20 წლამდე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა გუნდი შეივსო

AutoSharing Option
გორში შეკრებაზე მყოფმა ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა საკონტროლო შეხვედრები გამართა და საბოლოოდ გაირკვა ვაკანტურად დარჩენილი ბოლო ორი წონის საკითხიც - ლუბლიანაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის უფლება 55 კილოგრამში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლერი ჭელიძემ მოიპოვა, 66-ში - გელა კელიხაშვილმა.

ჭელიძეს კონკურენციას გიორგი საჩალელი უწევდა, 66-ში კი წინააღმდეგობა ბევრად მძაფრი იყო - ბოლო სანაკრებო ადგილზე პრეტენზიას, კელიხაშვილის გარდა, ანდრო ბერუაშვილი და ტრისტან ფეიქრიშვილიც აცხადებდნენ.

უფრო აღსანიშნავიც აქ განვითარებული მოვლენებია - ფეიქრიშვილი უფროსებში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თბილისის საერთაშორისო ტურნირის მესამე პრიზიორია, თუმცა აგერ,
ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვერ მოხვდა. ეს ფაქტი კელიხაშვილის წარმატებას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინათ, სარაევოში, ევროპის პირველობაზე სწორედ ამ ორ წონაში - 55-სა და 66-ში არ გვყავდა მონაწილე, სლოვენიაში კი ასეთი 60 კილოგრამი იქნება.

ლუბლიანაში სხვა წონებში საასპარეზოდ ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შემადგენლობა ადრევე შეარჩია: ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ბექა დონღვანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90), გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100).

ამდენად, გუგავამ კვოტა სრულად გამოიყენა და სლოვენიაში მაქსიმალური რაოდენობა - 10 კაცი მიჰყავს. ამათგან ევროპის პირველობაზე მხოლოდ გიგანსა და დონღვანს არ უჭიდავიათ.

ღვინიაშვილი და თუშიშვილი სარაევოში ჩემპიონები გახდნენ, მატიაშვილი მეორეზე გავიდა, გუგავა და ზაქარიაძე - მესამეზე.

გორში შეკრება ჯერაც გრძელდება, როგორც - საკონტროლო შეხვედრები. მსოფლიოს პირველობა ოთხ დღეს გრძელდება და გუგავამ საშეჯიბრო ატმოსფეროს შესაქმნელად საკონტროლოებიც ამდენივე დღეზე გადაანაწილა. ის 18 ოქტომბერს დამთავრდება, მეორე დღეს კი ნაკრები თბილისში დაბრუნდება. უკვე 20 ოქტომბერს სლოვენიაში გაემგზავრებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი იქ 23-27 ოქტომბერს ტარდება. აქედან პირველი ოთხი დღე პირად პირველობას დაეთმობა, 27-ში კი გუნდური პირველობა ტარდება, რაც პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობების ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატი შარშან ოლიმპიადის გამო არ გამართულა, 2011 წელს კი კეიპტაუნში გამართულ ანალოგიურ შეჯიბრებაზე გუგავას შეგირდებმა 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

ერთი მათგანი მომავალი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) იყო, ვისაც მომავალ მესამე პრიზიორთან, კორეელ დონგ კიო ლეესთან უფრო მათემატიკაში წააგებინეს, ვიდრე ძიუდოში - მსაჯმა ვითომ არასწორი ჩავლებები დაუთვალა და ისეთი საჭოჭმანო გადაწყვეტილებები მიიღო, დღემდე საკამათოა, რითაც ჩვენებურს სეზონში დუბლის გაკეთების საშუალება არ მისცა.

კეიპტაუნში დანარჩენ მედლებს გიორგი მესაბლიშვილი (55) და ბექა ღვინიაშვილი დაეუფლნენ, ოღონდ ეს მაშინ ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო და 81 კილოგრამში გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული