სამხრეთკორეელი მსოფლიოს ჩემპიონი მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
იაპონელი და კორეელი სპორტსმენების პროფესიონალიზმზე ლეგენდები დადის, თუმცა მათზე ხშირად ისეთებს გაიგებ... საკუთარ მოსწავლეზე სექსუალური ძალადობისთვის ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში მასატო უჩიშიბას (66); შემოდგომაზე საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტებზე ფიზიკური ძალადობის, ანუ "დედოვშჩინისთვის" სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს იაპონიიდან შოჰეი ონოს (73); ახლა კი ჰაუპტვახტში ჩასვეს ცნობილი სამხრეთკორეელი ძიუდოისტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი კი ჩუნ ვანგი (73).

ამჯერად მიზეზი არანაირი ძალადობა არაა, მაგრამ მეტად პროზაული კია - ის ჯარში სამსახურის პერიოდში მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის დაისაჯა.
თურმე კორეაში სამხედრო სამსახურის გავლა ყველა სრულწლოვან მამაკაცს ევალება, დამსახურებისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

მსგავსი მესიჯი ვანგს 10 დეკემბერს მისვლია და ქალაქ ნონსანშიც გამოცხადებულა სამხედრო ცენტრში, ის ტელეფონიც ჩაუბარებია, მაგრამ რამდენიმე კვირაში, შემოწმებისას აღმოუჩენიათ, რისთვისაც ორკვირიანი ჰაუპტვახტი გამოუწერეს.

"კანონი ყველასათვის ერთია და ვანგისთვის გამონაკლისს ვერ დავუშვებდით, მისი სპორტული წარმატებების მიუხედავად
" - განაცხადა იქაური თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

საახალწლოდ მსოფლიო ძიუდოში სხვაც მოხდა არასასურველი ამბები. კერძოდ, დოპინგზე ჩავარდა ორი ცნობილი სპორტსმენი - ბელგიელი ქალი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ჩარლინე ვან სნიცკი (48), იანვარში კი მისი ბედი მოლდოვიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაქცეულმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა სერგიუ ტომამ (81). ორივე ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ამათგან ჩვენთვის უფრო საყურადღებო ტომას დასჯაა - ვერ ვიტყვით, რომ ის ავთანდილ ჭრიკიშვილის ან რომელიმე ჩვენებურისთვის უხერხული მეტოქეა. ის ჭრიკიშვილს პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე არც შეხვედრია, სხვებთან კი 5-დან 4 შეხვედრა წაუგია, მაგრამ არც იმდენად სუსტია, სათვალავიდან საერთოდ ამოვაგდოთ.

სულაც არ ვამართლებ ქართველ სპორტსმენთა უდისციპლინობას - ეს წერილი არ იწერება მაგ განზრახვით, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და თავქარიანობა მარტო ჩვენებურთა ხვედრი არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული