შეხვედრა წარსულთან: კეჭოუკა გოცირიძე, კოდოკანის აღზრდილთა ღირსეული მეტოქე

AutoSharing Option
ფოტოზე: სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძე (მარცხნივ) და იაპონელი გენერალი, ერთ-ერთი პირველი ძიუდოისტი ჰეიჰატირო ტოგო

2014 წლის 13 აპრილს "ლელოს" არსებობის 80 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში იგი არა მხოლოდ სპორტული მოვლენების აღმნუსხველ-განმზოგადებელი და მემატიანე იყო, არემედ დიდ ადგილს უთმობდა ქართული სპორტის ისტორიის კვლევას, სხვა თემებს, რაც მეტ ღირსებას ანიჭებს საქართველოს ამ უძველეს, პირველ სპორტულ გაზეთს.

ტრადიცია გრძელდება. დღეიდან გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენს მკითხველებს გავაცნოთ ახალი ისტორიული ფაქტები ქართული სპორტის წარსულიდან თუ ჩვენი თანამემამულე ათლეტებისა და ჭეშმარიტი რაინდების ცხოვრებიდან.

* * *
ეს
ისტორია მაშინ დაიწყო, როცა პატარა იაპონიამ გაბედა და 1904 წლის 27 იანვარს (ახალი სტილით - 9 თებერვალს) პორტ-არტურის ნავსადგურში რეიდზე მდგარი რუსული ხომალდები სულ ერთმანეთის მიყოლებით ჩაძირა. ასე დასრულდა შორეულ აღმოსავლეთში რუსთა განუსჯელი პარპაში, რომელსაც იაპონელები კარგა ხანს - 1850 წლიდან ითმენდნენ და ეს ყველაფერი რუსეთ-იაპონიის ომის საბაბად იქცა.

თავდაპირველად, სანქტ-პეტერბურგში იაპონიის არმია სასაცილოდაც კი აიგდეს, მაგრამ მერე სერიოზულად შეშფოთდნენ იმით, რომ სამურაებმა ომის პირველივე დღეებში დაანგრიეს მითი რუსული არმიის უძლეველობის თაობაზე.

ნიკოლოზ II-ის კარზე სწორედ ამ დროს ალაპარაკდნენ ახალ იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაზე, რომელსაც "ძიუდო" ერქვა.

ზემო რაჭველმა ბიჭმა - 20-22 წლის კეჭოუკა გოცირიძემ, რომელიც იმ დილით ფეხით ჩამოსულიყო ქუთაისში მარილის საყიდლად, ბაზარში გლეხებისგან შეიტყო იაპონიასთან ომის დაწყება. კეჭოუკამ არ იცოდა, სად იყო იაპონია, პორტ-არტურზე კი მხოლოდ ყურმოკვრით სმენოდა - ქვეყნის დასალიერშიაო. კეჭოუკას ჭიდაობა კი ყველაფერს ერჩია, მაგრამ გამზრდელი ბაბუა ეუბნებოდა: ხელობა ისწავლე, ბაბუა, თვარა ჭიდაობით გამდიდრებული კაცი ქვე ვიღას გოუგია ჩვენშიო.

კეჭოუკას ბაბუამ არ იცოდა, რომ იაპონიაში ძიუდოს შემქმნელ-ჩამომყალიბებელი ძიგორო კანო იმხანად უკვე პროფესორი იყო და სწორედ ჭიდაობით გამდიდრებულიყო. კანოს ერთ-ერთი პირველი უჩიდეში (მასთან სახლში მცხოვრები მოსწავლე) ჰეიჰატირო ტოგო კი, რომელმაც ძიუდოში ვარჯიში 30 წლიდან დაიწყო, ომში იაპონიის არმიის ყველაზე მნიშვნელოვან ქვედანაყოფს - "გოკოკუ ნიპპონს" ხელმძღვანელობდა.

ეს ქვედანაყოფი მთლიანად კოდოკანის (ძიუდოს სკოლის) მოწაფეებისაგან შედგებოდა და ფრონტის წინა ხაზზეც მედგრად იბრძოდა.

პროფესორ ძიგორო კანოს სმენოდა საქართველოს სახელი - გაზეთების კითხვა ბავშვობიდან უყვარდა და განსაკუთრებული ინტერესით კი სპორტის მერე, უცხოეთის ამბებს ეცნობოდა ხოლმე. ჰოდა, კი იცოდა, რომ კავკასიაში ერთი მეტად ურჩი და მუდამ მებრძოლი, იაპონიასავით ძველი კულტურის მქონე პატარა ქვეყანა არსებობდა.

ომი რომ დაიწყო, იმ ქვეყნის ერთმა ცნობილმა პოეტმა ლექსიც კი დაწერა - "ოი, ამას ვენაცვალეო", თანაც რუსული ცენზურა კარგად გააცურა: ოიამა ივაო ის კაცი იყო, ვისაც იმპერატორმა მეიძიმ პირადად გადასცა სამურაის ხმალი და უთხრა - აბა, შენ იცი, ჩემო სარდალო, რა მალე დააჩოქებ რუსებსო.

ჰოდა, იმ ლექსით ისე გამოდიოდა, რომ საქართველოდანაც იაპონელ სარდალს ზუსტად იგივე სიტყვები შეუთვალეს. მაშინ კი, როცა იაპონიამ რუსეთს პორტ-არტურში ხომალდები ჩაუძირა, საქართველომ ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ტფილისში, სწორედ მეფისნაცვლის სასახლის წინ, ტერორისტებმა "ველიკორუსული სამხედრო კავშირის" მეთაური, სავვა პეტროვსკი მიასაღეს. ეს ის სავვა პეტროვსკი იყო, რომელიც სანქტ-პეტერბურგს მოუწოდებდა, არარუსი "ტუზემცები" კავკასიაშიც და პორტ-არტურშიც ერთნაირი მონდომებით გაეჟლიტათ. პეტროვსკის მკვლელობას, ცხადია, იაპონური გაზეთებიც გამოეხმაურნენ და იქვე ისიც დაწერეს, რომ რუსებს კავკასიელები ომში ძალით მიჰყავდათ.

იაპონური პრესა არ ტყუოდა: საქართველოში ეროვნულმა დაუმორჩილებლობამ მალევე პიკს მიაღწია და სხვათა შორის, შორეულ აღმოსავლეთში სწორედ ამან გაუადვილა იაპონელებს საქმე. ამასობაში კი მეფისნაცვლის საიდუმლო ბრძანებაც გამოვიდა და ჟანდარმებმა ძალით იწყეს "არასაიმედო პირების" გაგზავნა ფრონტზე. რუსებისთვის კი ყოველი მეორე ქართველი ასეთი იყო და ადვილი წარმოსადგენია, მეფისნაცვლის ხსენებულ საიდუმლო ბრძანებას როგორც აღასრულებდნენ.

ჰოდა, კეჭოუკა გოცირიძესაც, რომელსაც პასპორტში სპირიდონი ეწერა, სწორედ ამგვარ არეულ დროს მოუწია ქუთაისში ჩამოსვლამ და, როგორც კი თეთრ ხიდს გაცდა, ჟანდარმებმა დაუძახეს - შეჩერდიო! კეჭოუკამ გულღიად გაიღიმა და ტომარაზე მიუთითა: ქვე ე მარილი მიმაქ, ბუძუებო, ბაზარში გასაყიდადო. რუსმა ჟანდარმებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე იქედნურად გაუღიმეს მთასავით რაჭველს და არაყზე მიიპატიჟეს - მოდი, ერთი ჭიქა დაგვილიე და გზა მერე გააგრძელეო. კეჭოუკას არ უთქვამს უარი: ჟანდარმებთან ერთად იქვე, რომელიღაც დუქნის წინკარში გაშლილ სუფრას მიუჯდა და შეთავაზებული არაყიც შესვა.

არაყი ბანგგარეული ყოფილიყო და, კეჭოუკაც ამას მხოლოდ მაშინღა მიხვდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად, ხელფეხშეკრულს, სამხედრო მატარებელში გამოეღვიძა. აღმოჩნდა, რომ ჯარში იყო გაწვეული და ქვეყნის დასალიერში - პორტ-არტურში აგზავნიდნენ. მატარებლით სანქტ-პეტერბურგში ჩაიყვანეს, იქ კი მასავით ძალით გაწვეულ ყმაწვილებთან ერთად გემში ჩასვეს და პორტ-არტურისკენ გაუყენეს გზას.

პორტ-არტურში ჩასული კეჭოუკა ანატოლი სტესელის - ნავსადგურის მცველი რუსი გენერლის პირადი ხაბაზი გახდა: იარაღს ხელი არაფრით მოჰკიდა და არც მწყობრში იარა ველიკორუსული "სოლოვეის" რიტმზე. დედის გინების გამო, ერთი-ორი ოფიცერიც გემოზე მიამჟავა და ბოლოს, დაანებეს თავი - ჯანდაბას, აცხოს პურები და იყოს, როგორმე ავიტანთო.

1904 წლის 20 დეკემბერს (1905 წლის 2 იანვარს), ანატოლი სტესელმა იაპონიის ფლოტის შემოტევას ვეღარ გაუძლო და ნავსადგური იაპონელ გენერალს, ჰეიჰატირო ტოგოს ისე ჩააბარა, ზემდგომთაგან არავინ გაუფრთხილებია. მოგვიანებით, იგი ამ "თვითნებობის" გამო გაასამართლეს, მაგრამ ჩვენს ამბავში ეგ არაა მთავარი. საქმე ისაა, რომ ჰეიჰატირო ტოგომ, როდესაც ნავსადგური ჩაიბარა და ყველგან თავისი ძიუდოისტი ბიჭები ჩააყენა, იფიქრა: მოდი, ბარემ ბოლომდე წავაჩოქებ რუსებსო და, ჭიდაობაში სახელდახელო შეჯიბრების გამართვა ბრძანა. იმასაც ვიტყვი, რომ მაშინ ძიუდო ახალი ხილი იყო მსოფლიოში და ასეთი სახელდახელო შეჯიბრებები ხშირად იმართებოდა.

ერთი სიტყვით, რუს ჯარისკაცებს სხვა რა გზა ჰქონდათ და გამოიზლაზნნენ იაპონელ ძიუდოისტ-ჯარისკაცებთან ძალის სასინჯად. გამარჯვებულებმა ძიუდოშიც იმარჯვეს - ერთმანეთის მიყოლებით, მიწას გააკრეს დანებებული მტრები, მაგრამ ჰეიჰატირო ტოგო მაინც უკმაყოფილო იყო: ამისთანა მკვდრები როგორ ხართ, რომ ერთი მაინც არ აღმოჩნდა თქვენში ჩემი ჯარისკაცების მძლეველიო.

სწორედ მაშინ, მოშორებით, თონეში მყოფმა და პურის ცხობაში გართულმა კეჭოუკა გოცირიძემაც გამოიხედა იქითკენ, საითაც ჯარისკაცებს წრე შეეკრათ და ჭიდაობდნენ. ჭიდაობამ დააინტერესა და "წერეთელმა დაგვიბარას" ღიღინით დაიძრა, თუმცა ახლოს როცა მივიდა, დაღონდა: "ქვე გოუთავებიათ უკვეო".

ის-ის იყო, უკან გაბრუნება დააპირა, რომ ჰეიჰატირო ტოგომაც მოჰკრა თვალი და რუსებს შეეკითხა, ეს გოლიათი ვინღაა, ერთი აქეთ უხმეთო. გოლიათი კი არის, მაგრამ ისეთი კაცია, თოფი ვერაფრით ავაღებინეთ ხელში, ხაბაზიაო - უპასუხეს.

ჰეიჰატირო ტოგო თავად მივიდა კეჭოუკასთან, თარჯიმნის პირით ჰკითხა, ჭიდაობა თუ იციო და დადებითი პასუხი რომ მიიღო, თავის ყველაზე ძლიერ ჯარისკაცზე მიუთითა - აბა, თუ წააქცევო.

ზანტად შემოვიდა წრეში ქართველი ხაბაზი, ახედ-დახედა იაპონელს, დაეჭიდა, მოსდო მოგვერდი და ზღართანი გაადენინა მიწაზე. წამოხტა იაპონელი: ეგ როგორ მოხდა, რომ ვიღაც რუსმა წამაქციაო და ხელმეორედ დაჭიდება მოითხოვა. გამოდი წრიდანო - თვალები გადაუბრიალა ჰეიჰატირო ტოგომ და მის მაგივრად წრეში ვინმე ვაკაბაიაში ტარო შეაგდო. ეს ტარო მოგვიანებით ძიუდოს ცნობილი ოსტატი გახდა და ამერიკაში კოდოკანის პირველი ფილიალიც მან გახსნა ლოს-ანჯელესში.

ვაკაბაიაში ტარო თავგანწირვით ეძგერა კეჭოუკას და კისრულით წამოღება დაუპირა, მაგრამ ქართველმა კონტრილეთით აიცილა თავიდან შერცხვენა. მერე კი ისეთი ილეთი ჩაუტარა, თვით ძიგორო კანოსაც რომ არ სმენოდა და, გაოცებული ტარო ისე აღმოჩნდა მიწაზე, ვერაფერსაც ვერ მიხვდა. რაღა უნდა ექნა? წამოდგა და გენერალს თვალიც ვერ გაუსწორა, ისე შეერია მაყურებლებს.

კეჭოუკამ ამის შემდეგ კიდევ ერთი იაპონელი წააქცია და სამუდამოდ მოიგო ჰეიჰატირო ტოგოს გული - იაპონელი გენერალი ბევრს ეხვეწა და ემუდარა: რატომ უნდა დაბრუნდე რუსეთში, ჩამოდი ტოკიოში, კოდოკანში სასურველი პედაგოგი და სტუმარი იქნებიო, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა: რას ბრძანებთ, მე რუსეთში კი არა, საქართველოში ვბრუნდები, იქაა ჩემი სამშობლოო, იმეორებდა მთასავით ხაბაზი.

ჰოდა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ სოფელში და იქვე გალია სიცოცხლე ბედნიერად, შვილიშვილებისა და თანასოფლელთა შვილებისგან "სპირიდონ ბაბუად" წოდებულმა კეჭოუკამ.

ჰეიჰატირო ტოგომ კი 1933 წელს, მემუარებში დაწერა: "1904 წელს, პორტ-არტურში მე პირადად ვიხილე კავკასიელი მებრძოლის საოცარი ილეთები და გამარჯვებისთვის ესოდენ საჭირო, მედგარი სიჯიუტე"...

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვისიამოვნე, მაგარი სტატიაა, მადლობა ავტორს.
murtalo
03:52 14-10-2013
0
ვენაცვალე სულში კეთილს, ღმერთმა გაანათლოს! თუ იმაზე იდავებს ვინმე, მთლად ზუსტად ასე არ იყო (ან არ იქნებოდა), ჯანი გავარდეს, რაფერც იყო, მონაჭორი არ იქნება, ფაიზაღია. გევიხაროთ ქართველებმა ერთად!
კეთილო
22:05 11-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული