აზერბაიჯანელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა

AutoSharing Option
25 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა, ევროპის ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანმა ელნურ მამადლიმ (81).

მიზეზი ფეხის ტრავმაა, რომელიც სპორტსმენს კარგა ხანია, აწუხებს და რომელიც ვერაფრით მოირჩინა.

"ფეხის სერიოზული ტრავმა მაწუხებს. ჯერ კიდევ ივლისში ვგეგმავდი გამოსვლას აგვისტოში ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში, მაგრამ ტრავმამ გეგმები ჩამიშალა. გამოკვლევის ბოლო შედეგები სასიხარულო არ იყო.

ფეხი, რომელზეც რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, ძლიერად მტკივა. ამ ასაკში კარიერის დასრულება არ მსურდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა"
- განუცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანულ მედიას.

შეგირდის წასვლას იქაური ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი აგიარ ახუნდზადეც გამოეხმაურა, ვის ხელშიც მოიპოვა მამადლიმ ზემოაღნიშნული ტიტულები.

"ტრავმამ ფრიად გააწვალა ელნური. ყველაზე სერიოზული ბოლო დაზიანება გამოდგა - ფეხი გაუსივდა, ოპერაციაც გაიკეთა, მაგრამ ყველაფერი უშედეგო გამოდგა.

მისი გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ სამწუხაროა, რადგან დიდი ტალანტი და დიდი პოტენციალი ჰქონდა.

დარწმუნებული ვარ, მან საკუთარ თავს რეალიზება ბოლომდე ვერ გაუკეთა. თუმცა გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, რასაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ.

მე ვურჩევდი მას, მწვრთნელობა დაეწყო ჯერ კიდევ კარიერის დასრულებამდე. სპორტის ასე მკვეთრად მიტოვებაც არ შეიძლება, ეს უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, ერთხელ ისევ გამოიკვლიოს ფეხი და კარიერის გაგრძელებაც გადაწყვიტოს"
- ასე ოპტიმისტურად დაასრულა თავისი კომენტარი ახუნდზადემ.

ამ მწვრთნელისთვის ელნურ მამადლი გამორჩეული სპორტსმენი იყო. ახუნდზადეს პეკინის ოლიმპიურ ციკლში მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი ელხან მამადლი (100), მსოფლიოს პრიზიორი ნიჯატ შიხალზადე (66) და კიდევ რამდენიმე ძლიერი ფალავანი ჰყავდა, მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას მამადლიმ მიაღწია, რომლისთვისაც ყველაზე წარმატებული პერიოდი იმ ოლიმპიური ციკლის ბოლო სამწლიანი მონაკვეთი იყო.

მამადლი სპორტს 81 კილოგრამის ათლეტად კი დაემშვიდობა, მაგრამ კარიერის უმეტესი წლები 73 კილოგრამში გაატარა.

ზემოჩამოთვლილ მიღწევათაგან უმეტესობაც იქ მოიპოვა. პირველ სერიოზულ წარმატებას მან 2006 წელს, 18 წლისამ მიაღწია (ეს - ოფიციალური საბუთებით, თორემ თავს ვერ დავდებთ, რომ ასაკი გადაკეთებული არ ექნება), როცა ფინურ ტამპერეში, ევროპის პირველობის ფინალში ფრანგი დანიელ ფერნანდესი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ამის მიუხედავად, მას მაინც არ მიიჩნევდნენ წონის ლიდერად, თუმცა სკეპტიკოსთა საწინააღმდეგოდ, ათლეტმა 2007 წელსაც გაიბრწყინა - ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, მაგრამ სამხრეთკორეელ კი ჩუნ ვანგთან დამარცხდა და მეორეზე დარჩა.

მამადლის რევანშის შანსი მომდევნო სეზონშივე მიეცა, პეკინის ოლიმპიადის ფინალში და კარგადაც გამოიყენა - ვანგი სულ რაღაც 20-იოდ წამში დაამარცხა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. იმავე წელს ის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის სპორტსმენად დაასახელა.

მიზეზთა გამო მამადლის კარიერა ამის შემდეგ დაღმავალი გზით წარიმართა. ეტყობა, ფულით გაზულუქება მხოლოდ ქართველ სპორტსმენთა ხვედრი არაა და აზერბაიჯანელიც გვარიანად გადაჰყვა "მუცლით ქეიფს" - კარგა ხანს არ გამოჩენილა ტატამზე, ხოლო როცა დაბრუნდა, უკვე 81-ში მოგვევლინა.

ახუნდზადეც და ქომაგებიც ამას ჩვეულებრივად შეხვდნენ - სპორტსმენი 73-ში უკვე ძალიან ბევრს იკლებდა, თუმცა უბედურება ის იყო, რომ ვერც ახალ წონაში "დაიჭირა" წონა და გულმა 90-ისკენ გაუწია.

ამაზე უკვე ახუნდზადემ მწარე კომენტარი გააკეთა და სპორტსმენის სურვილს არაპროფესიონალიზმი უწოდა. თუმცა მამადლი ამან ვერ შეაჩერა და რამდენიმე ტურნირი 90-შიც იჭიდავა.

ცხადია, ფრიად წარუმატებლად, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო და ისევ 81-ში დაბრუნდა.

ადაპტაცია აქაც კარგა ხანს გაუგრძელდა, თუმცა 2011 წელს მორიგ დიდ გამარჯვებას მაინც მიაღწია - სტამბულში მეორედ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში, როცა ფინალში იმხანად ჯერ კიდევ მოლდოვის სახელით მოასპარეზე, სადღეისოდ კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაქცეული სერგიუ ტომა დაამარცხა.

ამის შემდეგ ერთხელაც გაიბრძოლა, როცა შარშან ალმატიში მასტერსის ტურნირი მოიგო, მეტი კი ვერაგმა ტრავმამ არ დაანება. თუმცა გარკვეულ ტურნირებში იმის შემდეგაც იჭიდავა: შარშანვე დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ბრინჯაო მოიპოვა, მოსკოვის "დიდ მუზარადზე" კი მეხუთეზე გავიდა.

მან შარშანვე ლონდონის ოლიმპიადაზეც იჭიდავა, თუმცა პირველივე წრეში კანადელთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ანტოინ ვალოის-ფორტიერთან წააგო. კარიერის ბოლო ტურნირი წლევანდელ თებერვალში ისევ დორტმუნდში გამართული ზემოაღნიშნული რანგის შეჯიბრება გამოდგა, სადაც ასევე პირველი წრიდან გამოვარდა.

კარიერის ბოლო წლების ჩაგდების მიუხედავად, მამადლი აზერბაიჯანში დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ამასთან დაკავშირებით კულუარებში ერთი საინტერესო ამბავიც ვრცელდება - როცა აზერბაიჯანის ნაკრების სათავეში პეტერ ზაიზენბახერი მივიდა, მან ჩვეულებისამებრ მძიმედ დატვირთა შეგირდები.

მათ შორის - მამადლიც, რომელსაც ტიტულის გამო არანაირი შეღავათი არ მისცა. ამან სპორტსმენის უკმაყოფილება გამოიწვია და მწვრთნელს დატვირთვების დაკლება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ეს უკვე მამადლიმ გააპროტესტა და ვარჯიში იუარა.

ეს ამბავი ზაიზენბახერმა ფედერაციის პრეზიდენტ ფიზული ალაკბაროვს აცნობა, არ მიჯერებსო, ძიუდოისტმა კი საშველად თურმე... ქვეყნის პრეზიდენტ ილხამ ალიევს დაურეკა! თუმცა ამ ამბავში კულუარული მხოლოდ პრეზიდენტებთან სატელეფონო ზარებია, მწვრთნელ-შეგირდის სავარჯიშო კონფლიქტზე კი იქაურ მედიაშიც მრავალჯერ დაიწერა.

მამადლიმ ზემოაღნიშნულ კომენტარს სპორტიდან წასვლის შესახებ ისიც დაამატა, რომ ძიუდოში დარჩენა სურს, ხოლო რას გავაკეთებ სამომავლოდ, ამას ფედერაცია გაცნობებთო.

ჰოდა, ალაკბაროვის სამწყსომაც გვაცნობა - ოლიმპიური ჩემპიონი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად იმუშავებს.

ელნურ მამადლი კარიერის განმავლობაში სულ 6 ქართველ სპორტსმენს შეხვედრია: გრიგოლ შინჯიკაშვილს, ზაზა კედელაშვილს, ლევან ჯახველაძეს, დავით ბოდაველს, გიორგი ბაინდურაშვილს და გივი დემეტრაშვილს.

ამათ უმეტესობას ჭაბუკთა ასაკში დაეჭიდა, მაგრამ აბსოლუტური უპირატესობა მოუპოვებია - მისი დამარცხება მხოლოდ ბაინდურაშვილმა შეძლო - 2004 წელს, სოფიაში, ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, სადაც ჩვენებური მესამეზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული