რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჭრიკიშვილი პრინციპულად არ ატარებს მობილურ ტელეფონს და მისი მოხელთება ფრიად გაგვიჭირდა. როგორც ლიპარტელიანმა განგვიმარტა, არ სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ უყვარს ინტერვიუები, ტელეფონზე საუბარ-მესიჯები და ასე იმიტომ იქცევაო.
არადა, მისი დონის ფალავანი მუდამ სასურველი რესპონდენტია.
სალაპარაკო ლიპარტელიანთანაც ბევრი დაგვიგროვდა, რომელიც, სამწუხაროდ, უსიამოვნო სკანდალებში გაეხვია - ჯერ იყო და, ჩემპიონატის დასრულებისთანავე რუსმა კირილ დენისოვმა ფეხზე კბენა დააბრალა, ორიოდ
თუმცა ჩვენებურებს ამ უსიამოვნო თემების გარდა, მოსაგონარი და სასაუბრო სხვაც ბევრი ჰქონდათ. მათთან ინტერვიუში ისიც გაირკვა, რომ ნაკრებში დიდი ძეობაა - ვინძლო, ძიუდოისტთა ახალი თაობაც მოდის.
იმედია, მათ მიერ მოპოვებული ეს დიდი წარმატება ქვეყანაში ძიუდოს განვითარებას კიდევ უფრო წაადგება, მაგრამ ცოტა გასაკვირია, რომ ბრაზილიიდან დაბრუნებულ გუნდს ჯერ არც ოფიციალური შეხვედრა გაუმართეს (თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა სოცქსელებში კი მიულოცეს), არც ევროპის პირველობაზე გამარჯვებისთვის კუთვნილი პრემია მიუღიათ და არც ახალ ჯილდოზე ისმის რამე.
ალბათ, პრემიას კი მიიღებენ, მაგრამ ცუდია, რომ ძიუდოს სასახლის მშენებლობაზე ლაპარაკი შეჩერდა. იმედია, სათანადოდ დააფასდება მიღწევები.
მოგონებანი გარდასულ ჩემპიონატზე
ლიპარტელიანი: მე და ავთო ერთ ნომერში ვცხოვრობდით და როცა ჭრიკიშვილმა ფინალი წააგო, სასტუმროში დაბრუნებული მეუბნებოდა, თებერვალში პარიზის "დიდ მუზარადზეც" ასე მოხდა - მე ვერცხლი მოვიპოვე, შენ კი ჩემპიონი გახდი და ხვალაც მოიგებო.
ფინალში რომ გავედი და იქაც კუბელი შემხვდა, როგორ პარიზში, ვიფიქრე, რომ ყველაფერი მართლა ისე მიდიოდა, მაგრამ ვერა, ბოლომდე მაინც არ გამართლდა.
ჩემი გამოსვლით კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც. ორივეს გვქონდა შანსი და შეგვეძლო ოქროს მედლით დაბრუნება, მაგრამ ჭრიკიშვილმა მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილებებით დაკარგა ჩემპიონობა, კუბელმა კი ტაქტიკურად მაჯობა, ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა ყველაფერი.
წინასწარ შეხვედრებში არც ერთს არ გაგვჭირვებია, ნახევარფინალში კი ორივეს რთული ორთაბრძოლა გვქონდა რუს მეტოქეებთან. ტიტულებით ავთოს მოწინააღმდეგე ივან ნიფონტოვი უფრო ძლიერი იყო - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, მაგრამ ჩემთვის კირილ დენისოვი უხერხული მეტოქეა და ისეთი აზრიც კი ჩამოყალიბდა, რომ თითქოს დაუძლეველი ბარიერია ჩემთვის.
საბედნიეროდ, ნავსი გავტეხე და ორჯერ მოვუგე. მისი შეხვედრები ბევრჯერ ვნახე და კარგად შევისწავლე. ის მარცხენა მხარეს ჭიდაობს, რაც არაა ჩემთვის ხელსაყრელი სტილი. თან სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ადრინდელივით ბოლო წუთებში არ დამეშვა შეცდომა.
მოსამზადებელ პერიოდში მასზე ბევრი ვიმუშავეთ პერსონალურად, რაშიც ნაკრების მწვრთნელებთან ერთად ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც აქტიურად იყო ჩართული. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთი დარბაზიდან მოვდივართ და ერთად გავიზარდეთ. მას მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან პირობაც კი ჰქონდა დადებული, რომ რუსთან შეხვედრაში თვითონ გამყვებოდა მწვრთნელად და ამიტომ იკისრა "სეკუნდანტობა" ნახევარფინალში.
დენისოვთან საჭიდაოდ აქტიურად ვამუშავებდით ყველა ვარიანტს - საიდან უნდა გამეკეთებინა გდება, როგორ ამეღო ჩავლება, როგორ დამეწყო თავიდან, როგორ გამეგრძელებინა 2 წუთის მერე, როგორ მეჭიდავა იუკოს ან ვაზარის მოპოვების შემთხვევაში, როგორ შემენარჩუნებინა ანგარიში და სხვა...
ჭრიკიშვილი: ცხადია, ფინალში წაგებაზე გული მწყდება, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ - ეს ხომ ჩემი პირველი მედალია მსოფლიოზე. ამისთვის მთელი წელიწადი ვემზადებოდით და ბევრი შრომაც ჩავდეთ. მწვრთნელებიც გვერდში მედგნენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია - როცა დაძაბული არ ხარ, ფსიქოლოგიურად არ იტვირთები, ეს ბევრს ნიშნავს.
ძალიან რთული შეხვედრები მქონდა, განსაკუთრებით - ნახევარფინალსა და ფინალში. საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებისთვის არაფერი დამიკლია, მაგრამ ნიფონტოვის შემდეგ მეტისმეტად მალე მომიწია ჭიდაობა, დასასვენებლად დრო არ მეყო. 15-20 წუთი კიდევ რომ მქონოდა, სულ სხვა ჭიდაობა იქნებოდა.
ნიფონტოვთან პაექრობა ძალზე ძნელი იყო - ტატამიდან რომ გამოვედი, მაჯები დაბერილი და დალურჯებული მქონდა, თითებს ვერ ვამოძრავებდი. თუმცა ის ჩემზე მეტად დაიღალა, ბრინჯაოსთვის ვერც კი იჭიდავა.
ფინალი სამი შეხვედრის შემდეგ მიწევდა, მაგრამ ქალებში ორი ბრძოლა იპონით მალევე დასრულდა, რის გამოც მალევე მომიწია ასპარეზობა. პრაქტიკულად, ბოლო ორი პაექრობა 15-წუთიანი ინტერვალით გავმართე. ამიტომ ფინალში შესაძლებლობების მხოლოდ 50% გამოვავლინე, თორემ პიეტრისთან ადრეც მომიგია და 4 თვის წინაც დავამარცხე გერმანიაში. უბრალოდ, ახლა როგორც გითხარით, თითებს ვერ ვამოძრავებდი. ამიტომ ფრანგმა პირველი წუთის განმავლობაში ჩავლებებით მაჯობა.
არადა, ბავშვობიდან მოყოლებული, არ მახსოვს, ჩემთვის ჩავლებებში ვინმეს ეჯობნოს. მერე კი მოვახერხე განეიტრალება, მაგრამ ქულის აღება მაინც შეძლო. აი, გუნდურში კი სულ სხვა სხვა ჭიდაობა იყო.
ლიპარტელიანი: ეს ახალი წესების გამო მოხდა - დღეში მხოლოდ ერთი წონა ჭიდაობდა. თან ბადეებს თუ გადავხედავთ, ჭრიკიშვილს ყველა წრეში ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდა, პიეტრიმ კი იოლი ბადე გაიარა. ამიტომ უფრო დასვენებული შეხვდა ფინალს.
ჭრიკიშვილი: დღესდღეობით ტაქტიკურ შეცდომას თუ დავუშვებ და ისე მომიგებენ, თორემ წონაში ჩემთვის უხერხული მეტოქე არავინაა. შეიძლება კიდევ წავაგო - სპორტში ყველაფერი ხდება, მაგრამ ჭიდაობისას რომ ვუყურებ, ჩემზე ძლიერი არავინაა. მხოლოდ კორეელ მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმს გამოვყოფ, თუმცა მას კორეაში ერთობლივ შეკრებებზე ვეჭიდავებოდი და ღონით ვჯობივარ. მას არც ტრავმა აწუხებდა და არც არაფერი, მაგრამ რიოში მაინც არ იჭიდავა. ორგანიზმს ვასვენებო, ასე ამბობს, თუმცა ცოლიც მოიყვანა.
ლიპარტელიანი: გამოვარჩევდი 73 კილოგრამში გამარჯვებულ იაპონელ შოჰეი ონოს - ის ჩემპიონატის აღმოჩენაა. ფინალიც შთამბეჭდავი იპონით მოიგო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ლამაზი სტილის მოჭიდავეა.
ნახევარფინალების წინ ნაკრების ძველი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერიც მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, გქომაგობთ და თქვენი იმედი მაქვსო. ბოლოსაც მოგვილოცა მედლები, თვითონ კი გახარებული იყო თავისი გუნდის შედეგით. განსაკუთრებით იმით, რომ მისმა შეგირდმა ქართველს მოუგო. ცხადია, გახარებული იყო ელხან მამადოვის ოქროთიც, რომელიც გაგდებული ჰყავდა ნაკრებიდან - ასაკოვანია და აღარ მჭირდებაო.
ამრავლოთ - სანაკრებო ძეობა!
ლიპარტელიანი: სეზონის მთავარი ტურნირები კი დამთავრდა, მაგრამ ქალაქიდან გასასვლელად ვერ ვიცლი, რადგან დღე-დღეზე პირველ შვილს ველოდები. თანაგუნდელებს დასასვენებლად ერთობლივად გასვლა კი გვინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებთ. აგერ, ავთოა თავისუფალი კაცი და ის გაერთოს ყველას ნაცვლად.
ჭრიკიშვილი: არც მე ვაპირებ სადმე გასვლას. ვალერის მეჯვარე ვარ, საცაა, ნათლული შემეძინება და სად წავალ? შალვა ქარდავასაც შვილი შეეძინა, არც მისი შვილი გვინახავს ჯერ, ერთი კვირისაა და დღეს მოვინახულებთ ალბათ. ლაშა ზურაბიანის მეჯვარეც ვარ, მასაც შვილი შეეძინა და მალე ნათლობა აქვს. სხვათა შორის, ამ მოკლე პერიოდში ზებედა რეხვიაშვილიც მამა გახდა.
ლიპარტელიანი ჭორების ეპიცენტრში
ლიპარტელიანი: დავით ქევხიშვილმა თქვა ტელევიზიაში, თუ მოგება გინდა, ხელებით და ფეხებით კი არა, კბილებითაც უნდა იბრძოლოო. ჩვენც არაფერი დავაკელით, რომ ოქრო საქართველოში ჩამოგვეტანა, თუმცა იქ კბენა და მსგავსი რამე რომ ყოფილიყო, ხომ დაფიქსირდებოდა ყველაფერი, ვინ გვაპატიებდა? პირიქით - მან დამიწყო მტკივნეული ილეთი მატეს შემდეგ, რაც ადრეც გაუკეთებია ჩემთანაც და სხვასთანაც.
ორთაბრძოლის შემდეგაც ეს ვუთხარი, არ იქცევი სწორად-მეთქი, თან იქვე მიხაილინი და სხვებიც იყვნენ, წაგებით დაღონებული მისი თანაგუნდელები, და ისინი ვანუგეშე, ვწუხვარ, ასე რომ მოხდა-მეთქი.
ეტყობა, დენისოვმა ეს გაიგო ბოდიშად, თუმცა გასაგებია, რატომაც განაწყენდა და რატომ ლაპარაკობს ახლა ასე. მასთან საბოდიშო რა მქონდა?!
გონსალესს რაც შეეხება, კარგი პიროვნებაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვახლობლობთ კიდეც. მას პირველად 2010 წელს შევხვდი მსოფლიოს ჩემპიონატზე და მას შემდეგ კარგი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა, ბრაზილიაში ნომრებშიც კი შევდიოდით ერთმანეთთან და არ მესმის, რაში დასჭირდა ამის მოგონება.
ალბათ, თავის ქვეყანაში გმირობა მოუნდა. როცა ვნახავ, საყვედურსაც ვეტყვი და ტურნირზეც გადავუხდი სამაგიეროს.
ქართველები და რუსები
ლიპარტელიანი: რუსეთის ნაკრების კავკასიელ წევრებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველამ მოგვილოცა გუნდურში გამარჯვება. მიხაილინი გვეხუმრა კიდეც, ქართული ღვინო თქვენზეაო. საერთოდ, ის ძალზე კარგი ადამიანია. დენისოვი ცოტა განსხვავებული ტიპია.
ჭრიკიშვილი: დენისოვი და ნიფონტოვი სულ ცალკე დადიან, არც თანაგუნდელებს ეკონტაქტებიან და არც - ერთმანეთს. მათი გუნდის სხვა წევრებთან მეგობრული, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ერთი ავტობუსი გვემსახურებოდა, სულ ერთად გვიწევდა სიარული დარბაზსა და სასტუმროს შორის. ალიმ გადანოვიც და სხვა კავკასიელებიც ყოველთვის გამოგველაპარაკებოდნენ, მოგვიკითხავდნენ.
სირაზუდინ მაგომედოვმა გუნდურში ჩემთან წაგების შემდეგ მობილურში თავისი შვილის ფოტო მაჩვენა, გაკვირვებული სახე ჰქონდა ბავშვს - უკვირს, რომ წავაგე, არ სჯერაო, იცინოდა მამა. პატარა შვილი ჰყავს, ძალიან ჰგავდა მას.
ერთი სიტყვით, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მხოლოდ ეგ ორია ცოტა განსხვავებული ადამიანი.
გუნდური ტურნირი
ჭრიკიშვილი: გუნდურს ჩვენსავით ვერავინ ჭიდაობს. ასეთი მებრძოლი და ერთსულოვანი ნაკრები სხვა არ მინახავს. ლაშა შავდათუაშვილის თავდადება ცალკე თემაა. მან პირადის წინაც დაიკლო და - გუნდურისაც, მთელი 6 კილოგრამი.
ჩვენ ვიცოდით, რომ გუნდურში 2 კილოს გადამეტება დასაშვები იყო - ასე ტარდებოდა ყოველთვის და ასე გაიმართა წლევანდელი ევროპირველობაც, მაგრამ ორი დღით ადრე გვითხრე, რომ ეს შეღავათი არ იქნებოდა. ამდენად, ლაშას 4 კი არა, 6 გაუხდა დასაკლები და არ აპირებდა გამოსვლას, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, რაზეც დაგვეთანხმა.
ოლიმპიური ჩემპიონი ბევრი არ იზამდა ამას. მხოლოდ ის გვთხოვა, წამომყევით, დასაკლებად რომ წავალ და ხელი შემაშველეთ, არ წავიქცეო. წვალებით დაიკლო და არც მეგონა, იმდენსაც თუ იჭიდავებდა. ასეთი მებრძოლი სულის ადამიანი ბევრი არ მინახავს. მისი თავდადების შემდეგ მე რა უფლება მქონდა, არ მებრძოლა!
იგივე ლიპარტელიანი ნატკენი თითებით ჭიდაობდა - სისხლი მოსდიოდა, ჩავლებებს ვერ აკეთებდა, ყველა დანგრეულები ვიყავით, გასახდელში არც კი ვხურდებოდით - არ შეგვეძლო ეს, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ.
ლიპარტელიანი: გუნდურში ჭიდაობისას ერთი ტრადიცია გვაქვს - მთელი გუნდი სამჯერ ვიძახით "დიდება უფალს!" ეს ტრადიცია წინა თაობებისგან გადმოგვეცა და ვაგრძელებთ კიდეც.
გუნდურში მთელი სული და გული ჩავდეთ. იმდენად დიდი ჟინით ვიჭიდავეთ, ნებისმიერს დავამარცხებდით. ავთომ სწორად აღნიშნა - ასეთი შეკრული, ერთსულოვანი ნაკრები სხვა არ მინახავს. ეს წარმატებაც ამან განაპირობა, სამომავლოდ კი ამ ბიჭებისა კიდევ უფრო მეიმედება - ახალგაზრდები არიან და მჯერა, მონაპოვარს შევინარჩუნებთ.
ბრძოლა არ იყო იოლი, რადგან ყველას ძალიან უნდოდა ჩემპიონობა. ფრანგები 2011-ში ჩემპიონები რომ გახდნენ, რინერი მხოლოდ ფინალში აჭიდავეს, ახლა კი თავიდანვე დააყენეს. რუსები აქამდე დენისოვსა და ნიფონტოვს არ აჭიდავებდნენ, მონღოლებმა კი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდინ ტუვშინბაიარი გამოიყვანეს...
რეზონანსი დიდი იყო - ბევრი უცხოელი მწვრთნელი თუ ქომაგი მოდიოდა, სურათებს იღებდნენ ჩვენთან ერთად... ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან სითბოს ვგრძნობდით, როგორც ძლიერი ნაკრების მიმართ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი ესაა ნამდვილი მამულიშვილიბა !