ჩვენ კი უძნელეს ჯგუფში მოვხვდით საფრანგეთთან, იაპონიასთან, მონღოლეთთან და უზბეკეთთან ერთად.

- ლიპარტელიანი-დენისოვის სკანდალურ შეხვედრაზე რას იტყვით?
- სათქმელი არაფერია, რადგან ჩვეულებრივი საჭიდაო ეპიზოდი იყო; ხოლო თუ დასჯაზეა საუბარი, მაშინ ის უნდა დასაჯონ, რადგან მატეს შემდეგ დაიწყო მტკივნეული ილეთი. გაფრთხილება და სასჯელი იმას ეკუთვნოდა, მათი მწვრთნელი კი ამ თემაზე სასაუბროდ ჩემთან ვერ მოვიდოდა, რადგან სათქმელიც არაფერი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[ექსკლუზივი] ვალერი ლიპარტელიანი: ნიანგი ხომ არ ვარ, დენისოვისთვის მეკბინა?
მართლა უკბინა თუ არა ვალერი ლიპარტელიანმა რუს ძიუდოისტს? [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამება: რიოში დანახული ნაკრები
"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]

ადამ, დაახეთქე, მაგის დედას *** [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრამ ჩვენსკენ ღმერთი იყო
0
ძალიან მომეწონა მწვრთნელის ნააზრევი! ეს კაცი მგონი მწვრთნელადაა დაბადებული! ღმერთმა გააძლიეროს!
Ilia Erkvania
08:15 08-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული