განსაკუთრებით, ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა გამოიჩინეს თავი, რომლებმაც აქედანვე სერიოზულად შეავიწროეს ეროვნულის ლიდერები.
შაბათის ვნებები
60 კგ
უმთავრესი მოულოდნელობა საწყის წონაშივე ვიხილეთ, სადაც ჭაბუკებში ევროპის მესამე პრიზიორმა ლუხუმ ჩხვიმიანმა გამოცდილი ფალავნები დასცა ძირს და ჩემპიონი გახდა.
მომავალმა გამარჯვებულმა თავიდან ბაქარ გულბიანს და ანზორ ნასარიძეს სძლია, ტიტულოვანთა მუსვრა კი მეოთხედფინალიდან დაიწყო - იქ 20 და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილს მოუგო, ნახევარფინალში ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი ბროლაშვილი
66 კგ
აქ ნაკრების ძველმა წევრმა - შალვა ქარდავამ გაიმარჯვა, თუმცა სიურპრიზების გარეშე არც ამ წონას ჩაუვლია; მისი ავტორი კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდის წევრი გიორგი ქალდანი გახდა, რომელმაც ფინალში იჭიდავა.
უტიტულოების გარდა, გზიდან მანაც ჩამოიცილა გვარიანად გამოცდილი ორი ფალავანი - ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი და უფროსებში საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი, თბილისის ევროპის ღია თასის მედალოსანი ტრისტან ფეიქრიშვილი.
მეოთხედფინალში ფეიქრიშვილმაც საინტერესო პაექრობა მოიგო გელა კელიხაშვილთან. ისინი ერთმანეთს ორიოდე კვირის წინაც შეხვდნენ, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე, საკონტროლო პაექრობაში, სადაც ამ ასაკში მსოფლიოზე წამსვლელის ვინაობა ირკვეოდა.
მაშინ კელიხაშვილმა იმარჯვა და მერე სლოვენიაში პირადში ვერა, მაგრამ გუნდურში მშვენივრად იასპარეზა, ფეიქრიშვილმა კი ახლა აუღო რევანში.
73 კგ
ლიდერების - ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილისა და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორ ზებედა რეხვიაშვილის არყოფნით ყველაზე უკეთ ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - ფრიდონ გიგანმა ისარგებლა, ვინც წინა კვირას დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდულ მსოფლიოზე, გუნდურის ფინალში ბერძნების დამარცხებაში.
მან ამჯერადაც კარგად იჭიდავა და ისე დამაჯერებლად გაიმარჯვა, აშკარაა - სულ მალე წონის ლიდერთა კონკურენციაშიც ჩაერევა. ფინალში მან ზურაბ ნოზაძეს სძლია, ვინც ორი წლის წინაც მეორეზე გავიდა.
აღსანიშნავია მესამეზე გასული თამაზ კირაკოზაშვილიც - ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა. მან ერთადერთი პაექრობა გიგანთან დათმო, წონაში მეორე ბრინჯაო კი გიორგი გასიტაშვილმა დაისაკუთრა.
არშემდგარი ინტრიგა და სიურპრიზების სიმრავლე
81 კგ
ამ წონაში ისევ მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი გაიმარჯვა, მაგრამ უდავოდ, ქების ღირსია უშანგი მარგიანი. გემახსოვრებათ - ერთი კვირის წინ მან რამდენად დამაჯერებლად იასპარეზა ახალგაზრდებში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, სადაც ოთხივე შეხვედრა მოიგო.
შეიძლება ითქვას, ტოლი არც ახლა დაუდო ვინმეს - ძირითადად, სულ წმინდა მოგებებით გავიდა ფინალში, იქ კი ჭრიკიშვილსაც გვარიანი ომი გაუმართა. თავიდან თითქოს შებოჭა და დათრგუნა მეტოქის ტიტულებმა და მხოლოდ ბოლოსკენ გაიხსნა, თუმცა დრო აღარ ეყო; ამ ცაიტნოტს კი ჭრიკიშვილმა ბოლო წამებზე იპონიც დაუმატა.
თუმცა შეხვედრაში იყო რამდენიმე საგულისხმო მომენტი - ვფიქრობთ, მსაჯმა იჩქარა მარგიანის მეორედ გაფრთხილება (როცა ახალგაზრდა ფალავანი ასეთ დროს ასე ჭიდაობს, აჯობებს, მეტი საშუალება მისცე); მარგიანმა ორჯერ სცადა ბრუნზე შეკვრა, მაგრამ ვერ შეძლო, ანუ ხარვეზი მასაც აღმოაჩნდა, თუმცა პირველ შემთხვევაში მსაჯმაც, ვგონებთ, "მატე" იჩქარა, თორემ გდება გააკეთა...
ბუნებრივია, სულაც არ ვართ ჭრიკიშვილის მოგების წინააღმდეგნი, მაგრამ მარგიანი ყველას შეეცოდებოდა, ვინც მისი ცრემლები დაინახა. ფაქტია, რომ ეს ჟინიანი, შემტევი და ტატამზე გაწონასწორებული ბიჭი უკვე გაუტოლდა წონის ლიდერებს.
90 კგ
დღის მთავარი ინტრიგა ამ წონას უკავშირდებოდა - ვალერი ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის ფინალი, მაგრამ ეს მოლოდინი ჩაშალა პაატა ღვინიაშვილმა, რომელმაც მოგვარეს ნახევარფინალში მოუგო.
ცოდვა გამხელილი სჯობს და ამას ბევრი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა, მაგრამ 3 ნოემბერს პაატა ღვინიაშვილიც კარგად გამოვიდა. მან ფინალშიც დიდი ბრძოლა გაუმართა ლიპარტელიანს, რომელიც ვერ იყო ფორმაში და ძირითადად, გაფრთხილებებით გავიდა ფონს, მაგრამ კლასი მაინც კლასია და წარმატებაც ამან მოუტანა - ჯერ იყო და გდებისას სასწაულებრივად შემოუტრიალდა ჰაერში, რითაც თავი აშკარა იპონისგან იხსნა, მერე კიდევ ერთხელ დაეცა მუცელზე, მაგრამ ბოლოს წონის ლიდერმა მაინც ყველაფერი თავის ადგილას დაააყენა - ვარდნაში ვაზარზე გადააგორა და იქვე შებოჭა.
100 კგ
3 ნოემბრის ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა ამ წონის ფინალი გამოდგა - იოსებ მსხალაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ვაზარზე წამოიღო, მაგრამ ამ ჭკვიანმა მოჭიდავემ ვარდნისას ფეხი ჩაუხვია, რითაც კონტრშეტევისთვის ნოყიერი პლაცდარმი მოამზადა და ვარდნისთანავე შებოჭვა დაიწყო.
ამ დროს მსაჯს მატე ნათქვამი ჰქონდა, მაგრამ ტურნირის მთავარ მსაჯებად საგანგებოდ მოწვეულმა საერთაშორისო ფედერაციის კომისრებმა, ჩეხმა მარიან ჰეპკამ და იტალიელმა ტონინო პასკუალემ გაგრძელება ბრძანეს.
თუშიშვილმაც შებოჭა და ხმაურიც ატყდა. მსხალაძე და გორელები მსაჯის მატეთი აპელირებდნენ, თან აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ ვარდნისას მოჭიდავეები ზონის გარეთ აღმოჩნდნენ, ანუ შეხვედრა უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ კომისრებმა ცხადად განმარტეს, რომ რაკი თუშიშვილმა კომბინაციაში გააგრძელა ბოჭვა, შეხვედრა არ უნდა გაჩერებულიყო.
ეგ კი არა, ჰეპკამ ისიც თქვა, მსაჯს რომც გაეჩერებინა ორთაბრძოლა, შებოჭვიდან მაინც გავაგრძელებინებდიო.
მარგიანისა არ იყოს, თუშიშვილმაც დაამტკიცა, რაოდენ მაღალი დონის მოჭიდავეა - მეოთხედფინალში რევაზ ჩიკოიძეს ბრწყინვალე ვაზარ-იპონი ჩაუტარა, ნახევარფინალში კი ფიზიკურად მასზე ბევრად მძიმე და ჯანიანი დავით ლორიაშვილი შებოჭა.
+100 კგ
ადამ ოქრუაშვილი ერთ-ერთი ბოლო დანაკლისია, ვინც ამ ტურნირს გამოაკლდა, მის არყოფნაში კი ტიტული იოლად დაიცვა ახალგაზრდებში ევროპის ოქრო-ვერცხლის მფლობელმა ლევან მატიაშვილმა - ფინალში როსტომ ხახალეიშვილი ამოსმულით დააიპონა. დასამახსოვრებელი იყო მესამე ადგილისთვის პაექრობაც, სადაც გიგა გელაშვილმა ზედ ბოლო წამზე წამოიწყო საიპონე ილეთი სლავა რეზესიძესთან და ვაზარი ამოუქაჩა.
გუნდურ ჩათვლაში ქვემო ქართლის გუნდმა გაიმარჯვა 3 ოქროთი. მეორეზე თბილისი გავიდა - 2 ოქროთი, მესამეზე - აჭარა 1 ოქროთი.
კვარცხლბეკი
60 კგ. 1. ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი); 2. ამირან პაპინაშვილი (აჭარა); 3. პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი), გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
66 კგ. 1. შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი); 2. გიორგი ქალდანი (სამეგრელო-ზემო სვანეთი); 3. ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა), გელა კელიხაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
73 კგ. 1. ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი); 2. ზურაბ ნოზაძე (შიდა ქართლი); 3. თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი), გიორგი გასიტაშვილი (აჭარა).
81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი); 2. უშანგი მარგიანი (იმერეთი); 3. გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი), ლაშა ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი).
90 კგ. 1. ვალერი ლიპარტელიანი (აჭარა); 2. პაატა ღვინიაშვილი; 3. ბექა ღვინიაშვილი (ორივე - შიდა ქართლი), ზვიად გოგოჭური (კახეთი).
100 კგ. 1. გურამ თუშიშვილი (თბილისი); 2. იოსებ მსხალაძე (შიდა ქართლი); 3. დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი), რევაზ ჩიკოიძე (აჭარა).
+100 კგ. 1. ლევან მატიაშვილი (თბილისი); 2. როსტომ ხახალეიშვილი; 3. ონისე ბუღაძე (ორივე - იმერეთი), გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"