თანამედროვე ლეკიანობა - ბეთქილ შუკვანი აზერბაიჯანის ნაკრებში წავიდა

AutoSharing Option
საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანაა და არაფერი უნდა გვიკვირდეს, თითქოს მივეჩვიეთ ამას, მაგრამ ხშირად ისეთი ალიყური მოგხვდება, გინდა-არ გინდა, ოხროხინესავით მაინც გამოგაფხიზლებს.

დაახლოებით ამგვარი შემოლაწუნება იყო, როცა აზერბაიჯანულ azerisport.com-ზე იაპონიაში შეკრებაზე წასულ იქაურ გუნდში ბეთქილ შუკვანის (60) გვარ-სახელიც ამოვიკითხე.

როგორც ჩანს, სპორტსმენმა და პეტერ ზაიზენბახერმა მაინც მიაღწიეს საწადელს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ფალავანი საბოლოოდ დავკარგეთ.

შუკვანმა იქ გადასვლა დიდი ხნის წინ ამოიჭრა გულში, რასაც დიდი ბიძგი ლონდონის ოლიმპიადაზე მომხდარმა, ბოლომდე ჯერაც გაურკვეველმა ინციდენტმაც მისცა, როცა პოლიტიკურ ინტრიგებში გახლართული სპორტსმენი
იძულებული გახდა, ნაადრევად დაეტოვებინა ბრიტანეთი და სამშობლოში გამოპარულიყო.

თუმცა რიგი გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე მხოლოდ ამ ინციდენტშიც არ იყო - მაშინ აზერბაიჯანელებმა ბლომად ქართველ ძიუდოისტს მოხვიეს ხელი და ლამის მთელი სათადარიგო შემადგენლობის წაყვანა მოინდომეს.

"თანამედროვე ლეკიანობამ" ისეთი მასშტაბი მიიღო, საზოგადოებაში პროტესტმა ძალუმად იფეთქა - აქეთ საქართველოს ძიუდოს ხელმძღვანელობა, იქით კი სპორტის სამინისტრო აცხადებდნენ, რომ ამ თემაზე აზერბაიჯანულ მხარესაც მოელაპარაკნენ და მიგრაცია შეწყდებოდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განგვიცხადა, რომ პირადად შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და შეთანხმდნენ, არ დაეშვათ სპორტსმენთა მიტაცება.

ცხადია, ამ თემაზე საუბრისას ყველაზე აქტუალური შუკვანის საკითხი იყო და კონკრეტულად მასზე ვიღებდით დამაიმედებელ პასუხს.

ახლანდელი ინფორმაციაც სწორედ ამიტომ იყო შემოლაწუნება. შუკვანმა შარშანწინ, აგვისტოში ოლიმპიადაზე იჭიდავა საქართველოს სახელით, იმის შემდეგ კი შარშან, სეზონის დასაწყისში პარიზულ "მუზარადზეც" გამოვიდა, ანუ მას ჩვენი სახელით ორწლიანი წყვეტა არ აქვს, ასეთ პირობებში კი ვერც ჩვენი ფედერაციის უნებართვოდ წავიდოდა სადმე და ვერც ხელმძღვანელი სპორტული ორგანიზაციების თანხმობის გარეშე.

ძაღლის თავიც აქაა დამარხული - როგორც ჩვენი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, შუკვანს წასვლის ნება ფედერაციის აღმაკომმა მისცა, თუმცა თვითონ პირადად ამის წინააღმდეგი იყო.

გვინდა, თავად აღმასკომსაც მივმართოთ - რატომ აძლევენ წასვლის ნებას საჭირო სპორტსმენებს?

არგუმენტად არ გამოდგება, შუკვანს თავად უნდოდა წასვლაო. ხვალ ლაშა შავდათუაშვილს რომ შესთავაზოს ვინმემ უფრო მეტი, იმასაც გაუშვებენ? თუმცა ქევხიშვილმა დაგვაიმედა, რომ აღმასკომი მსგავს საკითხს მეტად აღარ განიხილავს...

ვიცით, რომ შუკვანი ზემდგომ ინსტანციებთან მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ზემოხსენებული ნებართვის მისაღებად.

გვესმის, რომ ძნელია, დააკავო ადამიანი, როცა მას მტკიცედ უნდა სხვაგან წასვლა (მოარული ხმებით, ზემოხსენებულ ინციდენტზე მეტად მისი მოტივაცია ბარაქიანი ფინანსური წინადადებით იყო განპირობებული - ამბობენ, თვეში 3000-ევროიან ხელფასს ჰპირდებიანო), მაგრამ კომპენსაცია მაინც ხომ უნდა მივიღოთ.

საქართველომ დიდი შრომა გასწია შუკვანის ამ დონემდე მისაყვანად, ასეთი რანგის სპორტსმენად ჩამოსაყალიბებლად და ახლა ამის საზღაური რატომ არ უნდა მიიღოს?!

ბუნებრივია, წინააღმდეგი არ ვართ, შუკვანმა ან ნებისმიერმა სხვამ თავისი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოს, თუნდაც უცხოეთში წასვლით (სხვა თუ არაფერი, ასეა წასული მთელი ქვეყანა), მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია - ღირსებაში, რომელიც არ უნდა დაკარგო.

საქმეც ამაშია, თორემ ერთი კონკრეტული სპორტსმენის, თუნდაც შუკვანზე ბევრად ტიტულოვანის წასვლას სულაც არ ვაიგივებთ არათუ ქვეყნის ხერხემალთან, ერთ რიგით მალასთანაც კი, ამან მთელი ძიუდო, მთელი სპორტი რომ ჩამოგვიშალოს.

ისიც სამწუხაროა, რომ ჩვენში სამშობლო ბევრს ჯერაც ღამის გასათევი სადგური ჰგონია.

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის სიტყვებსაც შევახსენებთ მომავალ თაობას, წასვლის მსურველ ასე გაჯიქებულ სპორტსმენს რომ მიახალა, სამშობლოს არ ევაჭრებიანო...

ერთი სიტყვით, ამ კონკრეტული ფაქტის უკან ბევრი მანკიერების სათავე იმალება, რაც ზოგად ტენდენციაში გადადის და სცილდება შუკვანის კონკრეტულ პრობლემას.

ბოლო-ბოლო, როდემდე ვუყუროთ, საქართველოდან წასული მწვრთნელები დასტა-დასტად როგორ აყოლებენ ხელს ნიჭიერ სპორტსმენებს სხვა ქვეყნებში და ჩვენს წინააღმდეგ ზრდიან? ზაიზენბახერი არც პირველია და თუ ასე გაგრძელდა, არც ბოლო იქნება. ან ეს რა მიდგომაა, რომელიმე წონაში ერთი მაღალი დონის ფალავანი თუ გვყავს, სხვა აღარ გვინდა?

შუკვანზეც ასე გაისმოდა ამ თვეებში, ამირან პაპინაშვილი ხომ გვყავს, რაღა გვადარდებსო!

პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია, ანუ შუკვანზე უფრო ტიტულოვანი, მართლაც კარგი სპორტსმენი, მაგრამ ორი გვყავდეს, განა გვაწყენს? ძლივს ისეთი წესი შემოიღეს, ევროპა-მსოფლიოზე ერთ წონაში ორი კაცის გაყვანა შეიძლება და გამოვიყენოთ ეს შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
კი მაგრამ რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რა შუაშია ლეკიანობა? ფული ყველაფერი ხომ არ არის ხალხნო, რა უჭირს ბეთქილ შუკვანს ან მისნაირებს იმისთანა, რომ აზერბაიჯანის სახელით გამოვიდნენ ფულის გამო? მოკლედ, რა სულმოკლეც ყოფილა ბეთქილი, აგერ გამოჩნდა. ნაციონალებს ვეღარ დააბრალებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს უკანასკნელნი უკვე წელიწადნახევარია ხელისუფლებაში აღარ არიან და წესით აღარავინ უნდა "აწუხებდეს" საქართველოში.
Maxo
11:25 14-01-2014
0
ჭკვიანი კაცის ნათქვამია "ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებაო". საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამაზეა აწყობილი. რაც კი ბრძოლები აქვს წაგებული ჩვენს სამშობლოს, სწორედ შიდა გამცემების და მოღალატეების ხარჯზე. სწორედ ამის კლასიკური მაგალითია ქართული სპორტის (ამ შემთხვევაში ძიუდოს) მაგალითები. პირველ რიგში რა თქმა უნდა თავად სპორტსმენმა გულშიც არ უნდა გაივლოს სამშობლოს გაცვლა სხვა ქვეყნის სახელზე მატერიალური სიკეთის გამო, ხოლო მეორე რიგში კი ფედერაციამ და სამინისტრომ, რომელთაც ყველანაირი ბერკეტი აქვთ, რომ ხელი შეუშალოს ამ ავი ზრახვების განხორციელებაში, არ უნდა დათმოს არაფერი, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ყველა ასეთი შემთხვევის დროს საქმე გვაქვს საკმაოდ მსუყე მატერიალურ დაინტერესებასთან არა მარტო სპორტსმენების, არამედ ფედერაციის და სამინიტროს ჩინოვნიკების მხრიდან. ასეა, რაფიელ ერისთავის სამშობლო, რადიკალურად განსხვავდება აზერბაიჯანელი შუკვანის და მისთანების "სამშობლოს"–აგან.
ვისთვის სამშობლო და ვისთვის "სამშობლო"
11:40 14-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული