მარგველაშვილს გაუმართლა და ქვეჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება ჰოლანდიელ ხაიმე რაიხმაკერსთან შეხვედრით, ჩხვიმიანს კი პირველივე წრეში იტალიელთა ევროპის მესამე პრიზიორი მარია კარმინე დი ლორეტო ერგო.
თან ამ ჯგუფში უფროსთა ტურნირებში გამობრძმედილი რამდენიმე ფალავანიცაა, მაგალითად, უნგრელი კრისტიან
ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ფრიდონ გიგანი (73) მეორე წრეში სომეხ არტავაზ ჰოვსეპიანთან იჭიდავებს.
მის ჯგუფშია ანრი ეგუტიძე პორტუგალიიდან. ეს ქუთაისელი ბიჭი ჩვენმა ფედერაციამ ოფიციალურად გაუშვა პორტუგალიაში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობს. მას ფინანსურად ვერ ეხმარებოდნენ და ანრიც თავისი ხარჯით დადიოდა შეჯიბრებებზე.
"მამლუქთა" სიმრავლეა პირველ ჯგუფშიც, სადაც ერთად მოხვდნენ გიორგი რევაზიშვილის ვაჟი რომან მასტოპულოსი საბერძნეთიდან და სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ვეფხია ავალიანის შვილი ტრისტან ავალიანი საფრანგეთიდან.
პირველივე წრეში ძნელი ბრძოლა ელის უშანგი მარგიანს (81) რუს ალან ხუბეცოვთან, თუმცა ის ისედაც რთულ ჯგუფშია - მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ამ ასაკში ბერძენთა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ალექსიოს ნტანაციდისი ელოდება.
90 კილოგრამში ჭაბუკთა შორის ყველაფრის მომგები და ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი (ოღონდ ქვედა წონაში) ბექა ღვინიაშვილი (შარშან ფინალი სწორედ ნტანაციდისთან წააგო) პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს პოლონელ პატრიკ ციეცომსკისთან.
ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში, შესაძლოა, კონტინენტის ბოლო პირველობის ბრინჯაოსმედალოსანს, ჰოლანდიელ მაქს დე ვრეეზეს დაეჭიდოს. ამავე წონაში ლაშა ტაველური პირველ ბრძოლას სლოვენიელ ტადეი მულეცთან გამართავს. მის ჯგუფშია ჰოლანდიელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი მიხაელ კორელიც.
ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი და ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი გურამ თუშიშვილი (100) თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენდერისა და შვედი ბენიამინ სტოფელის პაექრობაში გამოვლინდება.
თუშიშვილსაც ფრიად გაუმართლა წილისყრაში და მის თანაწონელ თორნიკე ოთინაშვილსაც - ის თავიდან ლიტველ როკას სიმონისს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი ჰოლანდიელი სხერედ მირლო ელოდება.
თავიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლევან მატიაშვილიც ისვენებს, მასთან შესახვედრად კი უნგრელი ბენდეგუზ დემეტერი და იტალიელი ნიკოლა ბაჩეტი იჭიდავებენ. ვფიქრობთ, წილისყრაზე სამდურავი არც მატიაშვილს ეთქმის, ხოლო მეორე მძიმეწონოსანი გიორგი ზაქარიაძე პირველივე წრეში სერბ ზარკო ცულუმთან იჭიდავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"