ზებედა რეხვიაშვილის "აბენსბერგმა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
21 დეკემბერს პარიზში დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც ქართული გუნდი არა, მაგრამ ქართველებით დაკომპლექტებული სამი უცხოური კლუბი კი გამოდიოდა.

ერთი მათგანი - გერმანული "აბენსბერგი" ჩემპიონიც გახდა, პორტუგალიური "სპორტინგი" და თურქული "გალათასარაი" კი პირველივე წრიდან გამოვარდნენ.

"აბენსბერგი" ტურნირის ფავორიტი იყო და, საერთოდაც, ის ამ შეჯიბრების რეკორდსმენია. პირველ წრეში მან რომის "კარაბინერები" დაამარცხა - 5:0, მეორეში ასეთივე ანგარიშით რუსულ მაიკოპის "ადიღეს" მოუგო, ნახევარფინალში კიდევ ერთი რუსული კლუბი, ოღონდ ვლადიკავკაზის "დინამო რნო-ალანია" დაჯაბნა, თუმცა მშრალი ანგარიშით ვეღარ იმარჯვა - 4:1 მოიგო, ფინალში
კი ამავე ანგარიშით ფრანგულ "ლევალოისს" სძლია.

ადრე აბენსბერგელთა შემადგენლობაში ჩვენებურები ყოველთვის ბლომად გამოდიოდნენ, წლეულს კი აქაური ქართველებიდან მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (73) შემორჩა.

კლუბმა ის პარიზში კი წაიყვანა, თუმცა მწვრთნელმა მხოლოდ ერთხელ დაიხმარა - ნახევარფინალში, სადაც ოსთა დაღესტნელი ფალავანი, ეროვნებით ტაბასარანელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი კამალ ხან-მაგომედოვი დააიპონა.

დანარჩენ შეხვედრებში გერმანელები ადგილობრივ ფალავანს - კრისტოფ ვიოლეკს ენდნენ და იმანაც გაამართლა იმედები, სამივე პაექრობა მოიგო. თუმცა ფინალში ძალიან გაუჭირდა ფრანგ ევროპის ბრინჯაოსმედალოსან პიერ დუპრატთან - მხოლოდ იუკოთი იმარჯვა.

სამაგიეროდ, გერმანელთა წარმატებაში ლომის წილი დაიდო სხვათა ქართველმა, ბერძენთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ილიას ილიადისმა (90), ოღონდ მწვრთნელმა მას მაქსიმალური შანსი არ მისცა - მხოლოდ სამ შეხვედრაში დააყენა.

სამაგიეროდ, ილიადისმა სამივე პაექრობა იპონით მოიგო - იტალიელი კარაბინერი ჯოვანი კაროლო, ადიღეელი ნიკიტა შირობოკოვი და ფინალში ფრანგი ალექსანდრ იდირი ვადამდე დაამარცხა.

მას მხოლოდ ნახევარფინალში არ უჭიდავია და გერმანელებმა სწორედ იქ დათმეს პირველი პაექრობა - ფრანგი კრისტოფ ლამბერტი მურატ გასიევთან დამარცხდა.

გერმანელთა რიგებში კიდევ ერთი სხვათა ქართველი გამოდიოდა - უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია.

მწვრთნელებმა ის მხოლოდ ბოლოს დაიხმარეს - ფინალსა და ნახევარფინალში, გამოსვლა კი თითო მოგება-წაგებით დაასრულა - ჯერ ოსთა დაღესტნელი აბდულა აბდულხალილოვი დააიპონა, ფინალში კი ფრანგ დმიტრი დრაჟინთან ვაზარით წააგო.

ჩვენებურები ყველაზე ბლომად "გალათასარაის" რიგებში ირიცხებიან, თუმცა მათი უმეტესობა ტრავმების გამო არ ჭიდაობდა. თურქებს წილისყრამ არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ მომავალი ფინალისტი "ლევალოისი" ერგოთ.

ამ შეხვედრაში ორმა ჩვენებურმა იჭიდავა - ნუგზარ ტატალაშვილმა (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელიც ჩვეული 81-ის ნაცვლად, 90-ში დააყენეს და გასაკვირი არცაა, რომ წააგო.

ტატალაშვილისთვის ეს პირველი ტურნირი იყო აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ და სასიხარულოა, რომ პაექრობა აღმავლობით ჩაატარა. თან, მეტოქეც არ ჰყავდა ხელწამოსაკრავი - ზემოხსენებული ფრანგი ევროპის მედალოსანი დუპრატი, რომელსაც ჩვენებურმა ვაზარით სძლია.

ამით ტატალაშვილმა საერთო ანგარიშიც გაათანაბრა, რადგან მანამდე თურქები 0:1-ს აგებდნენ, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა შანსი ვერ გამოიყენეს - ყველამ წააგო.

მათ შორის - ჭრიკიშვილმაც, ვინც ზემოხსენებულ იდირთან იპონით დამარცხდა. რომ არა ვალერი ლიპარტელიანის ტრავმა, სავარაუდოდ, თურქები 90-ში მას დააყენებდნენ, ახლა კი, ეტყობა, საკადრო პრობლემები შეექმნათ - ჭრიკიშვილის ზევით აწევის შემდეგ 81-ში სეზერ ჰიუზუსი აჭიდავეს, ვინც 73-ის ფალავანია.

როგორც გითხარით, პირველივე წრეში დამარცხდა კიდევ ერთი "ქართული" კლუბი - "სპორტინგი". პორტუგალიელთა რიგებში ბექა ღვინიაშვილი (90) და ლევან მატიაშვილი (+90) გამოვიდნენ.

იჭიდავა ქუთაისელმა ანრი ეგუტიძემაც (73), ოღონდ ის უკვე პორტუგალიის მოქალაქეა.
"სპორტინგმა" მოსკოველებთან დასაწყისშივე წააგო სამი შეხვედრა (მათ შორის, ეგუტიძემაც - სერგეი ნიკოლაევთან), რითაც ორთაბრძოლის ბედიც გადაწყდა.

ამდენად, იქაურები ჩვენებს ვერ დაემდურებიან. მით უფრო, მხოლოდ ამათ იმარჯვეს; მართალია, არაფრისმომცემ შეხვედრებში, მაგრამ მოგება მოგებაა. თანაც, მატიაშვილმა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ალექსანდრ მიხაილინი დააიპონა.

რაც შეეხება ღვინიაშვილს, მან ალექსანდრ როსლიაკოვს მოუგო ასევე სუფთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი კლუბი რა გახდა აქაც ხელი შეუწყოს ფედერაციამ ხო შეიზლება,დააყენონ ეგრევე მსოფლიო ჩემპიონის გუნდი და მერე ნახონ რომელი ლევალოისი მოიგებს ან აბენსბერგი,რათ გვინდა ლეგიონერები საერთოდ
vaskulat
22:35 24-12-2013
0
„ლევალოისი“ რა კლუბია, ნეტავ? „ლევალუა“ ხომ არ არის?
თემო
14:32 23-12-2013
0

სიახლეები პოპულარული