ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში ქართული კლუბები დააკლდებიან

AutoSharing Option
21 დეკემბერს პარიზი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც ქართული კლუბი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კლუბი საერთოდ არ გვყავს, მაგრამ ქართველები კი ბლომად იქნებიან წარმოდგენილნი.

განსაკუთრებით - თურქული "გალათასარაის" დამსახურებით, რომელსაც შემადგენლობაში ბევრი ჩვენებური ჰყავს: ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათგან ლიპარტელიანი, წიკლაური და ოქრუაშვილი ტრავმების გამო ვერ მიდიან პარიზში.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორს ფეხი სტკივა, ოქრუაშვილმა კი ხელი დაიზიანა, თუმცა იაპონიაში
ერთობლივ ვარჯიშებზე მაინც წაიყვანეს, მაგრამ ლეიბზე ვერ დადგა; სამაგიეროდ, წონა გვარიანად დაიკლო.

ამ სამეულის გარდა, თურქულ კლუბს პარიზში ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილიც დააკლდება, რომელიც უცხოელებზე დაწესებული ლიმიტის გამო არ მიუწვევიათ, თუმცა ერთიცაა - თურქებმა მას კონტრაქტი გაუფორმეს, როგორც 66 კილოგრამის მოჭიდავეს, თუმცა ჩვენი ლიდერი უკვე გადავიდა 73-ში და საკითხავია - ისურვებდა კი წონის დაკლებას ამ ერთ ტურნირზე?

ევროპირველობის მონაწილეთაგან ქართველთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ლისაბონის "სპორტინგი", რომელმაც აქცენტი უფრო ახალგაზრდებზე აიღო. მის შემადგენლობაში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ლიდერების - ბექა ღვინიაშვილისა (90) და ლევან მატიაშვილის (+100) გარდა, ქუთაისელი ანრი ეგუტიძეც (73) შედის, მაგრამ ის უკვე პორტუგალიის სახელით ჭიდაობს - წლების განმავლობაში პორტუში ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიიღო იქაური მოქალაქეობა.

ევროპული საკლუბო ძიუდოს უდავო ლიდერი, გერმანული "აბენსბერგი" ამჯერადაც სოლიდურად იქნება წარმოდგენილი - ყველაზე დიდი განაცხადით, მაგრამ მათ შორის ქართველები უკვე მეჩხერად არიან - მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილია (73).

შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველია, მაგრამ სხვა ქვეყნების სახელით - გიორგი ზანთარაია (66) უკრაინიდან და ილიას ილიადისი (90) საბერძნეთიდან.

ტურნირი ერთდღიანია. ვაჟთა შორის 20 კლუბი გამოვა, ქალთაგან - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული