საქართველოს ძიუდოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი "შევარდენმა" მოიგო

AutoSharing Option
14 დეკემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა ქვეყნის პირველი საკლუბო ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

ესაა ეგრეთ წოდებული საფესტივალო ასაკი, ანუ იმ ბავშვებისთვის განკუთვნილი შეჯიბრება, რომლებმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზონ.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ეს ტურნირიც მათზე ზრუნვით შემოიღო, რათა კიდევ ერთი დამატებითი სტარტი მიეცა ამ ასაკის მოზარდებისთვის. შეჯიბრებაშიც თითქმის ყველა ის ჭაბუკი გამოვიდა, რომლებიც ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან, ბევრმა კი კარგი ჭიდაობითაც გამოიჩინა თავი.

ტურნირში 11 გუნდი ჩაება, რომელთა უმეტესობაც თბილისისა იყო. დედაქალაქს ექვსი გუნდი
წარმოადგენდა: "შევარდენი-2005", "ლიდერი", "ოლიმპი", "ჯორჯია" და "მოჭიდავე". ორი გუნდი გამოიყვანა ქარელის რაიონმა, რომელთაც რაიონის სახელოვან ძიუდოისტთა სახელები - "ხაბარელი" და "დურმიშხანი" ჰქვია.

აღმოსავლეთ საქართველოდან თითო გუნდით წარსდგნენ გორი - "ვიპ ძიუდო" და მარნეული, სადაც ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი პოპულარიზატორის, ნაადრევად გარდაცვლილ თენგიზ ნავერიანის ხსოვნას მიაგეს პატივი მისივე სახელობის კლუბის შექმნით. დასავლეთ საქართველოს ზესტაფონური კლუბი "ფალავანი" წარმოადგენდა.

ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, ანუ წაგებულები ეთიშებოდნენ შეჯიბრებას. არ მოქმედებდა რეპეშაჟის სისტემა, გაიცემოდა ერთი ბრინჯაო. ნახევარფინალში გამარჯვებულები ოქროს მედლისთვის იბრძოდნენ, ხოლო წაგებულები - ბრინჯაოსთვის. უფროსთა ანალოგიური ტურნირების მსგავსად, აქაც გუნდში 5 ძირითადი მონაწილე და 2 სათადარიგო შედიოდა.

ტურნირი გურამ მოდებაძის მიერ გაწვრთნილმა "შევარდენმა" კი მოიგო - ფინალში "ლიდერი" დაამარცხა და ქებასაც სავსებით იმსახურებს. თუმცა, რაც "ლიდერმა" გააკეთა, სპორტული გმირობაა. კლუბი ძიუდოს აკადემიაში ვარჯიშობს ალექსანდრე მამუკიშვილის ხელმძღვანელობით და, ფაქტობრივად, შინაურ კედლებში ჭიდაობდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მხოლოდ ოთხი მოჭიდავე ჰყავდათ - აკლდათ მძიმეწონოსანი ფალავანი, რადგან ამ წონაში მათთან არავინ ჭიდაობს, სხვა გუნდებიდან დასესხება და მსგავსი მაქინაციები კი ორგანიზატორებმაც და თავად მწვრთნელებმაც მკაცრად აკრძალეს.

იმის მიუხედავად, რომ "ლიდერი" ყველა შეხვედრას ერთქულიანი დეფიციტით იწყებდა, სამი შეხვედრა მაინც მოიგო და ფინალში გავიდა - დაამარცხა "ვიპ ძიუდო", "ხაბარელი" და "დურმიშხანი".

ამ დროს "შევარდენმა" "ავიატორი", "ფალავანი" და "ნავერიანი" დაჯაბნა. ფინალიც "ლიდერის" უპირატესობით დაიწყო და 2:0 დაწინაურდა კიდეც, მაგრამ "შევარდენმა" მდგომარეობა გამოასწორა და არათუ გათანაბრება შეძლო, 3:2 გაიმარჯვა კიდეც.

ბრინჯაოს მედლისთვის ნახევარფინალში დამარცხებულებმა - "ნავერიანმა" და "დურმიშხანმა" იჭიდავეს. აქ უფრო მობილიზებულები ქვემოქართლელები აღმოჩნდნენ და მესამე საპრიზო ადგილიც მათ მოიპოვეს.

ტურნირის სპონსორი ძიუდოს განვითარების ფონდი იყო, რომელმაც სოლიდური საპრიზო თანხა დააწესა - ჩემპიონს 3 000, მეორეზე გასულს - 2 000, ბრინჯაოს პრიზიორს კი 1 000 ლარი გადაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული