ლიპარტელიანი შუკვანზე: ქართველი საქართველოს სახელით უნდა ჭიდაობდეს!

AutoSharing Option
არამხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს, ვალერი ლიპარტელიანი უკვე "ევრაზიის" ჩემპიონიც არის.

გასულ კვირას ტიუმენში ძიუდოსთვის უჩვეულო ტურნირი გაიმართა - ევროპა აზიის წინააღმდეგ! ქალთა და მამაკაცთა ტურნირები პარალელურად ჩატარდა და არც გენდერული თანასწორობა დარღვეულა - ქალებიც და ვაჟებიც ტატამზე 7-7 წონით კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილნი.

შვიდიდან ორ წონაში ევროპელთა ღირსებას ჩვენებურები იცავდნენ - საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვალერი ლიპარტელიანი (90კგ).

წესით, ქართული "დესანტი" კიდევ უფრო შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ორგანიზატორებს შვიდ წონაში სამი ქართველი მეტისმეტად
ებევრათ და... ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მძიმეწონიანი ადამ ოქრუაშვილი რუსი ალექსანდრ მიხაილინით შეცვალეს.

საბოლოოდ, ევროპელებმა დიდი უპირატესობით (10:4) იმარჯვეს, საერთო ყულაბაში კი მხოლოდ ერთი ქართული ქულა "ჩაჩხრიალდა": ჭრიკიშვილი უზბეკ იმამოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი სამხრეთკორეელ მსოფლიო ჩემპიონ კიუ-ვონ ლეეს აჯობა.

ევროპის, მსოფლიოს და ევრაზიის ჩემპიონთან ინტერვიუ სწორედ ტიუმენური შთაბეჭდილებებით დავიწყეთ:

- ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი გახლდათ. არც ორგანიზება დაეწუნებოდა და ძლიერმა შემადგენლობამაც მოიყარა თავი როგორც ევროპის, ისე აზიელთა მხრიდან. კონტინენტის ნაკრებში მოხვედრა სპორტსმენისთვის დიდი პატივია. მით უმეტეს, როცა ამას გამარჯვებაც ემატება...

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თავი ტურნირის ერთ მონაწილესაც კი არ დაუზოგავს! საქმეს ყველა სერიოზულად მიუდგა და ევროპა-აზიის დაპირისპირებას მხოლოდ შოუს სახე ნამდვილად არ ჰქონია. შედარებით უჩვეულო ის გახლდათ, რომ თითოეულ მონაწილეს ტურნირზე მხოლოდ ერთი ორთაბრძოლის გამართვა უწევდა. ფაქტობრივად, ფინალს ვჭიდაობდით და მაქსიმალურად ვიყავით მობილიზებულნი.

- შენს ორთაბრძოლას როგორ გაიხსენებ? როგორც მახსოვს, სამხრეთკორეელ მსოფლიო ჩემპიონ კიუ-ვონ ლეეს კარგა ხანია აღარ შეხვედრიხარ...
- 2008 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რომ შევხვდით ერთმანეთს, მას მერე ჩვენი გზები აღარ გადაკვეთილა. ლეე ძლიერი მოჭიდავეა, 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ასე რომ, იოლად ნამდვილად არ მომიგია, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვე და ევროპის ნაკრებს ქართული ქულითაც შევეწიე...

- კარგი იქნებოდა, ჭრიკიშვილსაც მოეგო, მაგრამ... ცხადია, რომ ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორს არის.
- 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის მოჭიდავეებს მეტი მოძრაობა, სისწრაფე მოეთხოვებათ. წლის პირველი შეკრება ბაკურიანში გავიარეთ. ძირითადად, ფიზმომზადებაზე ვაკეთებდით აქცენტს და ნაკრების დანარჩენი წევრების მსგავსად, საუკეთესო ფორმისგან ჯერ "ჩირიკაც" (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.) შორს არის. ამის მიუხედავად, უპირატესობას მაინც ფლობდა.

სამწუხაროდ, გდება გაეპარა და მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. სპორტია, ხდება ხოლმე, თორემ ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ და მაშინ ავთომ აჯობა.

- თავდაპირველად ევროპის ნაკრებში ადამ ოქრუაშვილიც დასახელდა, თუმცა, საბოლოოდ, მძიმე წონაში მის ნაცვლად მიხაილინი აჭიდავეს...
- ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, მიხაილინი უკვე ასაკოვანია, ხვალ-ზეგ კარიერას დაასრულებს და რადგან ტურნირი რუსეთში იმართებოდა, ადამის ნაცვლად, ორგანიზატორებმა სწორედ მას მისცეს ჭიდაობის შესაძლებლობა.

- ევროპის ნაკრებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ეს რისი დამსახურებაა?
- აზიელებს მამაკაცებშიც და ქალებშიც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ და ასეთი ანგარიშით გამარჯვება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. თუმცა ტურნირს ევროპამ უმასპინძლა და როგორც ჩანს, ამის გამო ევროპელები უფრო მობილიზებულები ვიყავით.

- რას ამბობენ, ევროპა-აზიის დაპირისპირება ტრადიციული ტურნირი გახდება?
- როგორც რუსეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ეციო გამბამ გვითხრა, ევროპისა და აზიის დაპირისპირება 1985 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. ორგანიზატორებს ნამდვილად აქვთ სურვილი, ტურნირი ტრადიციული გახდეს, მაგრამ რადგან ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ამბობენ. თუ გაიმართება, ჩვენი მხრივ, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიჭიდავებთ ევროპის ნაკრებში...

- მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეშლი გონსალესთან წააგე. კუბელს დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებენ და თუ ბრალდება დაუმტკიცდა, ოქროს მედალი შენ გადმოგეცემა?
- დოპინგის გამოყენებას არც თავად გონსალესი უარყოფს, ოღონდ ირწმუნება, რომ აზერბაიჯანული შეკრებისას იქაურმა ექიმმა "შეაპარა" აკრძალული პრეპარატი. არ ვიცი, დაიჯერებს თუ არა ამ ვერსიას ანტისადოპინგო სააგენტო, მაგრამ ჯერჯერობით საქმის ძიება არ დასრულებულა. რაც შეეხება ოქროს მედლის ჩემთვის გადმოცემას, სანამ ანტისადოპინგო სააგენტოს საბოლოო ვერდიქტი არ გახდება ცნობილი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

- უკვე ცნობილია, რომ პარიზის "დიდ სლემზე", 90 კილოგრამში ჩვენგან შენ და ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებთ. როგორ ფიქრობ, ბექა უფროსების ტურნირებზეც ისევე წარმატებით იასპარეზებს, როგორც ახალგაზრდებში?
- ბექა ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ძიუდოისტია და თავის ასაკში ყველა ტურნირი დამაჯერებლად მოიგო. მისი წარმატება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან წონაში ძლიერი კონკურენტი მეყოლება და მოდუნების შესაძლებლობას არ მომცემს - ჩემპიონები ხომ კონკურენციაში იბადებიან!

- თავად მითხრა - ლიპოსთან საჭიდაოდ ჯერ მზად არ ვარო... შენ რას იტყვი?
- მზადების დროს ერთმანეთის წინააღმდეგაც გვიჭიდავია, მაგრამ ვარჯიში ერთია, ტურნირს კი სხვაგვარი დატვირთვა აქვს.

ბექა დღითიდღე უმატებს და დარწმუნებული ვარ, წარმატებას უფროსებშიც მიაღწევს. მით უმეტეს, 90 კილოგრამი ჩვენთვის ტრადიციულად წარმატებული წონითი კატეგორიაა - ზვიადაური და ცირეკიძე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, წარმატებები მეც მაქვს. იმედია, ტრადიციას ბექა ღვინიაშვილიც გააგრძელებს!

- ახლახან ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს ფედერაციამ გურამ თუშიშვილი და ლაშა ტაველური რეჟიმის დარღვევისთვის (გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ძიუდოისტები შეკრებაზე ნასვამები გამოცხადდნენ. ამისთვის თუშიშვილი ერთწლიანი, ტაველური კი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. - ავტ.) მკაცრად დასაჯა. არადა, გვეგონა, რომ საქართველოს ნაკრებში ასეთი რაღაცები აღარ ხდება.
- ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რადგან დაზუსტებით არ ვიცი, რა მოხდა, ბევრს ვერაფერს გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, როგორც გავიგე, სერიოზული დარღვევა არ ყოფილა და იმედი მაქვს, სასჯელს შეუმსუბუქებენ. ორივე ძალიან კარგი სპორტსმენია და დარწმუნებული ვარ, შეცდომა მათი ასაკის ბრალია.

Sportall.Ge- კიდევ ერთ არასასიამოვნო თემაზე გკითხავ - ბეთქილ შუკვანის აზერბაიჯანის ნაკრებში გადასვლაზე რას იტყვი?
- ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა... ქართველი საქართველოს სახელით უნდა ჭიდაობდეს, მაგრამ ამავდროულად, ისეთი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეს, სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობის სურვილი რომ არ გაუჩნდეს.

- მაგრამ მეტ-ნაკლებად ხომ ყველას ერთნაირი ანაზღაურება გაქვთ და გამოდის, ყველამ სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობაზე უნდა იფიქროთ?!
- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ყველა ადამიანი თავისებურად უყურებს ყველაფერს, ყველა ერთნაირად ხომ არ იფიქრებს და მოიქცევა?!

ალბათ, ბეთქილს თავისი მიზეზები ჰქონდა... ამ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. თუმცა კი, ვისურვებდი, ეს ფაქტი უკანასკნელი ყოფილიყოს ქართული სპორტის ისტორიაში...

- შარშან პარიზის ტურნირის ჩემპიონი გახდი და საფრანგეთის დედაქალაქში წელსაც ფავორიტის რანგში მიდიხარ...
- ერთი შეკრება უკვე გავიარეთ, თუმცა ბაკურიანში, უმეტესად, ფიზმომზადებაზე ვაკეთებდით აქცენტს. პარიზში გამგზავრებამდე რამდენიმე დღე თბილისში მოვემზადებით და ტექნიკურ და ტაქტიკურ ელემენტებზე ვიმუშავებთ.

საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება ყოველთვის გვიჭირდა, ქართველთაგან ეს მხოლოდ რამდენიმე ძიუდოისტმა მოახერხა და მინდა, შარშანდელი ტრიუმფი წელსაც გავიმეორო. თავს არ დავზოგავ, ტიტულის შენარჩუნება რომ მოვახერხო, დანარჩენი კი პარიზის ტატამზე გამოჩნდება...

- როგორ ფიქრობ, ქართული ძიუდოსთვის 2014 წელი შარშანდელივით წარმატებული იქნება?
- გუნდურში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები გავხდით და შევეცდებით, ტიტულები წელსაც შევინარჩუნოთ. რაც შეეხება პირად ჩათვლას, თუ უფალიც ინებებს, ვეცდები, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებული ვერცხლის მედლები ოქროთი შევცვალო!

ესაუბრა რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
თანამედროვე ლეკიანობა - ბეთქილ შუკვანი აზერბაიჯანის ნაკრებში წავიდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
იცით რას გეტყვით სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი რომ იქნება,ისიც ნაციონალების ძმსკაცი,როგორ არ უნდა წახვიდე სადაც უკეთესად გრძნობ თავს,მითუმეტეს თუ მიიწვიეს?სპორტი დროებითია ასე რომ დრო არ უნდა დაკარგოს სპორცმენმა.ასე რომ ლიპო სვანზე რაცარუნდა იყოს მაინც კაი უნდა თქვა,თუ ძან გაწუხებს მაგ საქმე შუკვანისთვის უნ გეთქვა და არა ჟურნალისტებიდთვის.შენ შენს თავს მიხედე რა???
svani
01:28 31-01-2014
0
*** კაცმა თავისი გადასაწყვეტი გადაწყვიტა, რა გინდათ და რას იღრინებით, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა, ჩვენ მივხედოთ ჩვენ ცხოვრებას... სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ არი ძნელი, მაგრამ ჩვენ რას გააკეთებდი იმის ადგილზე კაცმა არ იცის.
PARFIUMER
09:21 31-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული