მოჭიდავეთა დარად, ესეც საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი ეტაპია, სადაც აქცენტი ძირითადად რბენებზე, ტრენაჟორებზე, გამძლეობაზე, შტანგებსა და სიმძიმეების აწევაზე იქნება გადატანილი, ლეიბს კი თითქმის არც გაეკარებიან.
გუნდის თავკაცმა, შარშანდელი წლის საუკეთესო მწვრთნელად სრულიად სამართლიანად დასახელებულმა ირაკლი უზნაძემ შეკრებაზე ყველა ლიდერი წაიყვანა, თუმცა რამდენიმე ისეთიც დაამატა, ვინც მიზეზთა გამო საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა. მათ შორის ისინიც არიან, ვისაც ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა.
ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ზებედა რეხვიაშვილი (სამივე - 73), კონტინენტის მესამეპრიზიორი ლევან წიკლაური (81), მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90), კონტინენტის ვერცხლისმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100) - ეს ტრავმირებულთა არასრული სიაა.
ბევრ ქვეყანას ამდენი მონაწილე მთლიანად გუნდში არ გაჰყავს პირველხარისხოვან ტურნირებზე, ჩვენთვის კი ეს ნამდვილი ლაზარეთია. თან - ყველა თავის წონაში ლიდერია არათუ ჩვენთან, არამედ - მსოფლიოს მასშტაბით.
საბედნიეროდ, ეს ტრავმები ნელ-ნელა შუშდება და წარსულში რჩება. შავდათუაშვილი, ტატალაშვილი და რეხვიაშვილი თითქმის გამოჯანმრთელდნენ, ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი კი ყველაზე ბოლოს დაშავდნენ და, შესაბამისად, ყველაზე სანერვიულოც მათი მდგომარეობაა. თუმცა სამკურნალო პროცესი გეგმაზომიერად მიდის და ხუთივე სპორტსმენი შეკრებაზეა ბაკურიანში.
უზნაძის თქმით, რაკი იქ ლეიბზე არ ვარჯიშობენ, ტრავმები ფიზიკურად მომზადებაში ხელს არ შეუშლით...
დასახელებულთაგან ერთადერთი, ვინც ბაკურიანში ვერ წავიდა, წიკლაურია. მოგეხსენებათ, მას დეკემბერში ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს და ჯერ ისევ არტახებშია.
სავარაუდოდ, ის ვარჯიშს გაზაფხულზე გააგრძელებს და უფრო მსოფლიოს პირველობისთვის მოემზადება, რადგან საეჭვოა, აპრილში გასამართ ევროპირველობამდე სრულად გამოჯანმრთელება და მით უფრო - ფორმის აღდგენა მოასწროს.
ვინაიდან წლეულს ჩვენი ტურნირი იანვრიდან მარტში გადავიდა, ამან ჩვენი ნაკრების კალენდარზეც იქონია გავლენა - მათ ისე ფორსირებულად აღარ მოუწევთ შეკრებიდან შეჯიბრებაზე გადართვა.
ნაკრები ბაკურიანში 22 იანვრამდე დარჩება, 27-ში კი ახალ შეკრებას დაიწყებს თბილისში, რომელსაც 4 თებერვალს დაამთავრებს.
ეს უკვე უშუალოდ სატურნიროდ განკუთვნილი ეტაპია, ანუ ფალავნები მთლიანად ლეიბზე ივარჯიშებენ.
ჯერ არაა გარკვეული, სად ჩატარდება ეს შეკრება. თუ მანამდე მშობლიურ ძიუდოს აკადემიაში რემონტი არ დაიწყეს, მაშინ შინაურ კედლებში გაივლიან შეკრებას, თუ არადა, ალტერნატიული ვარიანტის ძებნა მოუწევთ.
6 თებერვალს გუნდი უკვე პარიზში გაფრინდება, სადაც 8-9 თებერვალს იქაური "დიდი მუზარადის" მოგება-მორგებას ეცდება.
მართალია, მანამდე - 1-2 თებერვალს სოფიაში ევროპის ღია თასი ტარდება, მაგრამ იქ ჩვენები არ გამოვლენ, თუმცა პარიზული შეჯიბრება მათთვის მაინც არ იქნება პირველი. საქმე ისაა, რომ 25 იანვარს რამდენიმე მათგანი ტიუმენში იასპარეზებს, სადაც პირველად ჩატარდება ერთგვარი საჩვენებელი შეხვედრა - ევროპა აზიის წინააღმდეგ. ევროპის შვიდკაციან ნაკრებში სამი ქართველია მიწვეული - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი.
ჭრიკიშვილი რომ ნამდვილად წავა იქ, ამას წყალი არ გაუვა; აი, დანარჩენთა მონაწილეობა კი ტრავმებზეა დამოკიდებული. თუმცა უზნაძე სადღეისო მდგომარეობით იმედოვნებს, რომ ლიპარტელიანიც შეძლებს წასვლას და ოქრუაშვილიც.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ სამეულის გარდა, ევროპის ნაკრებში მიწვეულნი არიან რუსთა სომეხი ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი (60), უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66), ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი დექს ელმონტი (73) და ასევე ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი ხენკ ხროლი (100).
ამასობაში აზიელთა შემადგენლობაც გაირკვა: იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო (60), ყაზახი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი აზამატ მუკანოვი (66), მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი (73), კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი კიუ-ვონ ლეე (90), უზბეკი სოხიბ კურბანოვი (100) და კორეელი სუნგ-მინ კიმი (+100).
არ გეგონოთ, რომ 81-ში ჭრიკიშვილის მეტოქე გამოგვრჩა - აზიელებს ჯერაც არ დაუსახელებიათ იქაური მონაწილე. ჩვენებურთა სხვა მოწინააღმდეგეებს კი რაც შეეხებათ, ლიპარტელიანი კიუ-ვონ ლეეს შორეულ 2008 წელს შეხვდა მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე და მოუგო. მაშინ კორეელი ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, მერე კი ერთმანეთში არ უჭიდავიათ.
ოქრუაშვილს მსოფლიოს 2011 წლის მესამე პრიზიორ კიმთან სამიდან ბოლო ორი პაექრობა მოუგია და ვინძლო, ახლაც იმარჯვოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"