ვიზერის დიდი პროექტები - "დიდი პრიზი" უკვე საქართველოშია

AutoSharing Option
15 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საბოლოოდ გაფორმდა ორი ხელშეკრულება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერთან, რომელიც ჩვენი ტურნირისთვის სტატუსის "დიდ პრიზამდე" ამაღლებას და რეგიონებში ძიუდოს განვითარებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულება სამმხრივია, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელწერა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა დაურთეს.

ვიზერმა ვრცლად ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის "დიდი პრიზის" ტურნირის ჩატარება. მისი თქმით, ეს უკვე ელიტურ დონეზე გასვლას ნიშნავს, ხოლო საქართველო იმსახურებდა ასეთ შეჯიბრებას, სადაც მსოფლიოს წამყვანი ძიუდოისტები ჩამოვლენ.

"მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით, შევხვდით
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს და ვხედავთ, თქვენს ქვეყანაში თუ როგორი დიდი ინტერესია ძიუდოს მიმართ. საქართველოში ძიუდოს მართლაც განსაკუთრებული მიღწევები აქვს და, ვფიქრობ, ამ წარმატებების გათვალისწინებით ნამდვილად იმსახურებთ უმაღლესი დონის ტურნირის, "დიდი პრიზის" მასპინძლობას" - განაცხადა ვიზერმა.

სამწუხაროდ, ამჯერად მან ვერ დაასახელა ამ შეჯიბრების გამართვის ზუსტი რიცხვები. გადაჭრით მხოლოდ ის თქვა, რომ მარტში გაიმართება, სავარაუდო თარიღად კი პირველი ან მესამე შაბათ-კვირა დაასახელა.

ჩვენს კითხვაზე გვიპასუხა, რომ ეს საკითხი 5 დღეში გაირკვევა. ამ თემაზე საუბრისას მანაც გაუსვა ხაზი, რომ მარტის შუაში (რაც მესამე უქმეებსაც მოიცავს) სამხრეთ ამერიკაში ზედიზედ ორი "ღია თასი" იმართება - 17-18-ში მონტევიდეოში (არადა, ეს ორშაბათი-სამშაბათია), 22-23-ში კი - ბუენოს-აირესში.

მომავალი წლის მარტის საერთაშორისო კალენდარს თუ გადავხედავთ, ორ საინტერესო დეტალს ვნახავთ - ვიზერის მიერვე ნახსენებ პირველივე შაბათ-კვირას ანუ 1-2 მარტს პრაღაშია "ევროპის ღია თასი", ზედ შუა უქმეები კი - 15-16 მარტი უფროსთა შეჯიბრებებისთვის თავისუფალია (ამ რიცხვებში მხოლოდ ანთალიაშია დაგეგმილი შეჯიბრება და ისიც ჭაბუკთა ევროპის თასია). თუმცა ვიზერი შუა უქმეებს საერთოდ არ ახსენებს.

არადა, ხუთ დღეში თუ საკითხი უნდა გაირკვეს, წესით, ახლა ლამის მთლიანად უნდა იყვნენ ჩამოყალიბებულნი ვადებზე ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 15-16-ში ნამდვილად არ იგეგმება, თორემ იტყოდა.

რაც შეეხება ჩეხეთის ტურნირთან თანხვედრას, წესით, ერთ კონტინენტზე ორი ამ რანგის ტურნირის ჩატარება არ შეიძლება (ორივე სარეიტინგო ქულებს იძლევა, რაც საბოლოოდ ოლიმპიურ ლიცენზიებსაც განსაზღვრავს). ამიტომ ეს თარიღი, შეიძლება, გამოვრიცხოთ, ან ჩეხეთის თასი უნდა გადაიტანონ სხვა დროს.

თუმცა ამ ვარიანტის საწინააღმდეგოდ ერთი გარემოება მიუთითებს - კულუარული ხმებით, საერთაშორისო ფედერაციის სურვილია, ჩვენი და 28-30 მარტს გასამართი სამსუნის "დიდი პრიზები" ერთმანეთის მიყოლებით ჩაატაროს. ეს მათთვისაც მისაღებია და გუნდებისთვისაც - ჯერ აქ იჭიდავებენ, მერე სავალდებულო ერთობლივი შეკრება ჩატარდება, კვირის ბოლოს კი სამსუნში გადაინაცვლებენ.

სტუმრებისთვის ეს ვარიანტი იმდენადაა მისაღები, რომ ერთ კომპლექტში გამოვლენ.- აბა, სად ასე მიყოლებით ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა და სად ჯერ ჩამოფრინდნენ, იჭიდაო-ივარჯიშონ, მერე სახლებში გაფრინდნენ და ისევ უკან დაბრუნდნენ სამსუნში - სად ეს გადაფრენ-გადმოფრენა და სად თბილისიდან იქ გადასვლა! ამიტომ ვფიქრობთ, კულუარული ხმები მართალიცაა და ვიზერიც ამ თარიღისკენ იხრება - სხვანაირად ტყუილად არ ახსენებდა სამხრეთ ამერიკაში გასამართ თასებს. თან მათი წეს-კანონი სხვადასხვა კონტინენტზე ტურნირების დამთხვევას არ გამორიცხავს - სავარაუდოდ, უფრო მყარი ვარიანტი 22-23 ანუ მესამე შაბათ-კვირა ჩანს. კაცმა რომ თქვას, სამხრეთ ამერიკაში და ზოგადად, იქით ნახევარსფეროში ძლიერი მოჭიდავეები ძალზე იშვიათად ჩადიან და ის შეჯიბრებები უფრო ადგილობრივ ფალავანთა გამოსაცდელად ტარდება.

ჩვენთვის 22-23 მარტი მართლაც უფრო მისაღები თარიღია. საქმე ისაა, რომ 24-27 აპრილს ფრანგულ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი ტარდება (მაშინვე იმართება პანამერიკისა და ოკეანიისაც), ზემოაღნიშნული ვადაც მისი გათვალისწინებითაა ხელსაყრელი - კონტინენტის პირველობისთვის მზადების პიკში უწევს.

სამსუნის ტურნირის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატამდე სამი კვირით ადრე შეჯიბრებაში ჭკუათმყოფელი არავინ გამოვა - ამ დროს სპორტსმენები ასვენებენ თუ ამზადებენ ორგანიზმს პიკისთვის და დიდ დატვირთვას ყველა ერიდება, ჩვენი და თურქული "პრიზები" კი იმ დროსაა, როცა ნაკრებები საბოლოოდ აჯამებენ თეთრსა და შავს - ძირითადად ამ ბოლო ტურნირებში გაირკვევა, თუ სადმე კონკურენციაა დარჩენილი, მწვრთნელებს თუ ვინმეს გამოცდა-დაკვირვება სურთ; მაშინ უნდა გამოიცადოს საბოლოოდ ტაქტიკურ-ტექნიკური სიახლეები, ახალი ილეთები. თუ სადმე კვლავაც დარჩება კითხვები ამ თემებზე - ვთქვათ, ვერ გადაიჭრა კონკურენცია; ახალ ილეთს ისევ სჭირდება დამუშავება (სწორედ ამას ამოწმებს მწვრთნელი სასტარტო ტურნირზე), ამაზე უკვე აპრილში ანუ ზედ ტურნირის წინ, შიდა სამზარეულოში უნდა იმუშაონ. ასეთი პრობლემების გადასაჭრელად მარტის დასაწყისი არც ისე ხელსაყრელი ვადაა, რადგან ევროპამდე ჯერ კიდევ მთელი თვეა და სპორტსმენი ვერ იქნება ფორმაში (პიკზე უშუალოდ შეჯიბრების წინ უნდა გავიდეს) და ასე ნაადრევად ეგებ ვერ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, მარტის ბოლო კი ფინიშის ხაზია - მეტი მოცდის დრო აღარაა.

თუმცა მარტში რომელ უქმეებზეც უნდა დაინიშნოს, ახლანდელ "ევროპის ღია თასის" ვადებზე ბევრად მისაღები მაინც იქნება - ის იანვარში ტარდება, თან სეზონის პირველი შეჯიბრებაა, როცა სპორტსმენებს ჯერ ხეირიანად არც აქვთ დაწყებული მზადება.

ამას ისიც ემატება, რომ ამ სიშორეზე გადმოფრენა ბევრს ეზარება კიდეც - ევროპელი რატომ ჩამოვიდეს აქ, ასეთ განსხვავებულ კლიმატურსა თუ სასაათო სარტყელში, როცა ერთ ან ორ კვირაში იქვე, ზღაპრულ პარიზში ბევრად პრესტიჟული "დიდი მუზარადი" აქვს! თან იმ დროს - ზამთარსა და სიცივეში სპორტის სასახლის გათბობა ჩვენც დამატებით და არცთუ მცირე თანხად გვაწვება კისერზე, მარტში კი ამ მხრივ შეღავათი გვექნება.

რეგიონული დახმარება
გუშინდელი ხელმოწერის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი რეგიონებში ძიუდოს განვითარება, ზოგადი ცოდნის ამაღლებაა.

საერთაშორისო ფედერაცია დაგვეხმარება ტატამებით, კიმონოებით, მწვრთნელთა ხელფასებითა და მათი უცხოეთში გადამზადებით. საამისოდ შეირჩა 11 რეგიონი: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, გურია, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი. ამავე რეგიონებში თითო მწვრთნელს დაენიშნება ხელფასი, თუმცა, შესაძლოა, ჩვენმა ფედერაციამ რეგიონებისთვის გამოყოფილი კვოტა რამდენიმეზე გადაანაწილოს, რათა რაც შეიძლება მეტს წაეშველოს ფინანსურად. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია ქართველი მწვრთნელების საზღვარგარეთ გაშვებაც.

პრესკონფერენციაზე ვიზერს ასეთი გრანდიოზული დახმარებისთვის მადლობა ყიფიანმა და ქევხიშვილმაც გადაუხადეს.

სტუმარს იმაზეც დავეკითხეთ, რამდენად იმედიანად უყურებს მომდევნო ოლიმპიადებში გუნდური ტურნირის დაშვებას, რაზეც სოკმა ამჯერად, ანუ 2016-სთვის უარი თქვა. ვიზერმა პირდაპირ პასუხს ოპტიმიზმთან დაკავშირებით დიპლომატიურად ააარიდა თავი, თუმცა სოკის მესვეურთა ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება არ დაუმალავს და მას სპორტის საზიანოც კი უწოდა.

შეხვედრის დასასრულს ვიზერმა ყიფიანი დააჯილდოვა ძიუდოს დიდი ქომაგობისა და დახმარებისთვის, რასაც, მისივე სიტყვებით, მინისტრი არცთუ ხანგრძლივად მუშაობის მიუხედავად იჩენს. თან გაიხსენა ყიფიანის სტუმრობა აგვისტოში ბრაზილიაში, მსოფლიოს პირველობაზე და დასძინა, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, იქ ტურისტად არ იყო ჩასულიო.

საინტერესოა, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებზე შეთანხმებასაც ვიზერთან მაშინ მიაღწიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული