ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე დღეს 6 ქართველი იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის 21 სექტემბერი წინა დღეზე ბევრად წარმატებული აღმოჩნდა - სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან გუგავამ (73) ვერცხლი მოიპოვა.

22 სექტემბერს ტურნირში დარჩენილი სამი წონის ფალავნები - 90, 100 და +100 იასპარეზებენ. ამათგან შედარებით რთული წილი 90-ის წარმომადგენლებს ერგოთ.

აქ ჭაბუკებში ყველა ტიტულის მფლობელი და ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი (ოღონდ ქვედა წონაში) ბექა ღვინიაშვილი პირველად პოლონელ პატრიკ ციეცომსკის შეხვდება, ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ჰოლანდიელთა კონტინენტის ბოლო პირველობის ბრინჯაოსან მაქს დე ვრეეზეს დაეჭიდოს.

ამავე ჯგუფშია უფროსთა
ტურნირებში საკმაოდ გამოცდილი უნგრელი კრისტიან ტოტიც, თუმცა ქართველი მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება. თან ისიც გავიხსენოთ, რომ ღვინიაშვილმა მას ორჯერ მოუგო.

ამ წონაში ლაშა ტაველური პირველ ბრძოლას სლოვენიელ ტადეი მულეცთან გამართავს. მის ჯგუფშია ჰოლანდიელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი მიხაელ კორელიც.

ზედა წონების ფალავნებს ბევრად გაუმართლათ. 100-ში ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი გურამ თუშიშვილი (100) თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენდერისა და შვედი ბენჯამინ სტოფელის პაექრობაში გამოვლინდება.

თორნიკე ოთინაშვილი თავიდან ლიტველ როკას სიმონისს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი ჰოლანდიელი სხერედ მირლო ელოდება.

თავიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლევან მატიაშვილიც ისვენებს, მასთან შესახვედრად კი უნგრელი ბენდეგუზ დემეტერი და იტალილი ნიკოლა ბაჩეტი იჭიდავებენ.

ვფიქრობთ, წილისყრაზე სამდურავი არც მატიაშვილს ეთქმის, ხოლო მეორე მძიმეწონოსანი გიორგი ზაქარიაძე პირველივე წრეში სერბ ზარკო ცულუმთან იჭიდავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან გუგავამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა: ქართველების ცუდი სტარტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული