მუხლის ტრავმა მან სწორედ ოლიმპიადაზე მიიღო და რაკი მკურნალობა გაუგრძელდა, 28 წლის ასაკში კარიერის დასრულებასაც აპირებდა. ახლა აზრი შეიცვალა, თუმცა თავის წონით კატეგორიასაც ემშვიდობება და 66 კილოგრამში გადადის.
ჰიროაკა თბილისშიც რამდენჯერმეა ნამყოფი - ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭი, ახალგაზრდებში რომ ჭიდაობდა, პარალელურად კი ეროვნულ ნაკრებში დგამდა პირველ ნაბიჯებს.
2006 წელს ჩვენს ტურნირზე მეორეზეც გავიდა, როცა ფინალი ფრანგ დმიტრი დრაჟინთან წააგო, 2007-ში კი
უცხოეთის პირველხარისხოვან შეჯიბრებებში პირველ წარმატებას უკვე მომდევნო წელს მიაღწია, როცა აზიის ჩემპიონატი მოიგო.
იმავე სეზონში პეკინის ოლიმპიადაზეც იასპარეზა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, პირველივე ორთაბრძოლა წააგო ამერიკელ ტარაიე ვილიამს-მურაისთან.
სამაგიეროდ, 2009-ში როტერდამში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც უკრაინელთა ქართველ გიორგი ზანთარაიასთან წააგო და ვერცხლი ირგუნა.
მომდევნო წელს მსოფლიოზე ბრინჯაოს დასჯერდა, რაც ცოტა მოულოდნელია იმ ფონზე, რომ ის ტურნირი ტოკიოში ჩატარდა. 2011 წელს ისევ გავიდა მსოფლიოს ფინალში, მაგრამ კვლავ ხელი მოეცარა.
ამჯერად - უზბეკ რიშოდ სობიროვთან. 2012-ში, ლონდონში მესამედ იასპარეზა უპირველესი ტურნირის ფინალში, მაგრამ რუს არსენ გალსტიანთან წაგების გამო ვერ გაასამა და "მარად მეორედ" დარჩა.
ჰიროაკა კარიერის განმავლობაში სულ ოთხჯერ შეხვდა სამ ქართველს და დადებითი ბალანსიც აქვს. ჩვენებურთაგან მისი დამარცხება მხოლოდ ნესტორ ხერგიანმა შეძლო (მათ სულ ერთხელ იჭიდავეს); ვახტანგ ხოსიტაშვილმა ერთი, დავით ასუმბანმა კი ორივე პაექრობა წააგო იაპონელთან.
ახალ წონაში - 66-ში ჰიროაკას უძნელესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს თავად იაპონიის ნაკრებში, სადაც მას სამი ტიტულოვანი ფალავანი ხვდება - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი მასაში ებინუმა, მსოფლიოს ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა და მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი მასააკი ფუკუოკა.
საინტერესოა, რომ სამივე მათგანი ფუკუოკაზე ახალგაზრდაა, ხოლო ამათ ახალი თაობიდან კიდევ ვინ დაემატება უახლოეს წლებში, ეს ცალკე საუბრის თემაა.
ჰიროაკა არაა ერთადერთი გამონაკლისი, ვინც ოლიმპიადის შემდეგ 60 კილოგრამი წონითი კატეგორია დატოვა - 66-ში გადაინაცვლეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორმა სობიროვმა და მსოფლიოსა და ევროპის გამარჯვებულმა ზანთარაიამ.
თავის მხრივ, დანაკლისია 66-შიც, რადგან, როგორც ცნობილია, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი უახლოეს ტურნირებში უკვე 73-ში იჭიდავებს.
მეთევზე ხროლი
ჰიროაკასი არ იყოს, ჰოლანდიელი ხენკ ხროლიც (100) "მარად მეორეა", თუმცა ის იაპონელზე მეტად უიღბლოა - მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ფინალი წააგო!
საინტერესოა, რომ მას ევროპის პირველობაზეც ამდენივე დასკვნითი პაექრობა წაუგია! თუმცა ამ 6 ვერცხლის გარდა, მის აქტივში ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქრო და ორი ოლიმპიური ბრინჯაოა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ვერცხლი ხროლმა წლეულს, აგვისტოში მოიპოვა რიო დე ჟანეიროში, როცა აზერბაიჯანელ ელხან მამადოვთან ლამის მოგებული შეხვედრა წააგო.
იქვე მორიგი უსიამოვნებაც დაემართა - მაჯა იტკინა და დღემდე მკურნალობს. სწორედ ამ სარეაბილიტაციო პერიოდში გულის გადასაყოლებლად ესპანეთში გაემგზავრა, სადაც თავს თევზაობითაც ირთობდა.
აი, სწორედ იქ მოინადავლა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნადავლი - იმდენად ბარაქიანი ლოქო დაიჭირა, საინფორმაციო საშუალებებშიც მოხვდა - 226-სანტიმეტრიანი თევზი წონით 75 კილოგრამი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"